ამსტერდამი/AMSTERDAM
არხების, ხელოვნებისა და თავისუფლების ქალაქი

წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც არხების ხმაური მანქანების ხმაურს ანაცვლებს, ადამიანები ველოსიპედებით გადაადგილდებიან და ძველი შენობების ფონზე თანამედროვე ცხოვრება მშვიდად მიედინება. ეს ამსტერდამია, ნიდერლანდების განსაკუთრებული ქალაქი, სადაც ისტორია, ხელოვნება და თავისუფალი აზრი ერთ სივრცეში იყრის თავს.
დიდი ხნის წინ, XII საუკუნის ბოლოს, იქ, სადაც დღეს ამსტერდამია, პატარა სოფელი იყო. ეს გახლდათ მეთევზეების დასახლება, რომლებიც მდინარე ამსტელზე ცხოვრობდნენ. აქ ხალხი დამბებს (კაშხალს) აშენებდა რათა წყალდიდობა თავიდან აერიდებინათ. ქალაქის დღევანდელი სახელი, სწორედ ამსტელის მდინარეზე აგებულ კაშხალს უკავშირდება.
ამსტერდამი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა XVII საუკუნეში, ე.წ. „ჰოლანდიის ოქროს ხანაში“, როდესაც ქალაქი მსოფლიო ვაჭრობის, ხელოვნებისა და მეცნიერების ცენტრი იყო. იმ პერიოდში აშენდა ამსტერდამის ცნობილი არხები, რომლებიც დღემდე ქალაქის მთავარი სიმბოლოა. სწორედ ეს არხები განაპირობებს ამსტერდამის შედარებას ვენეციასთან და ხშირად მას „ჩრდილოეთის ვენეციასაც“ უწოდებენ. ამსტერდამის არხების ქსელი, რომელიც უნიკალურ ქალაქგეგმარებას ქმნის „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.
არქიტექტურული თვალსაზრისით, ამსტერდამი გამორჩეულია თავისი ვიწრო და მოგრძო სახლებით, რომლებიც არხების გასწვრივ მდებარეობს. ეს სახლები ძირითადად XVII და XVIII საუკუნეებშია აშენებული და ქალაქის იდენტობის ნაწილია. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ამსტერდამის ისტორიული ცენტრი, რომელიც სავსეა ძველი შენობებით, ეკლესიებით, მუზეუმებითა და მოედნებით.
ამსტერდამი ცნობილია როგორც პროგრესული და ლიბერალური ქალაქი, რომელიც ყოველთვის მიესალმებოდა თავისუფალ აზროვნებას, ტოლერანტობასა და კულტურულ მრავალფეროვნებას. ეს არის ერთ-ერთი პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომელმაც დააკანონა ისეთ საკითხებზე თავისუფალი პოლიტიკა, როგორიცაა მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება, სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა და ევთანაზია.
ამსტერდამი ასევე ცნობილია ველოსიპედების კულტურით. ქალაქში მილიონზე მეტი ველოსიპედია რეგისტრირებული. ადგილობრივები მას ყოველდღიურად იყენებენ გადაადგილების ძირითად საშუალებად. ინფრასტრუქტურა ამ მხრივ მეტად მოწესრიგებულია, ველობილიკები ყველა ქუჩაზეა და ქალაქი მთლიანად ადაპტირებულია ველოსიპედისტებისათვის. ეს არა მხოლოდ ეკოლოგიური თვალსაზრისით მიღებული გადაწყვეტილებაა, არამედ ქალაქის ცხოვრების რიტმის ნაწილიც.
ქალაქი კულტურული თვალსაზრისით წარმოუდგენლად მდიდარია. აქ მდებარეობს არაერთი მსოფლიო დონის მუზეუმი, როგორიცაა რიქსმუზეუმი (Rijksmuseum), ვან გოგის მუზეუმი (Van Gogh Museum) და ანე ფრანკის სახლი. რიქსმუზეუმი მოიცავს ათასობით ექსპონატს, დაწყებული შუა საუკუნეების რელიგიური ხელოვნებიდან, დამთავრებული ჰოლანდიური ოქროს ხანის შედევრებითა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით. ანე ფრანკის სახლი კი მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული მემკვიდრეობაა და მნახველს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ შეეხოს ისტორიულ რეალობას.
ამსტერდამი ასევე გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული ტურისტული მიმზიდველობით, რაც მრავალი მი ზეზითაა განპირობებული. პირველ რიგში, ქალაქს აქვს უნიკალური ატმოსფერო, რომელიც აერთიანებს ისტორიულ არქიტექტურას და თანამედროვე ურბანულ კულტურას. ეს არის ქალაქი, სადაც თავს შინაურულად გრძნობ, მაგრამ მუდმივად აღმოაჩენ რაღაც ახალსა და განსხვავებულს — ნავით არხებზე გასეირნება, განსაკუთრებით გაზაფხულზე ან ზაფხულის საღამოს, შეუდარებელი გამოცდილებაა.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ამსტერდამი ტურისტულად მიმზიდველია, მისი ღია, ტოლერანტული და მეგობრული ატმოსფეროა. ქალაქი მუდამ მიესალმებოდა უცხოელ სტუმრებს, რაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციაა. დღესაც, ამსტერდამი უსაფრთხო და კეთილგანწყობილი ქალაქია, სადაც ტურისტი თავს დაცულად გრძნობს, იქნება ეს ქუჩაში სიარულისას, ღამის ცხოვრების აღმოჩენისას თუ ადგილობრივებთან ურთიერთობის დროს.
ამსტერდამის ტურისტულ მიმზიდველობაში ღამის ცხოვრებას განსაკუთრებული როლი აქვს. ქალაქში არის უამრავი ბარი, კლუბი და ლაივ მუსიკის სცენა, რომლებიც არა მხოლოდ ადგილობრივებს, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ სტუმრებსაც იზიდავს. ამსტერდამი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი მთავარი ელექტრონული მუსიკის ცენტრი ევროპაში. წითელი ფანჯრების კვარტალი (Red Light District) ქალაქის ერთერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ზონად რჩება.
ამსტერდამი ბუნების მოყვარულთათვისაც საუკეთესო არჩევანია. ქალაქში არაერთი პარკია. მათ შორის, ყველაზე ცნობილი — ვონდელპარკი (Vondelpark).
ამსტერდამი ტურისტებისთვის შესანიშნავი ქალაქია. აქ ერთმანეთთან შერწყმულია მდიდარი კულტურა, თავისუფლება, ესთეტიკა და თანამედროვე ურბანული სტილი. ალბათ, სწორედ ეს ადამიანური სიმშვიდე და ღიაობა ქმნის ისეთ ატმოსფეროს, სადაც ერთხელ ვიზიტი ამსტერდამში არასოდესაა საკმარისი.






