Georgian Airways ჟურნალი ENG
ღვინო

ღვინოების მეფე – ოჯახური მემკვიდრეობა

ღვინოების მეფე – ოჯახური მემკვიდრეობა

ინტერვიუ Marchesi di Barolo-ს წარმომადგენელ ვალენტინა აბონასთან – მეღვინეობის 100-წლიანი ოჯახური ისტორიის, ცვალებად კლიმატთან ადაპტაციისა და იმის შესახებ, თუ რატომ არის შრომა თავისთავად ღირსება.

ადგილი, სადაც ბაროლო დაიბადა

იტალიის პიემონტის რეგიონში, ლანგეს გორაკებს შორის მდებარე ბაროლო ღვინოა, რომლის განსაკუთრებულობას მის რეპუტაციასთან ერთად მისი შეზღუდული წარმოებაც განსაზღვრავს. DOCG-ის ზონა ალბას სამხრეთით მდებარე თერთმეტ სოფელში დაახლოებით 2 200 ჰექტარს მოიცავს, თუმცა აქ მოყვანილი ნებიოლოს ყურძნისგან დამზადებული ღვინოები იტალიის ყველაზე სახელგანთქმულ წითელ ღვინოებს შორისაა და მას ხშირად „მეფეთა ღვინოს, ღვინოების მეფეს“ უწოდებენ. ნიადაგი ერთი კომუნიდან მეორემდე საგრძნობლად იცვლება – ლა მორასა და თავად ბაროლოს მიდამოების უფრო ქვიშიანი, არომატული ნიადაგიდან სერალუნგა დ’ალბასა და მონფორტეს უფრო მკვრივ და სტრუქტურულ ნიადაგამდე. სწორედ ეს მრავალფეროვნება ანიჭებს ერთმანეთის მეზობლად მდე ბარე ვენახების ღვინოებსაც კი განსხვავებულ ხასიათს.

Marchesi di Barolo ამ ისტორიის შუაგულში დგას. ქალაქ ბაროლოში მდებარე მისი მარნები მიიჩნევა ადგილად, სადაც XIX საუკუნის პირველ ნახევარში, მარკიზა ჯულია ფალეტის დროს, პირველად შეიქმნა ბაროლო ისეთი სახით, როგორიც დღეს ვიცით – მშრალი და ხანგრძლივი დაძველების უნარის მქონე ღვინო, ნაცვლად ტკბილი და მსუბუქად ცქრიალა ღვინისა. 1929 წლიდან მამულს აბონას ოჯახი ფლობს. სწორედ ამ წელს პიეტრო აბონამ ისტორიული მარნები თავის ძმა ერნესტოსა და დებთან, მარინა და ჩელესტინა აბონებთან ერთად შეიძინა. დღეს მამულს მეხუთე თაობის მეღვინეები, ერნესტო და ანა აბონები, თავიანთ შვილებთან, ვალენტინასა და დავიდესთან ერთად მართავენ. ისინი ოჯახის მეექვსე თაობას წარმოადგენენ, რომელიც ამ საქმეს აგრძელებს.

ვალენტინა აბონა ვიდეოზარს რთველის შუაგულიდან უერთდება. მის უკან ტრაქტორები მოძრაობენ და დაკრეფილ ყურძენს ტვირთავენ. Marchesi di Barolo-ში 2026 წლის რთველის მეოთხე კვირაა: თეთრი ჯიშები, დოლჩეტო და ბარბერა უკვე დაკრეფილია, ნებიოლოს – ყურძნის, რომლისგანაც ბაროლო მზადდება – რთველი კი ახლა იწყება. ცოტა ხანში ვალენტინა ოფისში გადადის, რათა მშვიდად ვისაუბროთ, თუმცა ინტერვიუსთვის შერჩეული ეს მომენტი განსაკუთრებით შესაფერისი ჩანს იმ მამულისთვის, სადაც შრომა და ოჯახის ისტორია ყოველთვის ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული.

თქვენი ოჯახი Marchesi di Barolo-ს 1929 წლიდან ფლობს. რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი მემკვიდრეობა? ეს ერთდროულად პრივილეგიაცაა და პასუხისმგებლობაც. ჩემმა დიდმა ბაბუამ მამული 1929 წელს თავის ძმასა და ორ დასთან ერთად შეიძინა. მას შემდეგ ჩვენს ოჯახში თაობიდან თაობას ერთი ფრაზა გადაეცემა. ის ჩემი დიდი მამიდებისგან მოდის, რომლებიც მამულის პირველი წლების ვალების დასაფარად თავდაუზოგავად შრომობდნენ და ამავდროულად სხვა სამუშაოებსაც ასრულებდნენ: „შრომა ღირსებას განიჭებს.“ ეს აზრი მას შემდეგ ყოველთვის ჩვენთანაა. გვახსენებს, რომ ყველაფერი, რაც დღეს გვაქვს, დიდი შრომითა და თავდადებით შეიქმნა და ჩვენც ვალდებული ვართ, იგივე სულისკვეთება მომავალ თაობებს გადავცეთ. ეს მიდგომა დღემდე განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას მამულისა და საქმის მიმარ დღეს თქვენ და თქვენი ძმა დავიდე მამულს მშობლებთან ერთად მართავთ. რით განსხვავდება ეს წინა თაობების გამოცდილებისგან?** მამაჩემმაც და ბაბუაჩემმაც მამები ახალგაზრდობაში დაკარგეს, ამიტომ მათ მამულის მართვის პასუხისმგებლობის აღება იმ გამოცდილებისა და რჩევების გარე შე მოუწიათ, რომელსაც მამებისგან მიიღებდნენ. მე და დავიდე სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ. გვაქვს შესაძლებლობა, მშობლებთან, ერნესტოსა და ანასთან ერთად ვიმუშაოთ, მათგან ვისწავლოთ და თანდათან უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე.

ვფიქრობ, ასეთი უწყვეტობა ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე თაობის ოჯახურ ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, ბიზნესის განვითარებასთან ერთად, ოჯახის ერთიანობის შენარჩუნებაა. ჩვენთვის სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ერთად მუშაობა, ერთმანეთისგან სწავლა და იმის უზრუნველყოფა, რომ ოჯახი ყოველთვის თავად ბიზნესზე ძლიერი იყოს.

წლევანდელი რთველი საკმაოდ ძლიერ სიცხეს დაემთხვა. როგორ უმკლავდება დავიდე ამას ვენახში? ნალექიანმა ზამთარმა ნიადაგში ტენის კარგი მარაგი დატოვა, რაც ვაზს ცხელი და მშრალი ზაფხულის პირობებში დაეხმარა. 7 აგვისტოს მოსული წვიმა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რთველამდე დარჩენილ გადამწყვეტ კვირებში ყურძნის ხარისხის შესანარჩუნებლად.

ძლიერი სიცხისგან ვაზის დასაცავად ჩემმა ძმამ, დავიდემ, ვენახში რამდენიმე ხელით შესასრულებელი მეთოდი დანერგა. ვაზის მზისკენ მიმართულ მხარეს ფოთლები დავტოვეთ, რათა ბუნებრივი ჩრდილი შეგ ვექმნა, განსაკუთრებით სამხრეთისა და დასავლეთისკენ მიმართულ ვენახებში, სადაც ვაზი დილის მზის ზემოქმედების ქვეშაა. ბალახიც მაქსიმალურად მაღალი დავტოვეთ, რაც ნიადაგის სიგრილის შენარჩუნებასა და ვაზზე სიცხის ზემოქმედების შემცირებაში გვეხმარება.

ეს მარტივი, პრაქტიკული მეთოდებია, მაგრამ ასეთ წელს მათ მართლაც მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა შეუძლიათ.

დღეს ერთი მოსავლისგან შვიდ განსხვავებულ ბაროლოს აწარმოებთ, მაშინ როცა ადრე მათი რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო. რამ განაპირობა ეს ცვლილება? ეს ჩვენი ცალკეული ვენახების უფრო ღრმა შესწავლას უკავშირდება. დროთა განმავლობაში ვისწავლეთ მათ შორის განსხვავებების ამოცნობა და საშუალება მივეცით თითოეულ მათგანს, საკუთარი ტერუარი გამოეხატა. სწორედ ამიტომ ვაწარმოებთ დღეს რამდენიმე განსხვავებულ ბაროლოს, თითოეული ღვინო კონკრეტული ვენახის ხასიათის წარმოსაჩენად იქმნება და არა უბრალოდ ერთიანი სტილის შესანარჩუნებლად.

ამ მიდგომის ნაწილია დაძველების პროცესიც. თავდაპირველად ღვინოს ექვსიდან თორმეტ თვემდე მცირე ზომის ფრანგული მუხის ბარიკებში ვაჩერებთ, ძირითადად ჟანგბადთან ურთიერთქმედებისა და ფერის სტაბილურობის ხელშესაწყობად. შემდეგ ღვინო უფრო დიდ, ნეიტრალურ კასრებში გადაგვაქვს, სადაც ის დაძველებას ისე აგრძელებს, რომ ხის არომატი ღვინის საკუთარ ხასიათს არ ფარავს.

ამ ცვლილების მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ თითოეულ ვენახს საკუთარი ხასიათის გამოვლენის საშუალება მივცეთ და ყველა ბაროლოს ერთნაირი გემო არ ჰქონდეს.

ხშირად ამბობენ, რომ ახალგაზრდა თაობა ღვინით ისე აღარ ინტერესდება, როგორც წინა თაობები. გაწუხებთ ეს? ვფიქრობ, სანამ ცოდნა და კულტურა იარსებებს, ღვინოსაც ყოველთვის ექნება თავისი ადგილი. ღვინო სწორედ იმიტომ არის ასეთი საინტერესო, რომ უამრავ განსხვავებულ სფეროს აერთიანებს: გეოგრაფიას, ისტორიას, ქიმიასა და ხელოვნებას. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ღვინო თავადაც ხელოვნების ფორმაა – ის, რასაც ადამიანი შეიძლება თავისებურად დაუკავშირდეს, გაუგოს და დააფასოს.

ღვინო ყოველთვის ჩვენი კულტურული ისტორიის ნაწილი იყო. ძველი ბერძნებიდან დღემდე ის გვხვდება ლიტერატურაში, პოეზიაში, ფერწერაში, რიტუალებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. გავიხსენოთ ღვინის როლი ისტორიის განმავლობაში, რელიგიური ცერემონიებიდან მეფეებისა და იმპერატორების სუფრებამდე, ან ის, თუ როგორ ასახავდნენ მას ხელოვანები თავიანთ ნამუშევრებში. ღვინო ყოველთვის ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სასმელი. ის იმ გზის ნაწილი იყო, რომლითაც საზოგადოებები საკუთარ თავს გამო ხატავდნენ და მათ გარშემო არსებულ სამყაროს აღიქვამდნენ.

ალბათ სწორედ აქ არის ღვინის ინდუსტრიის მთავარი გამოწვევაც. როდესაც კონკურენცია ზედმეტად კომერციული ხდება და ბაზარი უამრავი პროდუქტით ივსება, არსებობს საფრთხე, დაგვავიწყდეს, რა ანიჭებს რაიმეს ნამდვილ ღირებულებას. როცა ყველაფერი მარტივად ხელმისაწვდომია, უფრო რთული ხდება მისი უნიკალურობის, ისტორიისა და საბოლოოდ ღირებულების დაფასება.

გვიამბეთ Barolo Chinato-ზე. რა ისტორია აქვს მას და როგორ ჯობს მისი დაგემოვნება? ძალიან მიხარია, რომ ეს მკითხეთ, რადგან პიემონტის გარეთ Barolo Chinato-ს ძალიან ცოტა ადამიანი იცნობს. ჩვენთვის ეს ნამდვილი ადგილობრივი ტრადიციაა და მას, ჩვეულებრივ, ვახშმის შემდეგ მიირთმევენ. ტრადიციულად მას საჭმლის მონელების ხელშემწყობ თვისებებსაც მიაწერდნენ, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ცალკეც მიირთვათ, თუმცა მისგან დახვეწილი კოქტეილების მომზადებაც შეიძლება.

საფუძვლად ბაროლოს ღვინო გამოიყენება, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა ბალახის, ფესვისა და ყვავილის ალკოჰოლურ ნაყენს ურევენ. ეს ინგრედიენტები ნაყენში გარკვეული დროით რჩება, რათა მათი არომატი, გემო და თვისებები გამოიკვეთოს.

ისტორიულად Barolo Chinato თითქმის სამკურნალო სასმელადაც მიიჩნეოდა. მას, მაგალითად, გაციების დროს იყენებდნენ ან უბრალოდ ჭამის შემდეგ ტონიკის სახით მიირთმევდნენ. ალკოჰოლის დამატება მას ხანგრძლივად შენახვის შესაძლებლობასაც აძლევდა, გახსნილი ბოთლი რამდენიმე თვის განმავლობაში უპრობლემოდ ინახება.

გარკვეულწილად, Barolo Chinato ამაროსა და ვერმუტს შორის დგას. ამაროსთან მას ნაყენში გამოყენებული ბალახები, ფესვები და ყვავილები აკავშირებს, ხოლო ვერმუტის მსგავსად, მისი საფუძველიც ღვინოა. თუმცა ვერმუტისგან განსხვავებით, აქ საბაზისო ღვინო Barolo DOCG-ია, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ზედმეტმა მცენარეულმა ინგრედიენტებმა მისი ხასიათი არ გადაფაროს. ჩვეულებრივ, ოცზე მეტ სხვადასხვა ბალახსა და ფესვს არ ვიყენებთ, რადგან თავად ღვინო უკვე ძალიან კომპლექსური და გამომსახველია. მცენარეულმა ინგრედიენტებმა ღვინო უნდა შეავსოს და არა მისი გემო დაფაროს.

რაც შეეხება შეხამებას, Barolo Chinato შავ შოკოლადთან მართლაც შესანიშნავია. შოკოლადის სიტკბო და სიმწარე ღვინის კომპლექსურობასა და ნაყენის მცენარეულ ნოტებს კიდევ უფრო გამოკვეთს. ჩემთვის ეს შესანიშნავი საშუალებაა მსუბუქი დესერტის დასასრულებლად ან უბრალოდ ვახშმის დასაგვირგვინებლად.

თქვენი აზრით, როგორ უნდა მივირთვათ ერთი ჭიქა ბაროლო – როგორი ჭიქით, რა ტემპერატურაზე და რა დროს? უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი – კარგ საზოგადოებაში. სხვებთან გაზიარებული ღვინო ყოველთვის უფრო გემრიელია, ვიდრე მარტო დალეული. ეს იქნებოდა ჩემი პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა. რაც შეეხება შესაფერის დროს, ვფიქრობ, ეს თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული. კარგი ღვინის ბოთლის გახსნის უამრავი მიზეზი არსებობს, ზოგჯერ კი მიზეზი საერთოდ არ არის საჭირო. უბრალოდ უნდა მოგინდეს.

რაც შეეხება ჭიქას, დიდ ჭიქას გირჩევდით, რომელშიც ღვინოს საკმარისი სივრცე ექნება, რომ „ისუნთქოს“ და გაიხსნას. დღეს უკვე აღარ ვფიქრობ, რომ დეკანტაცია ყოველთვის აუცილებელია. თუ საკმარისად დიდი ჭიქა გაქვთ, მას გარკვეულწილად დეკანტერის ფუნქციის შესრულებაც შეუძლია და ღვინოს განვითარებისთვის საჭირო სივრცეს აძლევს.

ასევე გირჩევდით, არ იჩქაროთ. ბაროლო კომპლექსური ღვინოა და საკუთარი თავის გამოსავლენად დრო სჭირდება. ის თანდათან იცვლება, ჭიქიდან ჭიქამდე. თუ ბოთლს პირველი ჭიქიდან ბოლომდე მიჰყვებით, ნამდვილად იგრძნობთ, როგორ ვითარდება ღვინო მთელი საღამოს განმავლობაში. ჩემთვის ეს ბაროლოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვისებაა.

ტემპერატურასთან დაკავშირებით ადრე ამბობდნენ, რომ წითელი ღვინო ოთახის ტემპერატურაზე უნდა მიირთვათ. პირადად მე ბაროლოს ოდნავ გრილად, დაახლოებით 15–16°C-ზე მირთმევა მირჩევნია, რადგან საღამოს განმავლობაში ღვინო ჭიქაში ბუნებრივად თბება და თანდათან აღწევს ტემპერატურას, რომელზეც საკუთარ თვისებებს საუკეთესოდ ავლენს. თუმცა ზუსტ ტემპერატურაზე ზედმეტად არ გავამახვილებდი ყურადღებას. ყველაზე მნიშვნელოვანია მთლიანობაში მიღებული გამოცდილება – ღვინო, საკვები, გარემო და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანები, რომლებთან ერთადაც მას მიირთმევთ.

საკვებთან შეხამება კი კონკრეტულ ბაროლოზეა დამოკიდებული, მის სტრუქტურაზე, ასაკსა და კონკრე ტული მოსავლის თავისებურებებზე. ზოგადად, უფრო ძველი ბაროლო დახვეწილ და მსუბუქ კერძებს კარგად ერწყმის, ხოლო ახალგაზრდა და უფრო სტრუქტურული ბაროლო – შედარებით ნოყიერ და ინტენსიური გემოს მქონე კერძებს.

არის ისეთი კერძები, რომლებთანაც ბაროლოს შეხამებას არ გვირჩევდით? საკვების ძალიან ინდივიდუალური საკითხია. სიმართლე რომ გითხრათ, ანჩოუსი არ მიყვარს. ადამიანების უმეტესობას უყვარს, მე კი – არა. ამიტომ ჩემთვის ანჩოუსის შემცველი ნებისმიერი კერძი, ალბათ, მთელ გამოცდილებას გააფუჭებდა. თუმცა სწორედ ეს არის მთავარი, გემოვნებასთან დაკავშირებით აბსოლუტური წესები არ არსებობს.

ერთადერთი, რასაც ნამდვილად უნდა მიაქციოთ ყურადღება, ერთმანეთთან შეუსაბამო ზედმეტად ბევრი გემოს ერთდროულად არსებობაა. კერძმა ღვინო არ უნდა გადაფაროს და არც ღვინომ უნდა დაჩრდილოს კერძი. ისინი ერთმანეთს უნდა ერწყმოდეს და დაბალანსებულ გამოცდილებას ქმნიდეს.

ამასთან, ვფიქრობ, დღეს შეხამებების მიმართ გაცილებით გახსნილები გავხდით. ზოგჯერ ყველაზე საინტერესო და მოულოდნელი კომბინაციები სწორედ ტრადიციული წესების დარღვევისა და ცნობისმოყვარეობის შედეგად ჩნდება. ამიტომ არავის ვეტყოდი, რომ კონკრეტული საკვები აუცილებლად უნდა აირიდოს. პირიქით, ვურჩევდი, ექსპერიმენტები ჩაატაროს და თავად აღმოაჩინოს, რა მოსწონს.

რა არის ყველაზე დიდი მცდარი წარმოდგენა, რომელიც ადამიანებს ბაროლოს შესახებ დღემდე აქვთ? ვიტყოდი, რომ ეს ტემპერატურაა. წითელი ღვინის ბოთლისთვის ყინულის სათლი რომ მოვითხოვო, ალბათ ადამიანების უმეტესობა ისე შემომხედავს, თითქოს გავგიჟდი. თუმცა ბაროლოს ხშირად ზედმეტად თბილს მიირთმევენ და ეს მიღებულ შთაბეჭდილებაზე ნამდვილად მოქმედებს. ოდნავ გრილად მირთმევისას ღვინო უკეთ ავლენს თავის სიხალისეს, ბალანსსა და კომპლექსურობას.

კიდევ ერთი გავრცელებული მცდარი წარმოდგენაა, თითქოს ბაროლოს აუცილებლად ძალიან ნოყიერი ან მძიმე კერძი უნდა ახლდეს. ეს ყოველთვის ასე არ არის. ყველაფერი კონკრეტულ ბაროლოზეა დამოკიდებული – მის ასაკზე, სტრუქტურასა და მოსავლის თავისებურებებზე. ახალგაზრდა, უფრო ძლიერი ღვინო შეიძლება შესანიშნავად შეეხამოს ნოყიერ კერძს, ხოლო უფრო დაძველებული ბაროლო, მსუბუქ კერძთან საოცრად დახვეწილი აღმოჩნდეს.

როდესაც თქვენმა ოჯახმა მამული გადაიბარა, რეგიონში გაცილებით ნაკლები მეღვინე იყო. დღეს ღვინის სამყაროში არჩევანი თითქმის უსასრულოა. როგორ უყურებთ ამ ცვლილებას? ვფიქრობ, ეს საინტერესოა, რადგან ჩვენც მუდმივად ვსწავლობთ სხვებისგან. სასიამოვნოა იმის დანახვა, რამდენი შესაძლებლობა არსებობს და რამდენი ახალი რამ შეიძლება აღმოაჩინო: ახალი ღვინოები, განსხვავებული სტილები, ყურძნის ახალი ჯიშები, ახალი ტერუარები და ახალი შეხამებებ უფრო დიდი კონკურენცია მეღვინეობის ხარისხის განვითარებას უწყობს ხელს თუ, პირიქით, ბაროლოს მსგავსი რეგიონის უნიკალურობას ამცირებს?** ბაროლოს შემთხვევაში ვითარება სპეციფიკურია. ბაროლო ძალიან მცირე აპელასიონია. მთელ მსოფლიოში მხოლოდ დაახლოებით 2 000 ჰექტარი მიწაა, სადაც მისი წარმოება შეიძლება, რაც ყველა მწარმოებლის ჯამში წელიწადში დაახლოებით 14 მილიონ ბოთლს შეადგენს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად ღვინის ინდუსტრიაში კონკურენცია ნამდვილად არსებობს, კონკრეტულად ბაროლოს შემთხვევაში გაგვიმართლა და ამ ზეწოლას იმავე დონეზე არ ვგრძნობთ.

სინამდვილეში, ვფიქრობ, ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია. როდესაც სხვა რეგიონებში შესანიშნავ ღვინოებს აწარმოებენ, ეს მთლიანად ღვინის მიმართ ინტერესს ზრდის და საბოლოოდ უკეთ წარმოაჩენს იმასაც, რაც ბაროლოს უნიკალურს ხდის. ადამიანები აღმოაჩენენ, რომ ის განსხვავებული და გამორჩეულია.

ამას, რა თქმა უნდა, ვამბობ როგორც მწარმოებელი, რომელსაც გაუმართლა და ასეთ განსაკუთრებულ რეგიონში მუშაობს. ეს არ ნიშნავს, რომ ბაზრის დანარჩენ ნაწილზე მოქმედი გამოწვევებისგან მოწყვეტილი ვართ. ყველაზე მეტად ბაზრის დაბალი სეგმენტი გვაწუხებს, სადაც ხარისხი თავიდანვე, როგორც წესი, შედარებით დაბალია. ამ სეგმენტის მიმართ არსებულმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ შესაძლოა მთლიან ინდუსტრიაზეც იქონიოს გავლენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მედიაში სულ უფრო ხშირად ჩნდება სათაურები ღვინის ინდუსტრიის კრიზისისა და დაღმასვლის შესახებ.

ჩვენთვის საქმე მხოლოდ ბაროლოს არ ეხება. ასევე ვაწარმოებთ ბარბერას, დოლჩეტოსა და თეთრ ჯიშებს და გვჯერა, რომ ხარისხი მთელ ასორტიმენტში თანაბრად მაღალი უნდა იყოს. ჩვენს მიერ წარმოებული ყველა ღვინო, თუნდაც მარტივი Langhe Nebbiolo ან Barbera, ერთსა და იმავე სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ ერთ პრესტიჟულ ღვინოს არ ნიშნავს – ეს არის პრინციპი, რომელიც ყველაფერს გასდევს, რასაც ვაკეთებთ.

როგორ წარმოგიდგენიათ პიემონტის ღვინის ინდუსტრია მომდევნო ათწლეულში? იმედი მაქვს, ბაროლო კიდევ უფრო მყარად დაიმკვიდრებს თავის ადგილს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად „შემდეგი ბურგუნდია“ უნდა გახდეს და ფასებმა უკიდურესად მაღალ ნიშნულს მიაღწიოს. ვფიქრობ, ეს სულაც არ იქნებოდა კარგი, რადგან გვინდა, ადამიანებს ჩვენი ღვინოების მირთმევის შესაძლებლობა რეალურად ჰქონდეთ. მათი ფასი სამართლიანი უნდა იყოს – არც იაფი, მაგრამ არც მიუწვდომელი.

ასევე იმედი მაქვს, რომ პიემონტის ღვინოებს მეტი ყურადღება და ნდობა ექნება. სხვა ცნობილ ღვინის რეგიონებს არაფრით ჩამოვუვარდებით, ზოგჯერ უბრალოდ საკუთარ თავში ცოტა მეტი რწმენა გვჭირდება. სხვა რეგიონები შესაძლოა უფრო ცნობილი და თვალ საჩინო იყოს, მაგრამ თითოეულ რეგიონს საკუთარი იდენტობა და საკუთარი ადგილი აქვს მსოფლიოში.

საბოლოოდ, იმედი მაქვს, პიემონტისა და მისი ღვინოების ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება და რეგიონი მიიზიდავს ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად აფასებენ ბაროლოსა და ყველაფერს, რასაც ეს მხარე სთავაზობს.

საქართველოს ხშირად ღვინის სამშობლოს უწოდებენ და მას ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია აქვს. გაგისინჯავთ ქართული ღვინო და თუ კი, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ? ქართული ღვინო გამისინჯავს. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ მახსოვს რომელი ღვინო იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული კონკრეტულ კულტურასა და მეღვინეობის გამორჩეულ ტრადიციასთან, რომელიც ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც აქ გვაქვს. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ თითოეულ რეგიონსა და კულტურას შეუძლია საკუთარი თავი ღვინის საშუალებით გამოხატოს და ვფიქრობ, ამის შესახებ ყველამ მეტი უნდა ვიცოდე როგორ ფიქრობთ, რა სიახლე მოაქვს მეექვსე თაობას მამულის მართვაში წინა თაობასთან შედარებით?** მე და ჩემი ძმა მშობლებისგან საკმაოდ განვსხვავდებით, თუმცა შესაძლოა არც ისე ძალიან, როგორც თავად გვგონია. ასაკის მატებასთან ერთად, ვფიქრობ, სინამდვილეში უფრო და უფრო ვემსგავსებით მათ. მე დედასთან ერთად ძირითადად გაყიდვებისა და სტუმარმასპინძლობის მიმართულებით ვმუშაობ, ხოლო ჩემი ძმა და მამა უფრო მეტად წარმოებაში არიან ჩართული. ხასიათით კი ალბათ უფრო მამას ვგავარ, ჩემი ძმა კი – დედას. ძალიან მომწონს პიროვნული თვისებებისა და ძლიერი მხარეების ასეთი კომბინაცია, ის მამულში კარგ ბალანსს ქმნის.

მას შემდეგ, რაც მშობლებმა ბიზნესი გადაიბარეს, გარემოც მნიშვნელოვნად შეიცვალა. მაშინ არსებობდა შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც უფრო მარტივი იყო, დღეს კი კონკურენცია გაცილებით მაღალია. საჭიროა მეტი კონცენტრაცია, სიზუსტე და სტრატეგიული მიდგომა. ვფიქრობ, სწორედ აქ შემოაქვს ჩვენს თაობას რაღაც განსხვავებული, უფრო თანამედროვე და ტექნოლოგიური მიდგომა, თუმცა იმ გამოცდილებასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც წინა თაობებისგან მივიღეთ.

არის რაიმე პროექტი ან სამომავლო მიზანი, რომელიც განსაკუთრებით გახარებთ? მალე Marchesi di Barolo-ს ჩვენი ოჯახის მფლობელობაში ყოფნის ასი წელი შესრულდება და განსაკუთრებით მიხარია შესაძლებლობა, მოვყვეთ ამ თაობების ისტორია – ადამიანების, ხედვისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომლებმაც მამული დღევანდელ სახემდე მოიყვანა.

მამაჩემმა ჩვენი ოჯახის ისტორიის შესასწავლად ძალიან ბევრი იმუშავა, რადგან, სამწუხაროდ, მამამისიც და ბაბუამისიც საკმაოდ ახალგაზრდები გარდაიცვალნენ. მას თავად მოუწია ისტორიის ცალკეული ნაწილების მოძიება და ერთმანეთთან დაკავშირება, რათა გაეგო, საიდან მოვდივართ და როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე. ამ კვლევამ ჩვენი მემკვიდრეობის გაცილებით უკეთ გააზრების შესაძლებლობა მოგვცა და, ვფიქრობ, საკუთარ თავშიც მეტი თავდაჯერება შეგვძინა.

ამ კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შედეგი იმის დადასტურება იყო, რომ ბაროლო, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენს მარნებში დაიბადა. წელს ტურინში მარკიზა ჯულია ფალეტისადმი მიძღვნილი ქანდაკება გაიხსნა – ქალაქში ქალისადმი მიძღვნილი პირველი ქანდაკება. დაახლოებით იმავე პერიოდში, ჩვენგან სრულიად დამოუკიდებლად, გამოიცა წიგნი მის შესახებ და ბაროლოს დაბადების ისტორიაზე. დროის ასეთი დამთხვევა მართლაც საოცარი იყო და ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს ისტორიის ყველა ეს ნაწილი საბოლოოდ ერთ მთლიან სურათად იკვრება. ჩვენი მამულის ისტორიის მიმართ ინტერესი იზრდება და ჩვენთვის ეს ძალიან სასიხარულოა.

თუ ვინმეს ბაროლოში ერთი სრული დღის ან თუნდაც მოკლე მოგზაურობის გატარების შესაძლებლობა ექნება, რას ურჩევდით – რა უნდა ნახოს, დააგემოვნოს და გამოსცადოს? აუცილებლად ვურჩევდი ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლას, რადგან ლანგეს თითოეულ სოფელს საკუთარი ხასიათი აქვს. მხოლოდ ერთ ადგილას დარჩენას რამდენიმე მათგანის მონახულება ბევრად სჯობს. აქ უამრავი მარანია სანახავი, ბევრი ისტორიაა მოსასმენი და ღვინო – დასაგემოვნებელი, ხოლო პეიზაჟი ერთი სოფლიდან მეორემდე საოცრად იცვლება. ჩემი რჩევა მარტივია – იმოგზაურეთ, არ იჩქაროთ და მზად იყავით გზად ახალი აღმოჩენებისთვის.

და თუ შესაძლებელია, მხოლოდ ერთი დღით ნუ ჩამოხვალთ. ლანგეს შესანიშნავი გასტრონომიული სამყარო აქვს – მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნებიდან ავთენტურ ტრატორიებამდე, სადაც ტრადიციულ, ოჯახურ კერძებს ამზადებენ. ზოგჯერ სწორედ ასეთი მარტივი კერძები უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე მაღალი კლასის გასტრონომია, რადგან რეგიონის ნამდვილ გემოს გაგრძნობინებთ.

დედაჩემმა ჩვენი საკუთარი რესტორანი ჯერ კიდევ 1996 წელს, მამულის ზედა ნაწილში გახსნა. რეცეპტები თავად შექმნა და თითოეული კერძი ჩვენი კოლექციიდან კონკრეტულ ღვინოს შეუხამა. ასე გააერთიანა ყველაფერი, რასაც ჩვენი ოჯახი ქმნის – ჩვენი ღვინო, საკვები და სტუმარმასპინძლობა – და სტუმრებს საშუალება მისცა, ჩვენი მამული მთელი თავისი მრავალფეროვნებით შეეგრძნოთ.

კიდევ წაიკითხეთ

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში
ლაიფსტაილი

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში

„ადმირალ რეზიდენსი“ ბათუმის ისტორიულ უბანში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მხოლოდ 13 ბინას აერთიანებს. პროექტი მყუდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არქიტექტურას, მდგრადობას, მასალების ხარისხს და სიმყუდროვეს.

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება
ლაიფსტაილი

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება

ქრონოგრაფი საქართველოში ლუქს სამყაროს გამორჩეული სახელია – სივრცე, სადაც საათების, სამკაულებისა და აქსესუარების მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ერთიანდება. მისი პორტფოლიო აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Chopard, Hublot, Breguet, Messika, Chaumet და სხვა.