ფუფუნების განსხვავებული აღქმა

ინტერვიუ სანტა კანარელისთან, Domaine de Murtoli-ს დამფუძნებლის, პოლ კანარელის ქალიშვილთან და კომპლექსის გენერალურ მენეჯერთან გვიან ნაშუადღევს კორსიკის ველურ ბუჩქნარში განსაკუთრებული სიჩუმე ისადგურებს. ჰაერში ველური ბალახების სურნელი ტრიალებს, რომელსაც ზღვიდან წამოსული მარილიანი ნიავიც ერევა. სწორედ ასეთ გარემოში, მდინარე ორტოლოს ხეობაში, ჩვენი ავტორი ელენე დუმბაძე პირველად გაეცნო Domaine de Murtoli-ს, 2500 ჰექტარზე გადაჭიმულ, ხელუხლებელი სანაპიროს მქონე მამულს, XVII საუკუნის მწყემსების სახლებითა და სტუმარმასპინძლობის ისეთი ფილოსოფიით, რომელიც თანამედროვე ფუფუნების ინდუსტრიაში დამკვიდრებულ თითქმის ყველა წარმოდგენას ეწინააღმდეგება.
სტუმარმასპინძლობას კანარელების ოჯახში დიდი ისტორია აქვს. პოლის მამამ პორტო-ვეკიოში ხუთვარსკვლავიანი Grand Hotel de Cala Rossa დააარსა, ხოლო მისმა ბაბუამ ჯერ კიდევ 1950-იან წლებში დაიწყო ზღვისა და მთების შორის მოქცეული ამ მიწის დამუშავე ბა და აქ მსხვილფეხა საქონლისა და ცხვრის მოშენება. გარდაცვალებამდე მან პოლს ერთი პირობა ჩამოართვა: რაც უნდა მომხდარიყო, ეს მიწა არასოდეს უნდა გაეყიდა. პოლმა მამული 1993 წელს მემკვიდრეობით მიიღო და პირობა შეასრულა. თავდაპირველად საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ ერთი ძველი მწყემსის სახლი აღადგინა, შემდეგ კი, სამი ათწლეულის განმავლობაში, მამული თანდათან ისეთ ადგილად აქცია, როგორიც დღეს არის. მიუხედავად ცვლილებებისა, მისი მთავარი საქმიანობა კვლავ სოფლის მეურნეობაა, ხოლო განვითარების ძირითადი პრინციპი – ბუნებრივ გარემოში რაც შეიძლება ნაკლები ჩარევა.
ეს მიდგომა დღემდე მთელი ოჯახის საერთო საქმედ რჩება. პოლის დებმა, ელენემ და ლიზამ, მიმდებარე ბუჩქნარში შეგროვებული მცენარეებისგან Murtoli-ს სპა-პროდუქტების ხაზი Nucca შექმნეს. პოლის მეუღლე ვალერი წლების განმავლობაში მონაწილეობს სტუმრების დახვედრასა და მასპინძლობაში. დღეს მამულს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე პოლის ქალიშვილი სანტა ხელმძღვანელობს და ოჯახის საქმეს ახალ ეტაპზე აგრძელებს. მის ძმას, ტუსენს კი მამულის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა აბარია.
Murtoli-ში ვერ ნახავთ მარმარილოთი მოპირკეთებულ ლობის. აქ არც კონსიერჟის ტრადიციული დახლი დაგხვდებათ. როგორც სანტა განმარტავს, ეს სრულიად გააზრებული არჩევანია. მასთან საუბრისას გვინდოდა გაგვეგო, რას ნიშნავს ფუფუნება იქ, სადაც გარემოზე დომინირების ნაცვლად ცდილობენ, ბუნებრივი ლანდშაფტის ნაწილად იქცნენ. ასევე გვაინტერესებდა, რას სთავაზობს კორსიკა, ცნობილი სანაპიროების მიღმა, მათ, ვისაც კუნძულის უკეთ გაცნობა სურს.
ᲤᲣᲤᲣᲜᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲚᲔᲑᲣᲠᲘ ᲐᲦᲥᲛᲐ
Murtoli-ს ხშირად „ანტი-ფუფუნების“ კონცეფციის ერთერთ პიონერად მოიხსენიებენ. თქვენ როგორ განმარტავდით დღეს ცხოვრების ხელოვნებას – art de vivre-ს?
„Murtoli-ს აუცილებლად „ანტი-ფუფუნებას“ არ ვუწოდებდი,” ამბობს კანარელი, “უფრო სწორად, ჩვენ ყოველთვის გვქონდა ფუფუნების საკუთარი განმარტება. ეს არის უფრო ნამდვილი ფუფუნება, რომელიც ეფუძნება გულთბილ ურთიერთობებს, გაზიარებასა და ბალანსს განსაკუთრებულ მომსახურებასა და ბუნებასთან სრულ სიახლოვეს შორის.“ ეს მიდგომა მამულის საქმიანობის ყველა ნაწილში იგრძნობა – ფერმიდან, რომელიც რესტორნებს პროდუქტებით ამარაგებს, იმ გამოცდილებამდე, რომლის მეშვეობითაც სტუმრები კუნძულს ეცნობიან. „ფუფუნების ჩვენი ხედვა მიწასთან ურთიერთობაშიც გამოიხატება: ვიყენებთ განსაკუთრებული ხარისხის პროდუქტებს ჩვენი საკუთარი ფერმიდან თუ ადგილობრივი მწარმოებლებისგან და სტუმრებს საშუალებას ვაძლევთ, კორსიკა მისი ყველაზე ნამდვილი მხარეებით გაიცნონ. ზოგადად, გვინდა, Murtoli-ში სტუმრობა კორსიკულ კულტურასთან უშუალო შეხებას ნიშნავდეს, მის ბუნე ბასთან, გასტრონომიასთან, ტრადიციულ ცოდნასა და სტუმარმასპინძლობის წესთან.“ მისი თქმით, მთავარი არა ორი განსხვავებული მიდგომის დაპირისპირება, არამედ მათ შორის ბალანსის პოვნაა. „ჩვენთვის Murtoli სწორედ ფუფუნებისა და ავთენტურობის სწორი ბალანსია: უმაღლესი ხარისხის შეთავაზება ისე, რომ ამ ადგილის ნამდვილი ბუნება არასოდეს დაიკარგოს.“ ჩვეულებრივი ხუთ-ვარსკვლავიანი კურორტებისგან განსხვავებით, აქ არ არის კონსიერჟის დახლი, მარმარილოს ლობი თუ ის მომსახურება, რომელიც სტუმარს ზედმეტად აწუხებს. რატომ არის თანამედროვე მოგზაურისთვის ასეთი შეუმჩნეველი მომსახურება ფუფუნების უმაღლესი ფორმა?
„Murtoli თავიდანვე უფრო სახლად წარმოვიდგინეთ, ვიდრე სასტუმროდ,“ განმარტავს კანარელი. „გვინდა, სტუმრებმა თავი საკუთარ სახლში იგრძნონ, ეს ადგილი თავისად აღიქვან და სრული განმარტოებით ისარგებლონ.“ თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომსახურება საერთოდ ქრება. პირიქით, მისი მიზანია, სტუმრის საჭიროებები წინასწარ გაითვალისწინოს და ზედმეტად არ შეაწუხოს. „სერვისი ყოველთვის ხელმისაწვდომია, თუმცა შეუმჩნეველი. ჩვენი კონსიერჟების გუნდი თითოეულ სტუმართან ჩასვლამდეც და სტუმრობის განმავლობაშიც ურთიერთობს, რათა უკეთ გაიგოს მისი ჩვევები, სურვილები და შეძლებისდაგვარად წინასწარ გაითვალისწინოს საჭიროებები. ჩვენთვის ფუფუნება ამასაც ნიშნავს: იყო სტუმრის გვერდით ისე, რომ არასოდეს შეაწუხო. ჩვენი გუნდის ამოცანაა, ყველაფერი მარტივად და ბუნებრივად მოხდეს, თითქოს თავისთავად ეწყობოდეს. სწორედ ამ „ჯადოსნური ეფექტის“ შექმნას ვცდილობთ Murtoli-ში.“
თანამედროვე სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ერთი მთავარი ტენდენციის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით? სანტა დაუფიქრებლად პასუხობს: სტანდარტიზაციას. „მოგზაურობის მთავარი მიზეზი ხომ სწორედ ახლის აღმოჩენაა. თუმცა დღეს შეიძლება რამდენიმე ქვეყანა მოიარო და ყველგან ერთი და იგივე სტილი, ოთახები, მენიუები და ზოგჯერ თითქმის ერთნაირი გამოცდილებაც დაგხვდეს. ეს სამწუხაროა. სასტუმროს იმდენად გამოკვეთილი იდენტობა უნდა ჰქონდეს, რომ არავის ახსნა არ გვჭირდებოდეს იმის მისახვედრად, სად ვიმყოფებით.“
Murtoli-ს შემთხვევაში ამ იდენტობის შექმნა საჭირო არ გამხდარა. „ჩვენ გაგვიმართლა, რადგან საკუთარი იდენტობის გამოგონება არ დაგვჭირვებია, ის აქ უკვე არსებობდა. XVII საუკუნის მწყემსების სახლები, გრუნტის გზები, ველური ბუჩქნარი, ცხოველები, ზღვა, სამ ზარეულო... საბოლოოდ, ჩვენი საქმე ის არის, რომ ეს ყველაფერი ზედმეტად არ შევცვალოთ.“
ᲙᲝᲠᲡᲘᲙᲘᲡ ᲜᲐᲙᲚᲔᲑᲐᲓ ᲪᲜᲝᲑᲘᲚᲘ ᲛᲮᲐᲠᲔ
ზაფხულის პიკური სეზონის გარდა, როდის არის საუკეთესო დრო Murtoli-ს მოსანახულებლად?
„მე განსაკუთრებით გაზაფხული და შემოდგომა მიყვარს,” ამბობს სანტა. “გაზაფხულზე ბუჩქნარი ყვავის, ხეობა მწვანეშია ჩაფლული და ტემპერატურაც იდეალურია მამულში დროის გასატარებლად. შემოდგომაზე კი Murtoli სრულიად იცვლის ფერს: ბუნება თანდათან ნარინჯისფერ ელფერს იძენს, სინათლე უფრო რბილი ხდება, მზის ჩასვლა კი განსაკუთრებით ლამაზია.“ მისი თქმით, შედარებით მშვიდ სეზონებზე მამულის სხვა მხარეების აღმოჩენაც შეიძლება. „ამ დროს საშუალება გაქვს, არ იჩქარო და სრულად ისიამოვნო ყველაფრით, რასაც მამული გთავაზობს: ცხენით ჯირითი, გოლფი, ლაშქრობა, ვენახის მონახულება და ღვინის დეგუსტაცია, კერამიკის გაკვეთილები, ასევე ყვავილებისა და მცენარეების თემაზე გამართული ვორქშოფები. ზაფხული, რა თქმა უნდა, შესანიშნავია ზღვითა და სანაპიროთი დასატკბობად, მაგრამ Murtoli, უპირველეს ყოვლისა, 2500 ჰექტარზე გადაჭიმული ტერიტორიაა. გაზაფხული და შემოდგომა საშუალებას გაძლევს, მისი სხვა, შესაძლოა უფრო პირადი და ნამდვილი მხარეც აღმოაჩინო.“
კორსიკის რომელ ყველაზე განსაკუთრებულ, ნაკლებად ცნობილ ადგილს გამოტოვებენ ხოლმე მოგზაურები?
„უდავოდ, კუნძულის შიდა ნაწილს,“ პასუხობს კანარელი, „კორსიკის პლაჟებზე ბევრს ვსაუბრობთ და სრულიად დამსახურებულადაც, მაგრამ ვფიქრობ, სამწუხაროა, კორსიკაზე ჩამოხვიდე და არ აღმოაჩინო მისი სოფლები და მთები, მდინარეები და პატარა გზები, რომლებიც კუნძულის შიდა ნაწილს კვეთს.“ ეს კორსიკის ის მხარეა, რომლის აღმოჩენაც სანაპიროს დატოვებად ნამდვილად ღირს. „კორსიკა კუნძულია, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ის ხმელთაშუა ზღვის შუაგულში აღმართული მთაა. ზოგჯერ საკმარისია, სანაპიროს მოშორდე და კონკრეტული გეგმის გარეშე ერთი საათი მანქანით იარო, რომ სრულიად მოულოდნელ კორსიკას აღმოაჩენ – ისეთს, რომლის არსებობასაც ვერც კი წარმოიდგენდი. სწორედ ამ კორსიკის გაცნობა მიყვარს სტუმრებისთვის ყველაზე მეტად.“
როგორ გადმოსცემს Murtoli-ს სამზარეულო კორსიკის ველური ბუნების ხასიათს კერძების მეშვეობით?
„Murtoli-ს სამზარეულო მჭიდროდ არის დაკავშირებული მიწასთან, რადგან ჩვენი პროდუქტების დიდი ნაწილი უშუალოდ მამულიდან მოდის,“ განმარტავს სანტა. „ბოსტანი, შინაური ცხოველები, ზეითუნის ზეთი, თაფლი და ზოგადად, ფერმაში გაწეული მთელი სამუშაო ბუნებრივად განსაზღვრავს ჩვენი სამზარეულოების ყოველდღიურ რიტმს.“ მამულის თითოეული რესტორანი ამ ისტორიას თავისებურად ჰყვება. „ჩვენს ყველა რესტორანს საკუთარი იდენტობა აქვს. La Grotte-ში სამზარეულო უხვი, გულწრფელი და ტრადიციებზე დაფუძნებულია. La Table de la Ferme-ში, ჩვენს მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში, კერძები უფრო დახვეწილი, ზუსტი და რთულად დამუშავებულია. La Table de la Plage-ში სამზარეულო მსუბუქი, ხმელთაშუაზღვისპირულია და ზღვის პროდუქტებზეა ორიენტირებული, ხოლო L’Appuntamento-ში უფრო მზიანი, მეგობრული ატმოსფერო და იტალიური გავლენა იგრძნობა.“ თუმცა, სანტას თქმით, ყველა მათგანს ერთი საერთო პრინციპი აერთიანებს. „რომელ რესტორანზეც უნდა ვსაუბრობდეთ, მთავარი ყოველთვის პროდუქტია. უპირველეს ყოვლისა, ვცდილობთ, პატივი ვცეთ მის სეზონურობასა და წარმოშობას, გამოვკვეთოთ მისი ღირსებები ისე, რომ ბუნებრივი თვისებები არ შევუცვალოთ. საბოლოოდ, განსხვავებული სამზარეულოების მეშვეობით ერთი და იმავე მიწის ისტორიას ვყვებით.“
ᲛᲝᲛᲐᲕᲚᲘᲡ ᲮᲔᲓᲕᲐ
როგორია Murtoli-ს გრძელვადიანი ხედვა? შესაძლებელია თუ არა სტუმრებისთვის გამოცდილების გამრავალფეროვნება ისე, რომ მამულის განაშენიანებული ტერიტორია არ გაიზარდოს?
„წლების განმავლობაში ყველა ძველი შენობა აღვადგინეთ, რომლის აღდგენაც შესაძლებელი იყო და ყოველთვის ვცდილობდით, მათი ისტორია და იდენტობა შეგვენარჩუნებინა,“ ამბობს კანარელი, „ამიტომ დღეს ჩვენი პრიორიტეტი აუცილებლად მამულის გაფართოება ან ახალი შენობების აშენება არ არის. უფრო მეტად გვინდა, გავამდიდროთ ის გამოცდილება, რომლის მიღებაც აქ არის შესაძლებელი.“ ეს ნიშნავს არა ტერიტორიის გაფართოებას, არამედ არსებული შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას. „გვინდა, განვავითაროთ ახალი აქტივობები და მომსახურებები ყველაფრის გარშემო, რაც Murtoli-ს არსს ქმნის: ბუნება, სოფლის მეურნეობა, გასტრონომია, კეთილდღეობა, სპორტი, ოსტატობა, კორსიკელთა უნიკალური ცოდნა და გამოცდილება. ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვაქვს 2500 ჰექტარი მიწა, რომელიც ჯერ კიდევ უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს. ამიტომ ჩვენი სამომავლო ხედვა, უპირველეს ყოვლისა, ახალი გამოცდილებების შექმნას გულისხმობს ისე, რომ ამ ადგილის ბალანსი და ავთენტურობა შევინარჩუნოთ.“
Domaine de Murtoli მდებარეობს სარტენში, სამხრეთ კორსიკაზე.



















