Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

და ქართული კერამიკის ახალი სიცოცხლე - ნატო ერისთავი

და ქართული კერამიკის ახალი სიცოცხლე - ნატო ერისთავი

კერამიკა – ხელოვნება, რომელიც ერთდროულად აერთიანებს მიწას, წყალს, ჰაერსა და ცეცხლს, საუკუნეების განმავლობაში ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო. თუმცა ამ სფეროს განვითარება ყოველთვის ერთნაირი ტემპით არ გაგრძელებულა და მის აღორძინებას ხშირად ინდივიდუალური შემოქმედების ძალა განაპირობებდა. სწორედ ასეთი ისტორიის მატარებელია ქართველი მხატვარი და კერამიკოსი ნატო ერისთავი, რომლისთვისაც თიხასთან ურთიერთობა უბრალო პროფესიული არჩევანი კი არა, არამედ მთელი ცხოვრებაა.

მისი გზა კერამიკისკენ ბავშვობის ინტერესებიდან იწყება, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ერთი შეხვედრა აღმოჩნდა, რომელმაც მისთვის სრულიად ახალი სამყარო გახსნა. ამ ინტერვიუში ქართველი კერამიკოსი გვიყვება, როგორ იქცა ეს „მისტიკური“ გამოცდილება მის მთავარ პროფესიულ მიმართულებად, როგორ დაიბადა „White Studio“ და რა გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგას დღეს ქართული კერამიკა.

როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა კერამიკასთან? გახსოვთ თუ არა ის პირველი ნამუშევარი, რომელმაც გაგიჩინათ განცდა, რომ ეს თქვენი სფეროა? ჩემი ისტორია კერამიკასთან ცოტათი უცნაურად დაიწყო. როგორც ყველა ბავში მეც ვხატავდი, არაფერი განსაკუთრებული, თუმცა საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩემი ინტერესი ბიოლოგიისა და ხატვის მიმართულებას დაეთმო. როცა საქმე მიდგა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაზე, ჩემმა მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ მხატვარი ნაცნობი უფრო ბევრი ჰყავდათ, ვიდრე ბიოლოგი. კონსულტაციისთვის ნათლიაჩემმა წამიყვანა ალდე კაკაბაძისა და რეზო იაშვილის ოჯახში. კერამიკოსებთან, რომლებიც მართლაც უდიდესი ნიჭის მქონე ადამიანები იყვნენ. მათ სახლში რომ შევედი, ეს იყო რაღაცნაირი გარდატეხა, იმ დროს 14-15 წლის ვიყავი და იქ ჩემი შესვლა აბსოლუტურად გონების გადაკეტვას ჰგავდა.

დედაჩემი მთელი ცხოვრება აგროვებდა კერამიკას და ჩვენი სახლის კედლები გადაჭედილი იყო კერამიკის ნივთებით. ამიტომ ამ ფერად ჭრელ კერამიკაში გავიზარდე, მაგრამ მისი დამზადების შესახებ აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია არ მქონდა.

ალდე და რეზომ, რომ დაიწყეს კერამიკის შესახებ მოყოლა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. მიყვებოდნენ, რომ კერამიკა არის მისტიური, სტიქიების მართვა, ეს არის წყლის, ცეცხლის, მიწისა და ჰაერის ერთობლიობა. კერამიკოსები კი ამ სტიქიებს მართავენ. მათი სახელოსნო ძალიან შთამბეჭდავი იყო, სტიქიების მართვასთან დაკავშირებით კი მე ფაქტობრივად გონების დაბნელება დამემართა.

ეს იმდენად საინტერესო იყო, შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცნაირად ნამდვილად მაგიური ძალა ვიგრძენი, რამაც ყველაფერი დამავიწყა და დამაინტერესა კერამიკით. თან ეს ადამიანები მუშაობდნენ კათედრაზე და ჩემი დატოვების სურვილიც გამოთქვეს.

ამ ყველაფრის შემდეგ გადაწყდა ჩემი ბედიც, რომ ვაბარებდი აკადემიაში. ვიყავი 16 წლის. პირველი ჩემი ნამუშევარი დღემდე მაქვს შენახული. გაგიკვირდებათ და ეს იყო საფერფლე. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე ადვილი გასაკეთებელი იყო.

თიხამ დაავადება იცის. იმიტომ, რომ ერთადერთი მასალაა, რომელიც სუნთქავს, ცოცხლობს და ერთადერთია კერამიკოსი, ვისაც პირდაპირი კომუნიკაცია აქვს მასალასთან. მაგალითად მოქანდაკე იყენებს იარაღებს, მხატვარი ფუნჯს, ტექსტილის ხელოვანი ნაჭრებს, ერთადერთი ვისაც აქვს პირდაპირი შეხება მასალასთან სწორედ კერამიკოსია. შესაბამისად ხდება ენერგიების გაცვლა ადამიანსა და თიხას შორის. მე თუ ცუდ ხასიათზე, ემოციურად ვარ ეს ყველაფერი გადაეცემა მასალას და პირიქით თუ თიხას კარგად არ ფლობ და არ იცი მისი ხასიათი შეიძლება კარგი ოსტატი იყო, მაგრამ არაფერი გამოგივიდეს. ეს იმიტომ, რომ მაინც მასალას თავისი ხასიათი აქვს. არის პლასტიური, არის დამყოლი, არის უხეში, არის ველური, ანუ თიხაც თავისებური პერსონაჟია, რომელსაც აქვს თავისი ხასიათი და თავისი თვისებები. ამიტომ ძალიან კარგად უნდა იცოდე და გარდა იმისა, რომ თიხას კარგად იცნობ, მერე კარგად უნდა იცოდე ცეცხლი, იმიტომ რომ ცეცხლი თუ არ იცი შეიძლება ასევე არაფერი გამოგივიდეს. ამიტომ ზუსტად ეს საინტერესო კომუნიკაცია თიხასა და შემოქმედს შორის ქმნის მთელ ამ აზარტს, რაც აქვს კერამიკოსობას.

როგორ დაიბადა იდეა შეგექმნათ White Studio და რატომ აირჩიეთ სწორედ კერამიკა მის მთავარ მიმართულებად? მე, როგორც მხატვარი გავიზარდე, განვვითარდი, მქონდა ბედნიეერება, რომ მქონოდა პერსონალური გამოფენა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, კორეაში, ჩინეთში, ევროპასა და უამრავ ქვეყანაში. ძალიან გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ იმ ცუდ პერიოდში, როდესაც საქართველოში დასრულდა ერთი ეტაპი კერამიკის (90 წლებში როცა დენი აღარ იყო და ქარხნები გაჩერდა) მე, როგორც მხატვარი ვაგრძელებდი ჩემს შემოქმედებას და უფრო მეტად უცხოეთში. რადგან უცხოეთში დავდიოდი იქ ვხედავდი რამდენად განვითარებულია ეს დარგი და რამდენად წინ მიდის მაშინ, როცა ჩვენთან გაჩერდა. დაახლოებით 30 წლიანი პაუზის შემდეგ არც პროფესიონალები არსებობდნენ, არც მასალა არსებობდა და არც ქარხნები. შესაბამისად ძალიან ბევრი მოგზაურობის შედეგად დიდი გულისწყვეტა მქონდა, რომ ქართული კერამიკა, რომელიც ათასწლეულებს ითვლის, აი ასე უაზროდ დასრულდა. ფაქტობრივად სტუმარი ჩამოდიოდა საქართველოში და ნორმალურ ხარისხიან დოქს ვერ იყიდდა. რეალურად ღვინის ქვეყანა კი ვართ, მაგრამ ეს ღვინო ქვევრში, რომ არ ჩაგვესხა, ღვინო არ გვექნებოდა. როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში სტუმრად მივდივარ და ვატარებ პრეზენტაციას, აუცილებლად ვაჩვენებ რამხელა ისტორია აქვს ქართულ კერამიკას, ხალხი კი აღფრთოვანებული რჩება.

სწორედ ასე მივხვდი, რომ რაღაც იყო გასაკეთებელი საქართველოში. ეს სფერო უნდა დაგვებრუნებინა, აღგვედგინა გაგვეხსენებინა, ღირებულება მიგვეცა. ისევე, როგორც ხარისხი იყო დავარდნილი, ასევე მხატვრული მხარეც ძალიან იყო დაკარგული. ალდე კაკაბაძისა და რეზო იაშვილის დროს ისეთი ფანტასტიური კერამიკოსები გვყავდა, რომ მედლებს იღებდნენ საფრანგეთში და ევროპაში. შემდეგ ეს ყველაფერი უბრალოდ დასრულდა. ამიტომ მე მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, რაღაც უნდა შემომეტანა, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მასალა არ არსებობდა. ამ დროს კი მსოფლიო ძალიან წინ იყო წასული.

გარდა ამისა მე და ჩემმა მეგობრებმა აღმოვაჩინეთ თეთრი ქართული ადგილობრივი თიხა. როგორც გაირკვა ჩვენამდე არავის არ ქონდა გამოყენებული. ამის შესახებ ჩავატარეთ კვლევა და მართლაც აღმოჩნდა, რომ ქართული ფანტასტიური პლასტიური თეთრი მასა საქართველოში მოიპოვება და არავის გამოუყენებია. აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს წინაპრებს არ ქონდათ გამოყენებული იმიტომ, რომ აღნიშნულ თეთრ თიხას სჭირდება ფაიფურის ტემპერატურაზე გამოწვა, ჩვენი ტრადიციული გამოწვები კი არის დაბალ გრადუსიანი.

ეტყობა ჩვენმა წინაპრებმა მაღალ გრადუსზე, რომ გამოწვეს აღნიშნული მასალა დაიშალა და იფიქრეს რომ არ ვარგოდა. სინამდვილეში მე უნდა წავსულიყავი იაპონიაში, რომ მივმხვდარიყავი ამ ყველაფერს მაღალ გრადუსზე გამოწვა სჭირდებოდა. ამიტომ დავიწყე ამ თიხის კვლევა, გამოვწვი მაღალ გრადუსზე და მივხვდი, რომ ფანსტასტიური თიხაა და გავაკეთე ექსპერიმენტი ჩემ მეგობართან ერთად.

მოკლედ მივხვდით, რომ რაღაც იყო გასაკეთებელი, ამიტომ 2013 წელს შევქმენით “White studio”. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენთან არ არის ქარხანა, რომელიც თვითონ თიხას დაამუშავებს, ამიტომ მომიწია მასალის ჩამოტანა. ხან იტალიიდან, ხან თურქეთიდან. “White studio” იყო პირველი სახელოსნო, რომელმაც შემოიტანა ახალი მასალები, ახალი ტექნოლოგიები, სტილისტიკა, ქართული სუვენირის ახალი დიზაინები დავნერგეთ, გავაცანით ხალხს, მასტერკლასებს ვატარებდით. დღეს, რომ ბევრგან არის პატარა კერამიკული სახელოსნოები მე ვფიქრობ, რომ “White studio”-მ დიდი წვლილი შეიტანა ამაში და კერამიკა ასეთი პოპულარული გახადა.

ვეცადეთ, რომ თანამედროვე ქართული სუვენირი და ქართული კერამიკა შეგვექმნა. ჩვენ ავიღეთ ნახატები, ორნამენტები და ფორმები ძველი შუასაკუნეების ქართული კერამიკიდან, არქაული ფორმებიდან და ტრანსფორმირება გავუკეთეთ ფერში და ფორმაში, ისე, რომ ეს გამხდარიყო თანამედროვე ვიზუალი ძველზე დაფუძნებული. ჩვენთან არიან მხატვრები, რომლებსაც ყველას თავისი ხელწერა აქვთ, შესაბამისად სვადასხვა ხელწერა, რომ ჩანს “White studio” -ს შემოქმედებაში ეს ძალიან საინტერესოა. იმიტომ, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეუძლია თავისთვის საინტერესო ნივთი შეარჩიოს, რაც არის მინიმალისტური სტილიდან დაწყებული და უფრო კლასიკური ხელოვნებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდები გამოიარა საქართველომაც, ქართულმა ბიზნესმაც, ადამიანებმაც და კოვიდიც გადავაგორეთ მაინც “White studio” 13 წელია არის პირველ ადგილზე. ძალიან ვცდილობთ ამისთვის და დიდი მადლობა იმ ხალხს ვისაც ვუყვარვართ.

როგორ ფიქრობთ, რა ადგილი უჭირავს დღეს კერამიკას თანამედროვე ქართულ დიზაინსა და ხელოვნებაში? მე მინდა გითხრათ, რომ 70-იან წლებამდე, ქართული კერამიკა ერთ-ერთი უძლიერესი დარგი იყო საქართველოში. დღესაც ხელოვნების ეს მიმართულება ერთერთი წამყვანი დარგია, ჩვენი ნებისმიერი ნამუშევარი, რომ წარადგინოთ ევროპის, აზიისა თუ ამერიკის გამოფენებსა და კონკურსებზე, არც ხარისხით, არც გემოვნებითა და არც მხატვრული დონით არ ჩამოუვარდება მსოფლიო სტანდარტებს.

გარდა ამისა, პირველმა დავიწყეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ანუ “White studio”-მ საერთაშორისო კერამიკის ფესტივალების ჩატარება. ერთ-ერთი საბაღო-საპარკო კერამიკის სიმპოზიუმია, რომელიც უკვე მე-5 ედ ტარდება, ლოპოტაზე და მას ჰქვია “სამოთხის ჩიტი”. ეს არის მაღალი სტატუსის მქონე საერთაშორისო კერამიკის სიმპოზიუმი, სადაც ყოველ წელს 10 ქვეყნიდან ჩამოდიან მხატვრები, კერამიკოსები, მოქანდაკეები. სრულ ტერიტორიაზე უკვე 50 ამდე საბაღო კერამიკული ქანდაკება დგას.

თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ხელით მუშაობის პროცესი იმ ეპოქაში, როცა ბევრი რამ ავტომატიზებულია? უკვე გამოგონილია 3 დ პრინტერები, მაგრამ კარგი ის არის რომ ხელოვნურმა ინტელექტმა და რობოტიკამ შეცვალა მხოლოდ ისეთი პროფესიები რომელსაც არ ჭირდებოდა ხელით მუშაობა. ხელით ნამუშევარს რა თქმა უნდა ვერასდროს ვერაფერი შეცვლის და როგორც გითხარით, კერამიკას მითუმეტეს,რადგან პირდაპირ კონტაქტს ადამიანსა და მასალას შორის ვერაფერი ჩაანაცვლებს და ვერასდროს იქნება რობოტის მიერ გაკეთებული კერამიკული ნივთი უფრო ცოცხალი ვიდრე ადამიანის მიერ. თუმცა არსებობს ტენდენციები, ტრენდები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოით არ ჩამოვრჩეთ და პირიქთ დაგვეხმაროს იმაში, რომ რაღაც საინტერესო და ახალი შევქმნათ კომბინაციით, მაგრამ ეს არის ის ტენდენცია რომელიც აუცილებლად გაივლის და მაინც ყოველთვს ფასეული და ღირებული იქნება ხელნაკეთი. ახლა შემოვიდა რობოტიკა და კიბატონო რაღაცეები იყიდება და საინტერესოა მაგრამ მაინც მარადიულია ეს ხელნაკეთი, ჯერ ეს ერთი სხვა ისტორია აქვს სხვა ენერგიის მატარებელია აბსოლუტურად სხვანაირი გამოხატვის უნარი აქვს ხელით ნამუშევარს ვიდრე ხელოვნურ ინტელექტს. გამორიცხულია, მე არ ვიცი სხვა სფეროები შეიძლება უფრო კარგად გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ კერამიკაში ვერასდროს ვერაფერი ვერ შეცვლის ხელნაკეთ რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა კერამიკოსისთვის – ტექნიკური სირთულეები, ბაზარი თუ საკუთარი სტილის მუდმივი ძიება?** ქართველი კერამიკოსების ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ ჩვენ ძალიან პატარა ბაზარი გვაქვს. ჩვენ ვქმნით ისეთ ნივთებს, რომლებსაც შეუძლიათ, რომ გააოცონ მსოფლიო, მაგრამ ჩვენ გვაქვს ექსპორტის ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ კერამიკული ნივთები არის ტეხვადი, მძიმე, მოცულობითი. ამიტომაც დიდი სიხშირით ვერ გაგვაქვს ჩვენი ნამუშევრები მსოფლიო ბაზარზე. უფრო მეტად ვერ ვაოცებთ მსოფლიოს და ვერ ვიღებთ მონაწილეობას ბევრ საინტერესო გამოფენაში. ეს არის დიდი პრობლემა.

წელს ძალიან დიდი მიზანი დავისახეთ, რომ რაღაცნაირად უნდა გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი ნამუშევრები. ბევრი ადამიანი გვწერს და ვუგზავნით ჩვენს ნამუშევრებს, მაგრამ ჩვენ ქართველ კერმაიკოსებს მაინც გვაკლია საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება.

რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც პირველად ცდილობენ კერამიკის ნამუშევრების შექმნას – რა უნდა იცოდნენ ამ პროცესის შესახებ, სანამ თიხას ხელში აიღებენ? ეს არის ერთი დიდი თავგდადასავალი. კერამიკოსობა არ არის უბრალოდ პროფესია, წავედი სამსახურში გავაკეთე ჩემი საქმე და დავბრუნდი. ეს არის ძალიან დიდი თავგადასავალი, თავისი რისკებით, სიხარულითა და გულისტკენით. ფაქტიურად ორ ცხოვრებას ვცხოვრობ. ერთს, როგორც ადამიანი და ერთს, როგორც კერამიკოსი. თუ არ გაგიჟდი ამ პროგფესიაზე, როცა ხელს მოკიდებ თიხას და არ დაგემართა ეს დაავადება, ჩემი რჩევა იქნება ის, რომ საერთოდ უნდა გაეშვა. უნდა დაავადდე ამ პროფესით და უნდა გახდე ამ სექტის (როგორც მე ვეძახი) წევრი, უნდა მიუძღვნა მთელი შენი ცხოვრება ან უნდა გაერიდო იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში არაფერი არ გამოვა.

კიდევ წაიკითხეთ

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია
ავიაცია

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია

როდესაც მგზავრი თვითმფრინავში ადის, ის საკუთარ უსაფრთხოებას ეკიპაჟს ანდობს. თუმცა ბევრმა არ იცის, რამდენწლიანი სწავლა, გამოცდილება და მუდმივი გადამზადება დგას ყოველი ფრენის უკან. თითოეული პილოტი ავიაკომპანიაში მუშაობამდე ხანგრძლივ და ძალიან პასუხისმგებლიან გზას…

მილანი
მოგზაურობა

მილანი

მილანი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ქალაქია. იგი აერთიანებს ისტორიულ არქიტექტურას, თანამედროვე ცხოვრებას, მოდის სამყაროს და კულტურულ მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ აქ ჩასული მოგზაურები ქალაქის განსაკუთრებულ ატმოსფეროს მაშინვე გრძნობენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა
ლაიფსტაილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა

საქართველო ყოველთვის ეძებდა რწმენის, სიმყარისა და სულიერი ერთიანობის გზას. შთაგონებას, იმედს, რწმენისა და ნდობის გაღვიძებას, ეკლესიისთვის მრევლის დაბრუნებას. და აი გამოჩნდა ადამიანი ვისი სიტყვები და ქმედებებიც ასახავდა არა მხოლოდ სულიერ სიმტკიცეს, არამედ…