თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია

როდესაც მგზავრი თვითმფრინავში ადის, ის საკუთარ უსაფრთხოებას ეკიპაჟს ანდობს. თუმცა ბევრმა არ იცის, რამდენწლიანი სწავლა, გამოცდილება და მუდმივი გადამზადება დგას ყოველი ფრენის უკან. თითოეული პილოტი ავიაკომპანიაში მუშაობამდე ხანგრძლივ და ძალიან პასუხისმგებლიან გზას გადის, რომელიც საავიაციო განათლებით იწყება და მთელი კარიერის განმავლობაში გრძელდება.
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲜᲐᲑᲘᲯᲘ – ᲡᲐᲐᲕᲘᲐᲪᲘᲝ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ
ქართველი პილოტის პროფესიული გზა საავიაციო სასწავლებელში – საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში იწყება. საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტის სტუდენტები სწავლობენ ისეთ მნიშვნელოვან საგნებს, როგორიცაა აეროდინამიკა, ნავიგაცია, მეტეოროლოგია, ფრენის წესები და ავიაციის უსაფრთხოების სტანდარტები.
თეორიულ ცოდნასთან ერთად იწყება პრაქტიკული ფრენებიც. მომავალი პილოტები სწავლობენ თვითმფრინავის მართვას, ფრენის დაგეგმვასა და სხვადასხვა სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. სასწავლო ფრენები ხორციელდება Aeroprakt A22, TECNAM P2008, TECNAM P-Mentor და ორძრავიან TECNAM P2006T ტიპის თვითმფრინავებზე.


