Georgian Airways ჟურნალი ENG
ლაიფსტაილი

ირაკლი ნასიძე

ქართული სული პარიზის მაღალი მოდის სცენაზე

ირაკლი ნასიძე

პარიზში, მაღალი მოდის სამყაროს ცენტრში, ქართველი დიზაინერი ირაკლი ნასიძე უკვე წლებია საკუთარ, განსხვავებულ ხელწერას ქმნის. თბილისში დაბადებული და გაზრდილი დიზაინერისთვის ხელოვნება ბავშვობიდანვე ცხოვრების ნაწილი იყო. ოჯახი, გარემო და განსაკუთრებით მისი და, მხატვარი ნინო, მის შემოქმედებით გზაზე დიდ გავლენას ახდენდა.

90-იან წლებში, სირთულეების მიუხედავად, მან გაბედა და პარიზში გაემგზავრა. ქალაქში, რომელიც მისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ სიმბოლოდ რჩებოდა. სწორედ აქ შეხვდა Yves Saint Laurent-ს. მისი პროფესიული გზის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი კი იყო თანამშრომლობა Jean Louis Scherrer-თან და Christian Lacroix-თან.

დღეს მისი ნამუშევრები აერთიანებს ქართულ კულტურულ ფესვებსა და თანამედროვე, საერთაშორისო ხედვას. მოდა კი მისთვის მხოლოდ ფორმა აღარ არის, არამედ ეს არის ისტორია, ემოცია და პირადი გამოცდილების გამოხატვა.

როგორ დაიწყო თქვენი გზა მოდისა და ხელოვნების სამყაროში და რა როლი ითამაშა ბავშვობამ თქვენს შემოქმედებაში? დიახ, ყველაფერი იწყება სიყვარულიდან. იმ უპირობო, უხილავი ძალიდან, რომელიც ბავშვობაში გიცავს, გფარავს და შეუმჩნევლად გასხავს ფრთებს. სწორედ ამ სიყვარულმა მომცა სილაღე, რწმენა და შინაგანი თავისუფლება – გამებედა ოცნება და მისი განხორციელება.

ჩემი ქვეყნის ისტორია, წინაპართა ხმა, ოჯახის ფესვები – ეს ყველაფერი ჩემში ერთგვარ კოდად ჩამოყალიბდა, რომელიც დღემდე განაგებს ჩემს შემოქმედებით ინსტინქტებს. თუმცა, ნიჭი, თუნდაც ღვთისგან ბოძებული, მხოლოდ მაშინ იძენს ძალას, როცა მას შრომა და შეუპოვრობა ახლავს.

ბავშვობიდანვე ვგრძნობდი დაუძლეველ მიზიდულობას პარიზისკენ – ქალაქისკენ, რომელიც ჩემთვის არა მხოლოდ გეოგრაფიული წერტილი, არამედ ერთგვარი მითოლოგიური სივრცე იყო. ადგილი, სადაც მოდა ხე ლოვნებად გარდაიქმნება და სადაც სილამაზე საკუთარ უმაღლეს ფორმას აღწევს.

ეს იყო 90-იანი წლები – რთული, წინააღმდეგობებით სავსე დრო. მაგრამ ახალგაზრდობაში რეალობა ხშირად სხვაგვარად იკითხება: სირთულეები არ გაშინებს, ის მხოლოდ გზის ნაწილად აღიქმება და მეც, ამ უცნაური სიმსუბუქითა და სიჯიუტით, გავყევი ჩემს გზას.

ამ გზაზე ერთ-ერთი პირველი შთაგონება ჩემთვის ჩემი და – ნინო გახდა. მისი სამყარო რეალობას არ ემორჩილებოდა. ის სიურრეალისტური იყო, ფერებით, ფორმებითა და მოულოდნელი გარდაქმნებით სავსე. მის ოთახში შესვლა ჰგავდა სხვა განზომილებაში გადასვლას, სადაც დრო ირღვეოდა და საგნები ახალ სიცოცხლეს იძენდა. მე ვეხებოდი მის ფუნჯებს, ვურევდი საღებავებს, ვარღვევდი მის წესრიგს – თითქოს ქაოსში საკუთარი წესრიგის პოვნას ვცდილობდი…

დღეს ნინო მხატვარ-დიზაინერია და ჩვენი შემოქმედებითი დიალოგი წლების განმავლობაში გრძელდება, როგორც ორი პარალელური სამყარო, რომლებიც პერიოდულად კვეთენ ერთმანეთს.

და ბოლოს – დედა… მისი სილამაზე არასდროს ყოფილა მხოლოდ გარეგნული. ეს იყო შინაგანი სინათლე, დახვეწილი ესთეტიკა, მოძრაობაში გამოხატული ჰარმონია, ხოლო სიტყვაში გამოხატული სითბო და სიზუსტე. მისგან ვისწავლე, რომ ნამდვილი ელეგანტურობა მდგომარეობს არა ფორმაში, არამედ არსში.

ის იყო და რჩება ჩემი შთაგონების პირველწყაროდ, ჩემს უხილავ მუზად, ჩემს ანგელოზად.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს. მათი უპირობო სიყვარულისა და ზრუნვის გარეშე მე და ნინო ვერ შევძლებდით ჩვენი ოცნებების განხორციელებას. სწორედ მათმა მხარდაჭერამ მოგვცა ძალა, გვევლო ჩვენს გზაზე და გვექცია ოცნებები რეალობად.

რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც საფრანგეთი აირჩიეთ თქვენი კარიერის განვითარების ადგილად? როგორც უკვე აღვნიშნე, პარიზი მოდის მექაა. ადგილი, სადაც ისტორია, ტრადიცია და ავანგარდი ერთმანეთში იხლართება და სადაც დიდი სახელები არა მხოლოდ იქმნება, არამედ მარადიულობას იძენს. მაღალი მოდის კულტურა სწორედ იქ იბადება, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მდინარესავით მიედინება, იცვლის ფორმას, მაგრამ არასდროს კარგავს თავის არსს.

ამ უწყვეტმა დინებამ, ამ ენერგიამ და სილამაზის ამ განსაკუთრებულმა ფილოსოფიამ განსაზღვრა ჩემი გზა და გამიწვია პარიზში. არა მხოლოდ როგორც გეოგრაფიულ სივრცეში, არამედ როგორც სულიერ და შემოქმედებით ცენტრში.

იქ, ამ ძლიერ ტრადიციასთან შეხებისას, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა საკუთარი ხმის პოვნა. ირაკლი ნასიძის ხელწერა სწორედ ამ დიალოგში ჩამოყალიბდა, აღმოსავლური სენსიტიურობისა და დასავლური სტრუქტურის სინთეზად.

ჩემს ნამუშევრებში მოდა სცდება ფუნქციურობას და გადაიქცევა ემოციურ ნარატივად. ფორმები თითქოს ცოცხლობენ, ქსოვილები სუნთქავენ, სილუეტები კი სხეულს არ იმორჩილებენ, არამედ მასთან ჰარმონიაში არსებობენ.

ჩემი ხელწერა არის მცდელობა, შევქმნა დროის მიღმა არსებული სილამაზე, სადაც წარსულის მეხსიერება და თანამედროვეობის პულსი ერთიანდება.

და სწორედ ამიტომ, პარიზში გამგზავრება არ ყოფილა უბრალოდ არჩევანი. ეს იყო გარდაუვალი ნაბიჯი იმ გზაზე, რომელიც საკუთარ იდენტობასა და უნიკალურობას ეძებს.

თქვენ მიერ შექმნილი ნაქარგები ამშვენებდა ისეთი მაღალი მოდის სახლებს, როგორებიცაა: ჟან ლუი შერერი, კრისტიან ლაკრუა, ივ სენ ლორანი, დიორი, შანელი, ფრანსუა ლესაჟი. რა ემოციის მატარებელია თქვენთვის ცხოვრების ეს მომენტები და როგორ იქონია გავლენა შემდგომში თქვენს კარიერულ წარმატებაზე? ყოველთვის მქონდა რწმენა, რომ მიზანდასახულობა და დისციპლინა ქმნის იმ სივრცეს, სადაც შესაძლებლობები ბუნებრივად იხსნება. იქ, სადაც პროცესს უკვე საკუთარი ლოგიკა და კანონზომიერება მართავს.

ჩემი პროფესიული გზის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო თანამშრომლობა Jean Louis Scherrer-თან და Christian Lacroix-თან, ხოლო Yves Saint Laurent-თან შეხვედრა იქცა იმ შინაგან ნიშნულად, რომელმაც ჩემზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა.

მახსოვს, სრულიად მოულოდნელად შემოვიდა ოთახში. იმ მომენტში ერთ-ერთ მის თანამშრომელთან ერთად ვმუშაობდი და მის გამოჩენას არ ველოდით. ეს არ იყო უბრალოდ შეხვედრა; ეს იყო ენერგიის კონცენტრაცია, აურა, რომელიც სივრცეს ცვლიდა. მისი მშვიდი შემოსვლა, ხელის ჩამორთმევა და რამდენიმე სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემში შემოქმედებითი ვექტორი უფრო მკაფიო გამხდარიყო.

ეს ადამიანები, ისინი, ვინც მოდის ისტორიას ქმნიდნენ, ჩემთვის იქცნენ არა მხოლოდ ავტორიტეტებად, არამედ ცოცხალ არქივებად, გამოცდილებად, რომელიც ემოციით გადაიცემა.

ჩემი შემოქმედება სწორედ ამ ემოციურ არქივზეა აგებული. შეხვედრებზე, მოვლენებზე, იმ ნიუანსებზე, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველია, მაგრამ ჩემთვის შეიძლება გადაიქცეს ძლიერ შემოქმედებით იმპულსად.

ეს პერიოდი იყო უდიდესი ნდობის, პასუხისმგებლობისა და თავისუფლების სინთეზი – შესაძლებლობა, მემუშავა დამოუკიდებლად, საკუთარი ხედვის სრული ავტონომიით, ყოველგვარი გარედან თავსმოხვეული ჩარჩოების გარეშე.

2002 წელს, Palais Galliera-ში შედგა ჩემი პირველი ჩვენება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა შემდგომ, დინამიკურ და თანმიმდევრულ კარიერულ განვითარებას.

წლების განმავლობაში მქონდა პატივი ვყოფილიყავი Chambre Syndicale de la Haute Couture-ის მიწვეული წევრი – ინსტიტუციის, რომელიც განსაზღვრავს მაღალი მოდის სტანდარტებს.

ჩემი რეკომენდატორი გახლდათ François Lesage – პარიზის ისტორიული ქარგვის სახლის დამაარსებელი და ერთ-ერთი უდიდესი მეტრი, რომლის ნდობა ჩემთვის განსაკუთრებული პროფესიული აღიარება იყო.

როგორ აღწერდით საკუთარ სტილს. რა არის ის ელე

მენტი, რომელიც თქვენს კოლექციებს სხვებისგან განასხვავებს? ჩემი ხელწერა შეუთავსებლის შეთავსებაა. მე ვქმნი სამოსსა და სამკაულს, რომელიც არ არის მხოლოდ ვიზუალი. თითოეული ნამუშევარი უხმო დიალოგია, სადაც ფორმა, მასალა და თარგის ხელოვნება ერთიანდება არქიტექტურულ, თანამედროვე ნარატივშ რამდენად მნიშვნელოვანია ქართულ კულტურასა და ტრადიციებზე დაყრდნობილი დეტალები თქვენს დიზაინში?** კულტურა კაცობრიობის უნივერსალური მახასიათებელია. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც განსხვავებული შეხედულებები, ესთეტიკა და ინდივიდუალიზმი ერთდროულად ბრწყინავს და ვითარდება. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ფასეულობები ხშირად იკარგება.

კულტურა არ არის მხოლოდ ცოდნა ან ჩვევა. ეს არის გამოცდილების ნაზავი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა ტრადიციების, მონათხრობების, ნივთებისა და ქმედებების მეშვეობით. ადამიანები არა მხოლოდ უნიკალური არსებები ვართ; ჩვენ ვართ შემოქმედებიც. თუმცა, რას შევქმნით, დიდწილად დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც ვყალიბდებით და იმ ადამიანებზე, რომლის ხელშიც ვიზრდებით. ჩემი შემოქმედება მთლიანად ქართული სულით არის გამსჭვალული, მაგრამ არასდროს ყოფილა მონოქრონული და პირდაპირი. ჩემი სტილი აერთიანებს ქართული კულტურული ფასეულობების არსს სხვა კულტურებთან, ქმნის დიალოგს ძველსა და ახალს შორის და სწორედ ეს აძლევს ნამუშევრებს უნიკალურ ხიბლსა და სიღრმეს. არქეოლოგია, ისტორია და ქართული ტრადიციული ოქრომჭედლობის ნიმუშები ჩემთვის მუდმივი ინსპირაციის წყაროა.

როგორც „ზარაფხანას“ არტ დირექტორი, ჩვენი საიუვილერო კოლექციები ხშირად ირეკლავს ძველი ქართული ოქრომჭედლობის გავლენას. დღეს ჩვენ ვქმნით ახალ, თანამედროვე ოქროს ფონდს, რომელიც აერთიანებს მემკვიდრეობას და თანამედროვე ვიზუალს, თითოეული ნამუშევარი იქმნება ძველი სულიერებითა და თანამედროვეობის ენით.

მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო ჩემი პირველი Haute Couture კოლექცია, რომელიც 2002 წელს Palais Galliera-ში მოეწყო (პარიზის მოდის მუზეუმი). მთელს დარბაზში ქართული იავნანა ისმოდა. ეს იყო დღე, როდესაც ჩემი კულტურული იდენტობა და პარიზული მაღალი მოდის სამყაროს ერთმანეთს შეერწყა.

თქვენი საქმიანობა არა მხოლოდ ტანსაცმლის დიზაინს უკავშირდება, არამედ მთლიანად ხელოვნებას, ხატავთ, ქმნით სამკაულებს. როგორ უკავშირებთ ამ ყველაფერს ერთმანეთთან? თქვენ სწორად თქვით. დიახ, ჩემი შემოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ სამოსის დიზაინით. ის არ ექვემდებარება კლიშეებს. პირიქით, მისი არსი და დანიშნულება ღრმაა, მრავლის მომცველი, ეფუძნება მთლიანად სულიერებას და არა მატერიალურს. სწორედ ამიტომ ვუწოდებ საკუთარ თავს შემოქმედს, არა მხატვარ–დიზაინერს. ეს უკანასკნელი ვიწრო, კონკრეტული მიმართულების განმასახიერებელია.

მე ვქმნი არა მხოლოდ სამოსს, არამედ სამკაულს, ავეჯს, კერამიკულ ჭურჭელს. ვმუშაობ ლითონში, ფერწერასა და გრაფიკაში. თითოეული ნამუშევარი ჩემს ემოციას, ხედვასა და შინაგან სამყაროს გამოხატავს. ისინი არა უბრალოდ საგნებია, არამედ ხიდი შემოქმედებასა და ადამიანებს შორის.

როგორ შეიცვალა თქვენი ხედვა მოდაზე წლების განმავლობაში, განსაკუთრებით სხვადასხვა კულტურასთან შეხების შემდეგ? შეხედულებები არსებითად არ შეცვლილა. ისინი უბრალოდ გაფართოვდა, გაღრმავდა და ახალი ფერებით შეივსო. ჩემს ევროპულ გამოცდილებას თანდათან შეერწყა აზიური გამოცდილებაც, რომელმაც ჩემში სხვა რიტმი, სხვა სიჩუმე და სხვა სიღრმე გააღვიძ როგორი არის თქვენი ახლანდელი სამუშაო პროცესი. რა პროექტებზე მუშაობთ?** რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ისინი მრავალფეროვანი და მასშტაბურია და მოიცავს გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას. მოდას, არტ-ობიექტებს, რომლებიც შესრულებულია სხვადასხვა მასალაში, მათ შორის ბრინჯაოში, ვერცხლში, ოქროში, ნატურალურ ქვებში, კერამიკაში. აგრეთვე რამოდენიმე წელია ფოტოგრაფიამ ძალიან გამიტაცა. ამასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობ პროექტებზე, რომლებიც მოიცავს სასტუმროებისა და კერძო ვილების ინტერიერის დეკორის შექმნას, სადაც სივრცე ინდივიდუალური მხატვრული ხედვის მატარებელ გარემოდ გარდაიქმნება.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩემს მეუღლესთან, Qiao Qi-სთან ერთად, საერთაშორისო მასშტაბით ვმუშაობ – ევროპაში, საქართველოში და აზიაში. ჩვენი შემოქმედება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სხვადასხვა ტიპის კოლექციონერებში.

ჩვენი ნამუშევრები წარმოდგენილია ევროპის სხვადასხვა გალერეებში და საერთაშორისო Art Fair-ებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი შემოქმედების აქტუალურობას გლობალურ ხელოვნების სივრცეში.

ამა წლის 12 აპრილს თანამედროვე ხელოვნების ცენ ტრში „ანაგი“ ჩემი მეუღლის პერსონალური გამოფენა გაიმართა, სადაც ასევე წარმოდგენილი იყოჩვენი ერთობლივი რამდენიმე ნამუშევარი.

ასევე, ამა წლის ივლისში, პარიზში, Paris Haute Couture Week-ის ფარგლებში, Palais Vivienne-ში წარვადგენ ჩემს მიერ შექმნილ კოლექციას „მისტიკური კონტურები“ საიუველირო ბრენდის „ზარაფხანასთვის“. ღონისძიებას დაესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ჩვენი ძირითადი დამკვეთები და კოლექციონერები.

შემდგომი გეგმები მოიცავს პროექტებს ყაზახეთსა და ჩინეთში, ხოლო 2027 წლის იანვარში დაგეგმილი მაქვს მონაწილეობა ბელგიაში, კერძოდ ბრიუსელში BRAFA Art Fair-ზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო Art Fair-ად ითვლება.

რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ქართველ დიზაინერებს, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაზე ოცნებობენ? მხოლოდ ორ რჩევას გამოვყოფდი. პირველი – შეინარჩუნონ საკუთარი ინდივიდუალობა, ის შინაგანი ხმა, რომელიც მათ სხვებისგან განასხვავებს და მეორე – იყვნენ გულწრფელები საკუთარ ნამუშევრებთან, რადგან სწორედ ამ გულწრფელობაში იბადება ნამდვილი ხელოვნება.

კიდევ წაიკითხეთ

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია
ავიაცია

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია

როდესაც მგზავრი თვითმფრინავში ადის, ის საკუთარ უსაფრთხოებას ეკიპაჟს ანდობს. თუმცა ბევრმა არ იცის, რამდენწლიანი სწავლა, გამოცდილება და მუდმივი გადამზადება დგას ყოველი ფრენის უკან. თითოეული პილოტი ავიაკომპანიაში მუშაობამდე ხანგრძლივ და ძალიან პასუხისმგებლიან გზას…

მილანი
მოგზაურობა

მილანი

მილანი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ქალაქია. იგი აერთიანებს ისტორიულ არქიტექტურას, თანამედროვე ცხოვრებას, მოდის სამყაროს და კულტურულ მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ აქ ჩასული მოგზაურები ქალაქის განსაკუთრებულ ატმოსფეროს მაშინვე გრძნობენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა
ლაიფსტაილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა

საქართველო ყოველთვის ეძებდა რწმენის, სიმყარისა და სულიერი ერთიანობის გზას. შთაგონებას, იმედს, რწმენისა და ნდობის გაღვიძებას, ეკლესიისთვის მრევლის დაბრუნებას. და აი გამოჩნდა ადამიანი ვისი სიტყვები და ქმედებებიც ასახავდა არა მხოლოდ სულიერ სიმტკიცეს, არამედ…