Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

რაჭა

რაჭა

რაჭა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუთხეა. ადგილი, რომელიც პირველივე ნახვით შეგიყვარდება – პატარა ხის სახლები, ულამაზესი ბუნება, უგემრიელესი კერძები, და რაც მთავარია – ხვანჭკარა.

რაჭა ცნობილია მაღალი მთებით, ალპური ტბებით, ულამაზესი ტყეებით, შუა საუკუნეების ტაძრებით და მოსიყვარულე ადამიანებით.

ამბობენ, რომ რაჭა იწყება შაორის ტბიდან. ყველა მოგზაური აქ ჩერდება და ტკბება ულამაზესი ტბით, რომელიც გარშემორტყმულია მთებით. შაორის ტბა რაჭის პირველი გაჩერებაა. ის ოთხივე სეზონზე შთამბეჭდავია, თუმცა, შემოდგომა განსაკუთრებით უხდება — უთვალავი ფერებით აჭრელებული მთები.

თუ პირველად ხართ რაჭაში, აუცილებლად მოინახულეთ ნიკორწმინდის ტაძარი – XI საუკუნის არქიტექტურული საოცრება, უნიკალური ფრესკებით – სულის შემძვრელი სილამაზე.

ამბროლაური რაჭის გულშია – პატარა, მაგრამ თავისი ხასიათით ძალიან საინტერესო ქალაქი. აქაურობას გვერდი არ აუაროთ, თუ გსურთ, რომ გემრიელი ლობიანი მიირთვათ, ხოლო, ხვანჭკარით ადგილობრივები თავად გაგიმასპინძლდებიან. ამბროლაური ხომ ხვანჭკარას სამშობლოა! აქ არის ვენახები და მარნები, სადაც ამ ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს დააგემოვნებთ. კერძები კი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ – რაჭული ლობიანი, რაჭული ლორი და შქმერულია.

რაჭველები ძალიან უშუალო და სტუმარმოყვარე ხალხია და ფანტასტიკური იუმორიც აქვთ.

აუცილებლად უნდა მოინახულოთ მრავალძალის მონასტერი, საიდანაც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხედი იშლება და მთელი რაჭა ხელის გულზე მოსჩანს. მრავალძალის მონასტერი IX–X საუკუნეებშია აგებული.

გონა რაჭის ყველაზე მაღალ წერტილში მდებარე ულამაზესი სოფელია, რომელიც მოსახლებისგან დაცლილია და ზაფხულობით მხოლოდ სამი ოჯახი თუ დაგხვდებათ. ადრე აქ სიცოცხლე ჩქეფდა, თუმცა, როგორც სხვა ბევრი მთიანი სოფელი, დღეს ესეც დაცარიელებულია.

თუ უწერაში მოხვდებით, გაგიმხელთ, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილია რაჭაში, აუცილებლად გასინჯეთ მჟავე წყლები, ამბობენ, რომ ბევრ დაავადებას კურნავს. უწერას ცენტრში ხიდია და ამ ხიდის ქვემოთ ყოველ ზაფხულს საბანაო სეზონია გახსნილი. მთელი სოფელი აქ იყრის თავს და ზაფხულის ცხელ დღეებში გრილდება.

რაჭა ნამდვილი სამოთხეა მათთვის, ვისაც ფეხით სიარული და მთის ბილიკები უყვარს. უძიროს ტბა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია – ალპური მთის ტბა და ულამაზესი ბილიკი. გზა საშუალო სირთულისაა და მარშრუტის დასაფარად ორი დღეა საჭირო.

რაჭას რომ ღვინის სამშობლოს ვუწოდებთ, შემთხვევითი არ არის. ყველაზე ცნობილი რაჭული ღვინო ხვანჭკარაა – ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელიც ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნით მზადდება. იგი ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ღვინოა და საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. ძალიან უხდება ასევე ცნობილ რაჭულ ლორს.

რაჭა და რაჭველები ნამდვილად მოგხიბლავენ პირველივე ნახვით და კიდევ უფრო მეტად შეგაყვარებენ საქართველოს.

ნინუცა ორჯონიკიძე გიორგი გომიაშვილი

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისის“ მრავალწლიანი პარტნიორი

„ჯორჯიან ეარვეისი“ უკვე მრავალი წელია თბილისსა და ამსტერდამს პირდაპირი რეისით აკავშირებს, „KLM“ ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორია. „ჯორჯიან ეარვეისს“ და „KLM“-ს „Code Share“ ხელშეკრულება აკავშირებს და მგზავრებს თბილისიდან ამსტერდამში, ხოლო ამსტერდამიდან მხოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით,…

Airplane mode On
ავიაცია

Airplane mode On

**რატომ გვთხოვენ ეკიპაჟის წევრები ფრენის დროს მობილური ტელეფონების გადაყვანას Airplane Mode-ზე?** ავიაცია იყენებს ძალიან მგრძნობიარე რადიოსიხშირეებს, რომლებიც აუცილებელია როგორც დისპეტჩერთან კომუნიკაციისთვის, ასევე ნავიგაციისთვის. აქტიური მობილური მოწყობილობების დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს რადიოსიხშირეების შეფერხება.

ამსტერდამი/AMSTERDAM
მოგზაურობა

ამსტერდამი/AMSTERDAM

წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც არხების ხმაური მანქანების ხმაურს ანაცვლებს, ადამიანები ველოსიპედებით გადაადგილდებიან და ძველი შენობების ფონზე თანამედროვე ცხოვრება მშვიდად მიედინება. ეს ამსტერდამია, ნიდერლანდების განსაკუთრებული ქალაქი, სადაც ისტორია, ხელოვნება და თავისუფალი აზრი ერთ სივრცეში…