თბილისის განსაკუთრებული სადარბაზოები

თუ ძველი თბილისის ქუჩებში გაისეირნებთ, ყველაზე ახლოს შეიცნობთ XIX-XX საუკუნის ისტორიას. ქუჩებში სეირნობისას გგონია, რომ შენობები თითქოს თავად საუბრობენ, ხოლო ქუჩების სახელები გიყვებიან, რომ ამ ადგილებში გამოჩენილი მოღვაწეები ცხოვრობდნენ და საქართველოს კულტურას ქმნიდნენ. ამ პერიოდის კიდევ უფრო ახლოს გასაცნობად კი ძველი შენობების სადარბაზოების მონახულებას გირჩევთ. თბილისში სადარბაზოები XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა და აივნიანი შესასვლელები ეტაპობრივად ჩაანაცვლა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოვლინდა იმ საზოგადოების ფენაში, რომელიც ევროპულ კულტურას ეზიარა და დასავლური ცხოვრების პრინციპები მათი შთაგონების წყაროდ იქცა. გარდა ამისა, სადარბაზოები, რომლებიც მხატვრების მიერ იყო მოხატული და მოჩუქურთმებული, ხაზს უსვამდა მაცხოვრებლების სოციალურ სტატუსს.
ერთ-ერთი ასეთი ტაბიძის 18 ნომერში მდებარეობს. ამ სადარბაზოს ისტორია XX საუკუნის დასაწყისში იწყება. აქ ცხოვრობდნენ ცნობილი სომეხი ვაჭრები, ძმები სეილანოვები, რომლებიც თამბაქოს წარმოებით იყვნენ დაკავებული. მათი სახელი მთელს ქალაქში იყო ცნობილი, არა მხოლოდ როგორც ბიზნესმენებისა, არამედ როგორც ქველმოქმედების სფეროში მოღვაწე პირების. დღესდღეობით, ეს სადარბაზო წარმოადგენს ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ღირსშესანიშნაობას. სადარბაზოს ინტერიერი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს: ძმებმა აღნიშნული სივრცე იტალიელ მხატვართან, ბენო ტელინგატერთან ერთად შექმნეს. კედლებზე ასახული კონტინენტები მნახველს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას უტოვებს. სადარბაზოში წარმოდგენილია დეკორატიული ორნამენტები, რაც შესანიშნავად აერთიანებს კლასიციზმსა და ბაროკოს სტილს. ტაბიძის 18 ნომერი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც თბილისური კულტურისა და ისტორიის ნაწილია.
ასევე ბენედიქტ (ბენო) ტელინგატერის მიერაა მოხატული დავით აღმაშენებლის 93 ნომერში მდებარე სახლის სადარბაზოც. შენობა 1904 წელსაა აშენებული და ის თბილისის პირველი გილდიის ვაჭარს აბაზოვს ეკუთვნოდა. შენობის სადარბაზოზე ტელინგატერთან ერთად იმუშავა დე მარცომ. სადარბაზოში წარმოდგენილია ექვსი მხატვრობა, რომლებიც სხვადასხვა კონტინენტებს – აზიას, აფრიკას, ავსტრალიას, ამერიკას და ევროპას წარმოაჩენენ. თითოეულ ნახატში ადამიანების ყოფა და ცხოვრებისეული პასაჟებია ასახული. გარდა კედლის მხატვრობისა, სადარბაზოს ჭერიც მოხატულია, მასზე ვარდებსა და გვირილებს შორის მყოფი ანგელოზებია გამოსახული.
ძველ თბილისში სეირნობისას, აუცილებლად მოხვდებით ასათიანის ქუჩის 58 ნომერში. აქ შეგიძლიათ იხილოთ თბილისური სადარბაზოების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ტიპური ნიმუში, რომელსაც ახასიათებს უნიკალური სტილი და მხატვრული ნამუშევრები. მხატვრობა შესრულებულია ბუნებრივი საღებავებით, ზოგიერთ ადგილას ასევე შეხვდებით ზეთით შესრულებულ ნახატებს. სადარბაზო კარგად ინახავს თავის ძველ იერსახეს და მისი არქიტექტურიდან აშკარად იკითხება მეცხრამეტე საუკუნის ესთეტიკა, თუმცა, ამავე დროს კედლები მნიშვნელოვნად დაზიანებულია, ხოლო ფიგურული კომპოზიციები გადაღებილია. ამას ემატება გვიანდელი ელექტრო გაყვანილობები, ფითხით შელესილი კედლები და სხვა ურბანული მინაწერები. მიუხედავად ყველაფრისა, როცა სადარბაზოში შედიხართ, შეგიძლიათ სრულიად ნათლად აღიქვათ იმ პერიოდის თბილისის განწყობა, რომელიც სულ უფრო უახლოვდებოდა ევროპულ კულტურას.
ქიქოძის ქუჩის 9 ნომერში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობს, რომელიც გამორჩეულია თავისი ულამაზესი შიდა კიბით და მოხატული ჭერით. მსგავსი კიბეები პოპულარული იყო XIX საუკუნის ფრანგულ სახლებში, თუმცა, მათი ადაპტაცია ქართულ რეალობაში მხოლოდ მეოცე საუკუნეში მოხდა. საბჭოთა ხელისუფლებამ შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა, განსაკუთრებით კედლის მხატვრობა, რომელიც ფაქტობრივად გაანადგურეს. თუმცა, ჭერზე შემორჩა მოჩუქურთმებული ორნამენტები, რომლებიც დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს. ასევე ყურადღებას იქცევს ამავე შენობის კარი, სადაც ჩანს XIX საუკუნის ესთეტიკური და არქიტექტურული მიდგომები.







