ლადო გუდიაშვილი
ქართული მხატვრობის შეუდარებელი ოსტატი

ქართველი ხელოვნების სამყაროში არის სახელები, რომლებიც საუკუნეებს გასცდა და ეპოქებს შორის ხიდად იქცა. ლადო გუდიაშვილი სწორედ იმ იშვიათ მხატვართაგანია, რომელმაც შეძლო ეროვნული იდენტობისა და ევროპული მოდერნიზმის საოცარი შერწყმა. მისმა ნამუშევრებმა ქართულ ხელოვნებას ახალი განზომილება შესძინა. გუდიაშვილი მხოლოდ მხატვარი არ იყო – იგი იყო სულიერი თარჯიმანი, რომელმაც თავისი ფუნჯით ქართული სული და მისტიკური სამყარო მნახველისთვის დაუვიწყარ გამოცდილებად აქცია. XX საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენლად მიჩნეული გუდიაშვილი საერთაშორისო მასშტაბითაც აღიარებულია, ხოლო მისი შემოქმედება დღემდე შთაგონების წყაროა მრავალი მხატვრისთვის.
ლადო გუდიაშვილი 1896 წლის 30 მარტს (ძველი სტილით 18 მარტს) თბილისში დაიბადა. ბავშვობიდან გამოირჩეოდა მხატვრობის ნიჭით, რამაც განაპირობა მისი სწავლა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, რომელიც 1914 წელს დაასრულა. სწორედ აქ მიიღო პირველი პროფესიული განათლება.1916 წელი ლადო გუდიაშვილისთვის დასამახსოვრებელი იყო. მან ნიკო ფიროსმანაშვილი გაიცნო, რომელმაც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
მოგვიანებით, ლადო გუდიაშვილი პარიზში მის მეგობარ მხატვრებთან ერთად გაემგზავრა, სადაც პოლ რანსონის აკადემიაში სწავლობდა. პარიზში ცხოვრების წლებში გუდიაშვილი დაუმეგობრდა ისეთ ცნობილ ხელოვანებს, როგორებიც იყვნენ პაბლო პიკასო და ამადეო მოდილიანი. ამ პერიოდში მისი ხელწერა მკვეთრად განვითარდა. მისი ნამუშევრები გაჯერებული იყო სიმბოლიზმით, ლირიზმით და გამომსახველობითი ფერთა პალიტრით. ამავდროულად, მან შეინარჩუნა კავშირი ქართულ ფესვებთან და ხშირად ასახავდა ქართულ თემატიკას, რაც მას გამორჩეულ მხატვრად აქცევდა საერთაშორისო ხელოვნების ასპარეზზე.
ლადო გუდიაშვილის პარიზში ყოფნის პერიოდში გაიმართა „საშემოდგომო სალონის გამოფენა“, რომელზეც მხატვარმა თავისი ოთხი ნამუშევარი წარადგინა. ესენი იყო: „ქეიფი“, „ქეიფი გარიჟრაჟზე“, „იდილია“, „კინტოების ქეიფი ქალთან“. თითოეულმა ნამუშევარმა დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა პარიზელებში. მომავალში მისი ნამუშევრები შეიძინეს მადრიდის „პრადოს“ მუზეუმმა, პარიზის გალერეებმა, ევროპელმა და ამერიკელმა კერძო კოლექციონერებმა.1925 წელს 29 წლის ქართველმა მხატვარმა ცოლად შეირთო ფრანგი მწერალი ჟანა ჟოფრე.
მალევე, გუდიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო მხატვრულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის და ჟანა ჟოფრე კი განქორწინდნენ.
მხატვარმა 1933 წელს ცოლად შეირთო ნინო მგელაძე. მისი ნამუშევრები ამ პერიოდიდან უფრო ექსპრესიული, დრამატული და სიმბოლიზმით დატვირთული გახდა. იგი ქმნიდა ფერწერულ ტილოებს, გრავიურებს, ილუსტრაციებსა და მონუმენტურ მხატვრობას. გუდიაშვილის ნამუშევრები ხშირად ასახავს ქართულ მითოლოგიას, რელიგიურ სცენებს, ფანტასტიკურ არსებებსა და სახალხო ცხოვრებას. მის შემოქმედებაში იგრძნობა ძლიერი ეროვნული მოტივები, რომლებიც ქართულ კულტურას ორიგინალური ფორმით წარმოაჩენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფრესკები. 1946 წელს მან ქაშვეთის (თბილისი) ეკლესიის კედლები მოხატა, რისთვისაც ის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიიდან დაითხოვეს, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა. ქაშვეთის ტაძრის საკურთხეველში ედემის ბაღის გამაერთიანებელ ფონზე გუდიაშვილმა ღვთისმშობელი ყრმით და მოციქულთა ზიარება გამოხატა, ხოლო მომიჯნავე კედლებზე მთავარანგელოზი გაბრიელი და ღვთისმშობელი ხარების სცენიდან.
ცალკე აღსანიშნავია მხატვრის შემოქმედებაში წიგნის ილუსტრაცია და თეატრის მხატვრობა. წიგნის გრაფიკიდან განსაკუთრებით საინტერესოა „ვეფხისტყაოსანი“, „სიბრძნე-სიცრუისა“ და „ბალავარიანის“ ილუსტრაციები.
ლადო გუდიაშვილი არა მხოლოდ უდიდესი მხატვარი, არამედ ქართული კულტურის ნამდვილი ელჩიც იყო. მისი ნამუშევრები დღემდე ინახება სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. თბილისში ერთ-ერთ მოედანს ლადო გუდიაშვილის შემოქმედების პატივსაცემად მისი სახელი დაერქვა. მისი შემოქმედება დღემდე შთაგონების წყაროა როგორც ქართველი, ისე უცხოელი მხატვრებისთვის, რომლებიც ქართულ ხელოვნებაში უნიკალურობისა და ოსტატობის მაგალითებს ეძებენ.







