მრავალჟამიერი

„სიმღერები მათი სულის სიღრმიდან ამოდიან... ისინი მთელ თავის ძალებს ძაბავენ და თითქოს სხეულიდან სული ამოაქვთ, რათა საკმაოდ ჩამწვდომი ხმები მოგვასმენინონ“.
ასე დაახასიათა ქართული სიმღერა მე-19-ე საუკუნის 20-იან წლებში, საქართველოში მოგზაურმა გერმანელმა მეცნიერმა, ედუარდ აიხვალდმა, ქართველების მოსმენის შემდეგ.
ქართული სუფრა, გასტრონომია, ტრადიციები, ღვინო, თამადა, სადღეგრძელოები საქართველოს ეროვნული კულტურის ნაწილია. სუფრის მუსიკით გაფორმება კი ქართული კულტურის დამახასიათებელი ნაწილია.
ძველად, ქართული ტრადიციული სუფრის თანმხლები რეპერტუარი, პირველ რიგში, მრავალხმიან სუფრულ სიმღერებსა და სალხინო საგალობლებს მოიცავდა. მათ შორის გამორჩეული ადგილი კი მრავალჟამიერს ეკავა.
მრავალჟამიერი – „სიმღერა ხანგრძლივი სიცოცხლისა და ზღვა ბედნიერების სურვილით“, ის ხალხური სუფრული სიმღერის და საეკლესიო საგალობლის სახელწოდებაა. თავად სახელწოდება – „მრავალ წელს“, „ძალიან დიდხანს“, „მარადისში“ – ამ მნიშვნელობებით განიმარტება. საღმრთო ლიტურგიის ბოლოს, მგალობლები ეკლესიაში საქართველოს რომელიმე კუთხის მრავალჟამიერს ხშირად ასრულებენ. თემატურია, რომ მრავალჟამიერი კონკრეტულად ვაზის ჯიშებითა და მეღვინეობის ტრადიციით მდიდარი რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი. აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებიდან მრავალჟამიერი კახეთში, ქართლსა და მესხეთში გვხვდება. აღმოსავლეთში, გრძელ და მოკლე მრავალჟამიერს ასრულებენ. მათთვის დამახასიათებელია გაბმული ბანი, რომლის ფონზეც მაღალი ხმები ზოგჯერ მონაცვლეობით, ზოგჯერ კი ერთდროულად ჟღერდება. შესრულების მანერა მელიზმატიკით ე.წ ჩახვევებით გამოირჩევა. სიმღერებს განსაკუთრებულ ხასიათსა და ემოციას ტონალობების ცვლა სძენს – თანდათან ამაღლება და მრავალფეროვანი შინაარსის ტექსტები, რომლებიც სიკვდილსა და სიცოცხლეზე, მტრობასა და სიყვარულზე, სამშობლოზე და ღირსებაზეა. მრავალჟამიერი დასავლეთში რაჭაში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაშია გავრცელებული. აქ მათი უმეტესობა საგალობლის სტილისაა, თუმცა, საგალობლისგან განსხვავებით, ერთი ხმით დაწყება, ხმების თავისუფალი, ზოგჯერ, კონტრასტული განვითარებაც ახასიათებს.
ნიშანდობლივია, რომ ყველა კუთხეში სიმღერას განსაკუთრებულ ელფერს კუთხური საშემსრულებლო მანერა და ძირითადი ტექსტის ვარიაციები სძენს.
მრავალჟამიერი თავისი ფუნქციით, სიმღერის გარდა, დალოცვის ფუნქციასაც ითავსებს. იგი მრავალ წელს ყოფნისა და კეთილდღეობის სურვილია. საუკუნეების განმავლობაში, სიმღერაში თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხის მტერზე გამარჯვების სურვილიც აქტიურად გამოიკვეთა, რაც ტექსტებში აისახება – „მოვკვდები ხმალი გვერდს მიდევს მტრის თავის მოსაჭრელადა“.
მრავალჟამიერი ქართველებისათვის იმდენად მნიშვნელოვანი სიმღერაა, რომ მან თავისი ადგილი ქალაქურ ფოლკლორშიც დაიმკვიდრა. ქართული ტრადიციული მუსიკის შემადგენელი ნაწილი – ქალაქური ფოლკლორი – ორ მიმართულებად, აღმოსავლურად და დასავლურად იყოფა.
აღმოსავლური ქალაქური ფოლკლორი აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში მე-7-ე საუკუნიდან, აღმოსავლური მუსიკალური კულტურის გავლენის შედეგად განვითარდა, ხოლო, დასავლური ქალაქური ფოლკლორი მე-19-ე საუკუნეში ევროპული კლასიკური მუსიკის პოპულარობის შედეგად გაჩნდა. ქალაქური მრავალჟამიერი დასავლეთ საქართველოს ქალაქების კუთვნილებაა, რომლის ჰარმონია ევროპული მუსიკის კანონზომიერებას ეფუძნება და შესრულების მანერაზეც აქვს გავლენა.
ქართულ სიმღერებზე საუბრის დროს, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ „საქართველოს ხმად“ წოდებული, მომღერალი ჰამლეტ გონაშვილი, რომლის განუმეორებელი ხმის ტემბრი და ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა მსმენელს დღესაც აღაფრთოვანებს. მომღერალი, როგორც ქართლ-კახურ, ისე იმერულ-გურულ სიმღერებს, საგალობლებს და ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს ერთნაირი წარმატებით ასრულებდა. ჰამლეტ გონაშვილის შემოქმედება ხალხურ ფესვებთან სიახლოვის, ქართული და დასავლეთ ევროპის კლასიკური მუსიკის ესთეტიკური იდეის სინთეზია. მის მიერ შესრულებული სიმღერები, დროსთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. უცხოელები ჰამლეტ გონაშვილის მიერ შესრულებულ „ურმულსა“ და „ოროველას“ კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში, როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობის უნიკალურ გამოვლინებას იყენებენ.






