Georgian Airways ჟურნალი ENG
გასტრონომია

ქართული ყველის ისტორია და ნაირსახეობები

ქართული ყველის ისტორია და ნაირსახეობები

ყველი ქართული სამზარეულოს შეუცვლელი პროდუქტია. ქართულ გასტრონომიულ კულტურაში მრავლად მოიპოვება ყველიანი კერძების რეცეპტებიც. შესაძლოა გაგიკვირდეთ, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ყველის სრულიად უნიკალური და ერთმანეთისგან განსხვავებული 60-მდე სახეობა არსებობს. საქართველოში ყველის მომზადება ერთგვარი რიტუალია და ის, ძირითადად, საოჯახო პირობებში ქალების მიერ მზადდება. ქართული ყველის არაერთი სახეობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

მაგალითად, ყველი ნარჩვი სვანურია და ის სვანურად „ნაგროვებს“ ნიშნავს. ნარჩვის მზადებას ზაფხულიდან იწყებენ და საბოლოო შედეგის მისაღებად პროცესი თითქმის ორი თვე გრძელდება, სანამ ძროხა საკვებად ცოცხალ ბალახს იყენებს. ნარჩვი ზამთრისთვის შენახული ყველია. ყველს ფშვნიან, უმატებენ მარილს და ერთგვაროვან მასად ზელენ. ამ ყველს ინახავენ ფოთლოვანი ხის თხელი ფიცრებისგან გაკეთებულ ყუთში, სადაც მარლას აფარებენ, ადებენ სიმძიმეს, რომ დროთა განმავლობაში დარჩენილი სითხე გამოიდევნოს და სიბნელეში ტოვებენ. ნარჩვი შობამდე მწიფდება და ვარგდება. რძის და კარაქის გემო გასდევს, არ არის მლაშე და გამოიყენება, როგორც მშრალად, სადილისთვის, ისე ხაჭაპურის გულსართად. სწორედ ნარჩვისგან მზადდება უგემრიელესი სვანური ჭვიშტარიც.

საქართველოში, კერძოდ კი თუშეთში, აღმოაჩენთ გუდის ყველს. თუშური გუდის ყველი მხოლოდ ცხვრის, ან ცხვრისა და ძროხის შერეული, ნედლი, მოუხდელი რძისგან დამზადებული ყველია. ის ცხვრის ტყავისგან დამზადებულ გუდაში მწიფდება, სადაც 4-5 თავ ყველს დებენ, მათ შორის ფენებად ყრიან მარილს, გუდას თავს მოუკრავენ და ზედ ნაბადს აფარებენ იმისათვის, რომ ყველს მარილი თანაბრად გაუჯდეს. ყველის თავებს დღეში რამდენჯერმე აბრუნებენ და ფორმას უცვლიან. ამ მეთოდით ის გუდაში 60 დღის განმავლობაში მწიფდება.

მესხური ტენილი ყველი კი ყველა სხვა ყველისგან განსხვავებულია, როგორც ფორმით, ისე გემოვნური თვისებებით. ის ცხვრის ან ძროხის რძისგან მზადდება და გამოირჩევა განსაკუთრებული ცხიმიანობით. ამოყვანილ ყველს ცხელ შრატში ატრიალებენ იქამდე, სანამ ძაფის ფორმა არ მიეცემა. შემდეგ, ცივ მარილიან წყალში კარგად გარეცხავენ და გასაშრობად ერთი დღე დაკიდებენ. გამშრალს ჭრიან, ნაღებში ავლებენ და თიხის ქოთანში ისე ტენიან, რომ ჰაერი არ ჩაჰყვეს. სწორედ აქედან მოდის სახელწოდებაც – ტენილი. მას შემდეგ, რაც თიხის ჭურჭელში მოათავსებენ და თავზე მარლას გადააფარებენ, გაცრილ წმინდა ნაცარზე გადმოაპირქვავებენ, რომ მინიმუმ ორი თვის განმავლობაში ყველანაირი ტენისგან დაიცალოს და კარგად დავარგდეს.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ყველი სულგუნი. ის მართლაც ქართული სუფრის „სული“ და „გულია“. სულგუნის პირველ დამამზადებლად მეგრელი და სვანი ხალხი მიიჩნევა. ეს ყველი კამეჩის ან ძროხის ახალმოწველილი რძისგან მზადდება და გულისხმობს მასის ამორევას, გადაზელას, მისთვის დაბალი ცილინდრის ფორმის მიცემასა და დამარილებას. ყველი ფენოვანი გამოდის და დაჭრისას ოდნავი კრაჭუნის ხმა აქვს. სულგუნი შეიძლება იყოს ჭყინტი, მშრალი, დავარგებული, შებოლილი ან ტრადიციული სუნელების, თაფლისა თუ ღვინის არომატით.

სტატიას იმერულ ყველზე საუბრით დავასრულებთ, რომელიც ხელით ამოჰყავთ. ახალმოწველილ რძეში შესადედებლად „ყველის დედას“, ანუ კვეთს ამატებენ და დაბალ ცეცხლზე დგამენ. რძის შედედების შემდეგ, ხელით ურევენ და იწყება მასის შეგუნდავებაც, ანუ ამოყვანა. ხელებით ნელ-ნელა წურვით მასას ათავისუფლებენ ზედმეტი შრატისგან, მაგრამ ისე, რომ საკმაო სისველე შერჩეს, რაც ყველის დამწიფების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. მომრგვალებულ ფორმის ყველს თიხის ან ხის გობზე ათავსებენ. მაგალითად, დილით ამოყვანილ ყველს საღამომდე ჯამში ამყოფებენ, შემდეგ, ქვამარილით აზავებენ. შემაგრებული და დამარილებული ყველი საბოლოოდ წათხში ინახება.

კიდევ წაიკითხეთ

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“
ავიაცია

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“

2024 წელს, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან ასრულებდა რეგულარულ, პირდაპირ ფრენებს გაზრდილი მიმართულებებითა და სიხშირეებით. წელს, ფრენები სრულდებოდა 12 მიმართულებით: პარიზი, ნიცა, მილანი, ამსტერდამი, ვენა, ლარნაკა, ბერლინი, მიუნხენი, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტპეტერბურგი, ნოვოსიბირსკი.

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი
ავიაცია

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი

თორნიკე ნადიბაიძე, „ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე მფრინავი: „ავიაციით ერთხელ თუ „მოიწამლე“, ერთხელ თუ აფრინდი, სულ ცდილობ, რომ თვითმფრინავი, ფრენა და ავიაცია შენი ცხოვრების ნაწილი იყოს“.

სვანეთი
მოგზაურობა

სვანეთი

როცა საქართველოში ზამთრის გატარებაზე გვაქვს საუბარი, რთულია მთას გვერდი ავუაროთ და სვანეთი არ გაგვახსენდეს. საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. სამთო სპორტის მოყვარულებს უკვე დიდი ხანია, რაც აქ…