გოგირდის აბანოები
დედაქალაქის სავიზიტო ბარათი

გოგირდის აბანოები თბილისის მთავარი სავიზიტო ბარათია. ადგილი, საიდანაც დედაქალაქის ისტორია იწყება. ისტორიული წყაროების მიხედვით, პირველი საცხოვრებელი კერა თბილისში, სწორედ, გოგირდის ცხელი წყაროების ტერიტორიაზე გაჩნდა.
ლეგენდა, მე-5 საუკუნეში თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენასა და მათზე ქალაქის გაშენებას, ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერს.
გადმოცემის თანახმად, მე-13 საუკუნის თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. „უცეცხლოდ ადუღებული“ წყლის, ანუ გოგირდის თბილისურ აბანოებს, არაერთი ცნობილი მოგზაური ახსენებს, მათ შორის, X საუკუნის არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი, XIII-XIV საუკუნეების ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო და სხვ.
თბილისურ ყოფაში აბანო დიდ როლს თამაშობდა და მას არა მხოლოდ ჰიგიენური დანიშნულებისთვის იყენებდნენ, არამედ სოციალიზაციისა და კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება იყო. აქ ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. თურმე, ძველად სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს აბანოებში ამოწმებდნენ. ქალებისთვის აბანოში შესასვლელი დღე სამშაბათი იყო, ამიტომაც, სიონთან მდებარე ერთ-ერთ აბანოს „სამშაბათა“ ერქვა.
აღსანიშნავია, რომ ძველი თბილისის აბანოებს მესაკუთრის სახელებით მოიხსენიებდნენ. მათ შორის ერთ-ერთი მეფე ერეკლეს სახელობის იყო. მეფე ერეკლეს აბანოს ბოლო მასშტაბური რეკონსტრუქცია 2020 წელს დაიწყო და სამი წლის შემდეგ დასრულდა. რეკონსტრუქციის პროცესში გათვალისწინებულია ისტორიის ყველა პერიოდში ჩამოყალიბებული სახეცვლილებები, მნიშვნელოვანი იყო აბანოს ავთენტიკურობის შენარჩუნება. დღეს, ერეკლეს აბანო კეთილმოწყობილი და მოქმედია ისევე, როგორც თბილისის ერთერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი „ჭრელი აბანო“. ამ უკანასკნელს ორბელიანის აბანოდაც იცნობენ. ის მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლურ ყაიდაზე გადაკეთდა და სახელწოდებაც სხვადასხვა ფერის ფილებით შემკული მოზაიკის ორნამენტული ფასადის წყალობით მიიღო. ფერთა გამაში ჭარბობს ლურჯის სხვადასხვა ტონალობები, რომელიც შეხამებულია მოვარდისფრო პასტელურ ტონთან. ასევე, გამოყენებულია ყვითელი, მწვანე და თეთრი ფერები. აბანოს დანარჩენი ფასადი სრულიად სადაა. ინტერიერიც აღმოსავლური აბანოსთვის დამახასიათებელია. დღეს ამ ადგილას უამრავი ტურისტი იკრიბება, „ჭრელი აბანოს“ წინ გადაღებული ფოტოები შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა, XVII– XVIII საუკუნეებში, ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი. აბანოები თბილისის უძველეს ნაწილში, ისტორიულ სეიდაბადში მდებარეობდა. სეიდაბადის ამ ნაწილს, აბანოთა სიმრავლის გამო, „აბანოთუბანი“ ეწოდა.
მე-19 საუკუნის 60-იან წლებში გოგირდის წყალი არაერთი მეცნიერის ყურადღების ცენტრში მოექცა და პირველი ქიმიური ანალიზიც 1880 წელს ჩატარდა.
გოგირდის აბანოებს, დასვენებისა და გართობის გარდა, უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია. ის ერთ-ერთი საუკეთესო დამცავია ვირუსების წინააღმდეგ. ცხელი ორთქლი ხელს უწყობს ფორების გახსნას და მათგან პათოგენების გარეცხვას. მაღალი ტემპერატურა აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, რაც ორგანიზმის გაჯანსაღების საშუალებას იძლევა. ასევე, სველი ორთქლი ბრონქებისა და ფილტვების საუკეთესო ინჰალატორია.
თუ ვინმეს ძველი თბილისური გარემოს შეცნობა სრულფასოვნად სურს, აბანოთუბანში ცხელი წყლის აბაზანის მიღების გამოცდილება საუკეთესოდ დაეხმარება.





