„ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე პილოტი მაგდა ქააძე – მფრინავი გოგონა თუშეთიდან

„ჯორჯიან ეარვეისის“ ეკიპაჟის ერთადერთი ქალბატონი – მაგდა ქააძე ავიაკომპანიაში მეორე მფრინავად 2018 წლიდან მუშაობს. მაგდა თუშეთში გაიზარდა და ბავშვობაში ხშირად ადევნებდა თვალს სოფელში ჩამოფრენილ ვერტმფრენებს.
„საქართველოში არაერთი მფრინავი თუშია, მხოლოდ ჩვენს კომპანიაში 5-6 მფრინავია თუშეთიდან. ბავშვობაში ავიაციის სფერო სწორედ ამ ადამიანებმა გამაცნეს. სოფელში ხშირად ჩამოდიოდნენ ადგილობრივი მფრინავები, ვერტმფრენით ჩამოფრინდებოდნენ ხოლმე. ეს ჩემთვის ახალი და უცხო იყო. ვინტერესდებოდი და ბევრს ვესაუბრებოდი მფრინავებს, შემდგარ ავიატორებს“.
უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დრო რომ მოვიდა, მაგდამ საავიაციო უნივერსიტეტში ჩაბარება და მფრინავის პროფესიის ათვისება გადაწყვიტა.
„ძალიან გამიმართლა ჩემს ოჯახში. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთის აზრსა და გადაწყვეტილებებს. ჩემი სურვილის გამოხატვა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება – ჩამებარებინა საავიაციო უნივერსიტეტში. მამას გავუზიარე ჩემი სურვილი, რომ მფრინავის პროფესია მინდოდა შემესწავლა. მან ერთადერთი რამ მითხრა: რთულ პროფესიას ეჭიდები, ბევრი შრომა მოგიწევს და შეეცადე ყველაფერი გააკეთო ბოლომდე რომ მიიყვანო ეს საქმეო. სამწუხაროდ, მამა იმ წელს დაიღუპა, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე. მართლაც ბევრი ვისწავლე, ვიშრომე და აქამდე მოვედი“.
6 წლის განმავლობაში მაგდას უკვე 3000 საათამდე აქვს ნაფრენი. არ ავიწყდება პირველი ფრენის ემოცია, როგორც ინსტრუქტორთან ერთად, ისე დამოუკიდებლად, ავიაკომპანიაში მუშაობის დაწყების შემდგომ. არ ავიწყდება ინსტრუქტორების, კოლეგების, ხომალდის მეთაურების გვერდში დგომა და მხარდაჭერაც.


