MOMA Tbilisi

ქალაქი თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი ნომერი 27 – ეს იმ ისტორიული შენობის მისამართია, სადაც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი – „მომა“ მდებარეობს. ადგილი, რომელიც დამთვალიერებელს თვალისმომჭრელი სანახაობით ტკბობასა და ხელოვნებისა თუ ისტორიის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას სთავაზობს.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ზურაბ წერეთლის სახელს ატარებს. მხატვრის, მოქანდაკისა და არქიტექტორის, რომლის ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშია მიმოფანტული. მაგალითად, მისი შექმნილი სკულპტურა „გლოვის ცრემლი“ აშშ-ში, თავისუფლების ქანდაკების მოპირდაპირედ, მდინარე „ჰადსონის“ სანაპიროზე დგას. ნამუშევარი, 175 ტონას იწონის. ის ხელოვანმა 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიუძღვნა.
ზურაბ წერეთლის ნამუშევრები, რა თქმა უნდა, თბილისშიცაა გამოფენილი. წმინდა ნინოს მონუმენტი ქალაქის შემოსასვლელში, წმინდა გიორგის ქანდაკება თავისუფლების მოედანზე, ასევე, მონუმენტი – საქართველოს მატიანე თბილისის ზღვაზე. მისი და სხვა მხატვრების შემოქმედების ხილვა კი ერთ სივრცეში დამთვალიერებელს სწორედ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შეუძლია. აქ ნახავთ ზურაბ წერეთლის ლეგენდარული კომპოზიციის „ვაშლის“ ასლს, ასევე, კომპოზიციებს „არგონავტებსა“ და „ჩემს საყვარელ მხატვრებს“. მუზეუმი საინტერესო და საერთაშორისო პროექტების ხშირი მასპინძელია, რაც მნახველს ყოველ ჯერზე ახალი ემოციით ავსებს. გარემოს საინტერესოს მისი ისტორიული მხარეც სძენს. შენობა, სადაც ახლა მუზეუმია მოწყობილი მე-19 საუკუნეში აიგო. თავდაპირველად ის დაწყებით სამხედრო სკოლას ეკუთვნოდა, ხოლო შემდეგ კადეტთა კორპუსს გადაეცა. წლებთან ერთად შენობამ ფუნქციაც დაკარგა.
2005 წელი იყო, როცა ზურაბ წერეთელმა შენობის მუზეუმად გადაკეთება გადაწყვიტა და მის რეკონსტრუქციასა და რესტავრაციას მიჰყო ხელი. ხელოვანმა მთავარ ამოცანად დაისახა ისტორიისა და თანამედროვეობის შერწყმა და მსოფლიო სტანდარტების დონეზე გამართული გალერეის შექმნა. ამოცანა წარმატებით შესრულდა. მუზეუმი დღეს ერთგვარ ხიდს წარმოადგენს ისტორიასა და თანამედროვეობას შორის.


