„ჯორჯიან ეარვეისი“
ქართული ავიაციის 30-წლიანი წარმატების მაგალითი

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, 1993 წლის 15 სექტემბერს, პროფესიონალმა ავიატორმა თამაზ გაიაშვილმა დააფუძნა. თავდაპირველად ავიაკომპანია „აირზენა – საქართველოს ავიახაზების“ სახელით ოპერირებდა. „ზენა“ ძველქართულად „ზეციერს“ ნიშნავს, აქედან გამომდინარე, შეირჩა ეს დასახელება ავიაკომპანიისთვის. 2004 წელს ავიაკომპანია „აირზენამ“ სახელწოდება შეიცვალა და ოპერირება „ჯორჯიან ეარვეისის“ სახელწოდებით განაგრძო.
ავიაკომპანიის საქმიანობა, 1993 წელს, სატვირთო ფრენებით დაიწყო. შემდეგ, ის ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, იტალიაში, ჩინეთში, ეგვიპტესა და ინდოეთში. 1999 წელს დაიწყო რეგულარული რეისები ვენის, ამსტერდამისა და პარიზის მიმართულებით. მას შემდეგ, ავიაკომპანია უწყვეტად ახორციელებს ფრენებს ევროპის არაერთი მიმართულებით.


