საახალწლო სუფრის ქართული ტრადიციები

ახალი წელი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც დიდი თუ პატარა მოუთმენლად ელოდება. წლის ყველაზე ჯადოსნურ დღეს, ადამიანები ახალ იმედებს, სურვილებს, ოცნებებს, მიზნებს სადღესასწაულო სუფრის, საყოველთაო ზეიმის ფონზე იფიქრებენ, ეგებებიან და აღნიშნავენ.
ქართული საახალწლო სუფრა დღესასწაულს განსაკუთრებულ ელფერს სძენს, რადგან ის ძირითადად ყველა ოჯახში ტრადიციების მიხედვით არის გაწყობილი და ქართული სუფრის ფენომენს კარგად ასახავს.
საცივი, შემწვარი გოჭი, გოზინაყი და ჩურჩხელა ქართული საახალწლო სუფრის შეუცვლელი ნაწილია. ხშირ შემთხვევაში ნუგბარის და კერძის მომზადების პროცესში ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობს, რაც წინასაახალწლო განწყობის შექმნასა და სამზადისს განსაკუთრებულ ჟრიამულს და ხალისს სძენს.
საახალწლო სუფრის ტრადიციები საქართველოში მრავალფეროვანია და ქვეყნის ყოველი კუთხე განსხვავებულად აღნიშნავს.
ქართლ-კახეთში საახალწლო სუფრის მთავარი მშვენება ნაზუქია. ნუგბართან დაკავშირებით არსებობს ტრადიციაც — ქალი, რომელიც სამეზობლოში ყველაზე გემრიელ ნაზუქს გამოაცხობს, მომავალ წელს ლხინისა თუ ჭირის სუფრებზე ქალების ხელმძღვანელად და მთავარ მზარეულად ინიშნება.
სამეგრელოში, ტრადიციული კერძების გარდა, საახალწლო სუფრაზე უცხო, მეგრული სამზარეულოსთვის ნაკლებად დამახასიათებელ კერძს ამზადებენ, რაც სუფრას მეტად საინტერესოს ხდის.
იმერული საახალწლო სუფრა ფხალეულის, საკმაზის და ხორცეულის ორიგინალურად დამუშავების ცოდნის გამო, ტრადიციულ კერძებთან ერთად, გამორჩეულად მრავალფეროვანი გემოებით არის სავსე.
საქართველოს მთიან რეგიონებში კი სუფრაზე ხორცისგან მომზადებული კერძები დომინირებს.
ახალი წელი საქართველოში თავისი სუფრითა და ტრადიციებით იმედის, სიხარულის, ერთიანობის, გაზიარების დღესასწაულია, რომელიც ოჯახის თითოეული წევრის მეხსიერებაში ყოველთვის ტკბილ მოგონებად რჩება.


