ნაძვის ხეები მსოფლიოს მასშტაბით

შობისა და ახალი წლის განწყობას განსაკუთრებულად ზამთრის ყველაზე კაშკაშა სიმბოლო – ნაძვის ხე გვიქმნის.
მიიჩნევა, რომ ნაძვის ხის ტრადიცია იმ ფორმით, როგორსაც ჩვენ ახლა ვიცნობთ, გერმანიაში იღებს სათავეს. ქრისტიანებმა სახლში მორთული ხეების დადგმა მე-16 საუკუნიდან დაიწყეს – ზოგიერთი მათგანი, საშობაოდ, ხეებისგან პირამიდას აწყობდა და მათ მარადმწვანე ტოტებით და სანთლებით რთავდა.
გადმოცემის მიხედვით, ნაძვის ხე სანთლებით პირველად მარტინ ლუთერმა გააფორმა – ზამთრის ერთ საღამოს, ქადაგებისას, ის ძალიან მოიხიბლა მარადმწვანე ტოტებს შორის ცაში ვარსკვლავების კიაფით. ამ სანახაობის გასაცოცხლებლად, სახლში, მთავარ ოთახში ხე დადგა და ტოტები პატარა სანთლებით მორთო.
ნელ-ნელა საახალწლო ნაძვის ხის მორთვა მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მაგალითად, გერმანელი მოსახლეები ამერიკიდან კანადაში 1700-იან წლებში გადავიდნენ და თან გაიყოლეს ისეთი საახალწლო და საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებული სიმბოლოები, როგორიცაა სასაჩუქრე კალენდრები, თაფლაკვერის სახლები, ნამცხვრები და მთავარი ატრიბუტი – ნაძვის ხე. როცა დედოფალმა ვიქტორიამ და მისმა გერმანელმა ქმარმა, პრინცმა ალბერტმა უინძორების სასახლეში ნაძვის ხე მორთეს, ეს ტრადიცია ინგლისისა და აშშ-ს გარდა, კანადაშიც გავრცელდა.


