Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

რეზო ჩხეიძე – ჯარისკაცის მამა

რეზო ჩხეიძე – ჯარისკაცის მამა

ქართული კინოს ისტორიაში არაერთმა გამორჩეულმა რეჟისორმა დატოვა მნიშვნელოვანი კვალი, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია რეზო ჩხეიძეს. იგი დაიბადა 1926 წლის 8 დეკემბერს ქუთაისში.

რეზო ჩხეიძემ 1943-1946 წლებში სწავლა დაიწყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, შემდეგ სწალა მოსკოვში, საკავშირო კინომატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში განაგრძო და 1953 წელს სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. მისი შემოქმედება ქართული კინოს ერთერთ საინტერესო პერიოდს უკავშირდება. ჩხეიძის ფილმებში ნათლად იკვეთება ადამიანის სიყვარული, სამშობლოსადმი ერთგულება, სიკეთე, მეგობრობა და ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვის უნარი.

1973-2006 წლებში რეზო ჩხეიძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ გენერალური დირექტორი იყო, ასევე 1974 წლიდან შოთა რუსთაველის თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ღვაწლი არაერთი საპატიო ჯილდოთი აღინიშნა, იგი 1980 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდებით დაჯილდოვდა, ხოლო 1986 წელს ლენინური პრემია მიიღო. ასევე იყო თბილისის საპატიო მოქალაქე და დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა 2015 წლის 3 მაისს. მისი შემოქმედება დღესაც ქართული კინოს მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი ფილმები ახალ თაობასაც აცნობს საქართველოს კულტურას, ისტორიას და იმ ადამიანურ ღირებულებებს, რომლებიც დროის მიუხედავად არ კარგავს მნიშვნელობას.

რეზო ჩხეიძის შემოქმედებითი გზა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მის მეგობარ და თანამოაზრე თენგიზ აბულაძესთან. მათ ერთად გადაიღეს ქართული კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფილმი „მაგდანას ლურჯა“ (1955 წელს), რომელიც ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით შეიქმნა. ფილმმა საერთაშორისო აღიარება მოუტანა ქართულ კინოს. შემდგომ წლებში რეზო ჩხეიძემ გადაიღო არაერთი მნიშვნელოვანი ფილმი, მათ შორისაა: „ჩვენი ეზო“, „განძი“, „მაია წყნეთელი“, „ზღვის ბილიკი“, „ღიმილის ბიჭები“ „ჯარისკაცის მამა“. სწორედ ამ უკანასკნელმა რეჟისორსა და ქართულ კინემატოგრაფიას ფართო აღიარება მოუტანა.

რეზო ჩხეიძემ „ჯარისკაცის მამა“ 1964 წელს გადაიღო.ფილმი მეორე მსოფლიო ომის თემას ეხება, თუმცა რეჟისორისთვის მთავარი მხოლოდ ომის მოვლენების ჩვენება არ ყოფილა. ფილმში ყურადღება გამახვილებულია ადამიანობაზე, სიყვარულზე, თანადგომასა და მშვიდობის მნიშვნელობაზე. ფილმის მთავარი გმირი გიორგი მახარაშვილი ქართული კინოს ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ პერსონაჟად იქცა. მახარაშვილის როლი შესანიშნავად შეასრულა დიდიმა ქართველმა მსახიობმა სერგო ზაქარიაძემ. მისი გმირი უბრალო ქართველი გლეხია, რომელიც დაჭრილი შვილის სანახავად ფრონტისკენ მიემგზავრება თუმცა ომის ქარცეცხლში მოხვედრილი გიორგი საკუთარი შვილის ძებნით აღარ შემოიფარგლება – ის სხვა ჯარისკაცების ბედსაც იზიარებს და მათ გვერდით იბრძვის.

ფილმის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ეპიზოდია სცენა, როდესაც ტანკმა ვაზს უნდა გადაუაროს, გიორგი მახარაშვილი, როგორც ქართველი გლეხი განსაკუთრებით მძაფრად განიცდის ამ ფაქტს, რადგან ვაზი მისთვის მხოლოდ მცენარე არ არის. ვაზი სიცოცხლის, შრომის და მშვიდობიანი ცხოვრების სიმბოლოა. იგი ადამიანის მიერ წლების მანძილზე გაწეულ შრომას, მიწასთან კავშირსა და მომავლის იმედს გამოხატავს. ომი კი ამ ყველაფერს ანადგურებს. ტანკი რომელიც ამ ვაზს უახლოვდება ძალადობისა და განადგურების სიმბოლოდ გვევლინება. მისი მძიმე მუხლუხოები მზად არის გადაუაროს არა მხოლოდ მცენარეს არამედ ადამიანის შრომას, ოცნებასა და მომავლის იმედს. ამ სცენაში მნიშვნელოვანია გიორგი მახარაშვილის დამოკიდებულება, იგი ვერ ეგუება იმას, რომ ომის ტექნიკამ შეიძლება ვაზი გაანადგუროს მისთვის ვაზი ისევე როგორც ყველა ქართველისთვის იდენტობის სიმბოლოა, რომელიც ასახავ მიწისადმი უსაზღვრო სიყვარულს და ერის თავისუფლებას. გიორგის რეაქციაში ჩანს მისი სიყვარული შრომისადმი და იმ ღირებულებებისადმი,რომლებიც ომმა საფრთხის წინაშე დააყენა. ეს ეპიზოდი გვაფიქრებს რამდენად ძვირფასია მშვიდობა და რამდენად ადვილად შეუძლია ომმა გაანადგუროს ის, რასაც ადამიანი წლების მანძილზე ქმნიდა.

ვაზი ამ სცენაში იმედის სიმბოლოდ რჩება-იმედისა, რომ ომის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენა. სწორედ ამიტომ ეს სცენა ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ და შთამბეჭდავ ეპიზოდად შეიძლება მივიჩნიოთ.

რეზო ჩხეიძის „ჯარისკაცის მამა“ ქართული კინოს მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა. გიორგი მახარაშვილის სახით ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ომის სისასტიკის მიუხედავად შეინარჩუნოს სიკეთე, სიყვარული და თანაგრძნობა. სწორედ ამიტომ ფილმი ათწლეულების შემდეგაც აქტუალურია და მაყურებელს გვახსენებს თუ რამდენად ძვირფასია ოჯახი, ადამიანური ურთიერთობა და მშვიდობა.

კიდევ წაიკითხეთ

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში
ლაიფსტაილი

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში

„ადმირალ რეზიდენსი“ ბათუმის ისტორიულ უბანში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მხოლოდ 13 ბინას აერთიანებს. პროექტი მყუდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არქიტექტურას, მდგრადობას, მასალების ხარისხს და სიმყუდროვეს.

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება
ლაიფსტაილი

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება

ქრონოგრაფი საქართველოში ლუქს სამყაროს გამორჩეული სახელია – სივრცე, სადაც საათების, სამკაულებისა და აქსესუარების მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ერთიანდება. მისი პორტფოლიო აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Chopard, Hublot, Breguet, Messika, Chaumet და სხვა.