მურაბები, ტყემლები, მწნილები მზადება ზამთრისთვის

ქართული სამზარეულო მრავალფეროვანი კერძებით,უნიკალური გემოთი და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით გამოირჩევა. ქართული კულინარიის მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველთვის იყო ბუნებისგან მიღებული პროდუქტების შენარჩუნება და მათი მთელი წლის განმავლობაში გამოყენება. სწორედ ამ ტრადიციას უკავშირდება მურაბების, ტყემლების და სხვადასხვა სახის მწნილის მომზადება.
საქათველოში ხილის და ბოსტნეულის მოსავლის სეზონზე ოჯახები ზამთრისთვის საჭირო მარაგს ამზადებდნენ. ტკბილი ხილისგან მზადდებოდა არომატული მურაბები, ტყემლის ნაყოფისგან მჟავე და არომატული საწებელი, ხოლო ბოსტნეულისგან-სხვადასხვა სახის მწნილები. თითოეულ კუთხეს თავისი მომზადების წესი, ინგრედიენტები და განსაკუთრებული გემო ჰქონდა.
შემოდგომაზე უხვად მიღებული ხილის შენახვა ზამ
თრისთვის მაშინ როცა არ არსებობდა თანამედროვე მაცივრები და კონსერვაციის ტექნოლოგიები ხილის შენახვის ერთ-ერთი გზა იყო თაფლში ან შაქრიან სიროფში მოთუშვა და მოხარშვა. მაღალი შაქრის შემცველობა ხელს უწყობდა პროდუქტის უფრო დიდხანს შენარჩუნებას. შაქრის გავრცელებასთან ერთად მურაბების მომზადება უფრო მრავალფეროვანი გახდა.
ტრადიციულ საოჯახო კულინარიაში მურაბების მომზადებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ქართული მურაბების განსაკუთრებული თავისებურება ხილის ბუნებრივ გემოსა და არომატის შენარჩუნებაშია. ზოგიერთ მურაბას თხილსა და სანელებლებს უმატებენ.მწვანე კაკლის, კომშის თეთრი ბლის, ლეღვის და ალუბლის მურაბები განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა.
მურაბების მომზადება მარტო ხილის შენახვის პრაქტიკული საშუალება კი არ იყო, არამედ დროთა განმავლობაში ქართული ოჯახური ტრადიციის ნაწილიც გახდა. დღეს მურაბა ქართული სუფრისა და ტკბილეული კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდუქტად რჩება.
ქართულ სამზარეულოში უამრავი სახეობის საწებელი გვხვდება. ისინი კერძებს განსაკუთრებულ გემოს, არომატსა და სიმჟავეს მატებს.საწებლები მზადდება ზამთრისთვის შესანახად. საქართველოში საწებლებს ძირითადად ამზადებენ პომიდვრისგან, ტყემლისგან, ქლიავისგან და უმატებენ სხვადასხვა სანელებლებს.
ტყემალი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტრადიციული საწებელია. მისი მთავარი ინგრედიენტია ტყემლის ნაყოფი-როგორც მწიფე, ისე შედარებით დაუმწიფებელი. ტყემალს ხარშავენ, შემდეგ ამატებენ ნიორს, წიწაკას, ქინძს ომბალოს და სხვადასხვა სანელებლებს. სწორედ ეს ინგრედიენტები ქმნის ტყემლისთვის დამახასიათებელ მჟავე, არომატულ და ოდნავ ცხარე გემოს. ტყემალი განსაკუთრებით უხდება ხორციან კერძებს. საქართველოში ტყემალს სეზონურად ამზადებენ და სხვადასხვა მეთოდით ინახავენ, რათა მისი გემო ზამთარშიც შეინარჩუნონ.
ქართული საწებლის მრავალფეროვნება საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულინარიულ ტრადიციებსაც ასახავს.ზოგი საწებელი უფრო ცხარეა, ზოგი ტკბილმჟავე, ზოგი კი განსაკუთრებული სანელებლებით გამოირჩევა. მათი მომზადება ხშირად თაობიდან თაობას გადაეცემა. საწებლები და განსაკუთრებულად ტყემალი ქართული სუფრის მნიშვნელოვანი ნაწილია, ისინი არა მხოლოდ კერძის დანამატს წარმოადგენს, არამედ ქართლი კულინარიული კულტურისა და ტრადიციების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია.
მწილებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ კულინარიაში.მათი მომზადების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა და დაკავშირებულია როგორც პროდუქტის შენახვის აუცილებლობასთან, ისე ქართული სუფრის მრავალფეროვნებასთან. ოჯახები შემოდგომაზე იწყებენ ზამთრისათვის მწნილების მომზადებას. საქართველოში გავრცელებულია კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ნივრის, ჯონჯოლის მწნილები. თითოეულ მათგანს მომზადების სხვადასხვა წესი აქვს.
განსაკუთრებული ადგილი ქართულ სამზარეულოში ჯონჯოლის მწნილს უკავია. ჯონჯოლი საქართველოში ფართოდ გავრცელებული მცენარეა და მისი ყვავილოვანი კვირტებისგან დამზადებული მწნილი ქართული სუფრის ერთ-ერთ ტრადიციულ გარნირად ითვლება.მას სუფრაზე მიტნის წინ აზავებენ ზეთით და ხახვით. მწნილები განსაკუთრებით უხდება ხორციან და ცხიმიან კერძებს.
მურაბები, ტყემლები და მწნილები ქართული კულინარიული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, მათი მომზადების ტრადიციები საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა.






