Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

თბილისური ეზო

თბილისური ეზო

გინდათ თბილისი ისე შეიყვაროთ, როგორც ის ნამდვილ თბილისელებს უყვართ? მაშინ მისი მთავარი გამზირებიდან უნდა გადაუხვიოთ და მოჩუქურთმებული ჭიშკარი შეაღოთ. ეს თბილისის ძველი ეზოებია, ნამდვილი, ფარული გული, სადაც თითქოს დრო საუკუნეების წინ გაჩერდა.

ვიწრო ქუჩებს შორის დამალული ხის აივნები, ერთმანეთზე გადაჯაჭვული კიბეები, ჭიშკრიდან შემოსული მზის სხივი და ეზოში ჩამოკიდებული სარეცხი – ყველაფერი ერთად ქალაქის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. აქ ცხოვრება თითქოს საერთო რიტმით მიდის: მეზობლების დილის მოკითხვა, ბავშვების ხმაური, ფანჯრიდან გადაძახილი და ეზოში დადგმული პატარა მაგიდები დღემდე ინახავს იმ თბილისის ხასიათს, რომელსაც ბევრი მოგზაური ყველაზე კარგად იმახსოვრებს.

ძველი თბილისური ეზოები მხოლოდ არქიტექტურა არ არის. ეს ქალაქის მეხსიერებაა. თითოეულ აივანს, ჭიშკარსა და ხის კიბეს თავისი ისტორია აქვს – სხვადასხვა ეპოქის, კულტურისა და ადამიანების ისტორია. სწორედ ამიტომ თბილისი ხშირად აღმოსავლეთისა და ევროპის შეხვედრის ადგილად აღიქმება: ქალაქში ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდა სხვადასხვა ტრადიცია, ენა და რელიგია, ხოლო ეზოები ამ მრავალფეროვნების ყოველდღიურ სივრცედ იქცა.

ძველი ეზოები ქალაქის ყველაზე მშვიდი და ადამიანური მხარეა. ისინი გვახსენებს, რომ თბილისი მხოლოდ სანახაობრივი ადგილი კი არა, პირველ რიგში, ადამიანების ქალაქია – თბილი, ცოცხალი და ოდნავ ნოსტალგიურიც.

დღეს ხშირად გაიგონებთ ტერმინს „იტალიური ეზო“, თუმცა ეს მხოლოდ საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებული არასწორი იარლიყია, რომელსაც რეალურ იტალიასთან მხოლოდ გარეგნული, გალერეის ტიპის არქიტექტურა აკავშირებს. სინამდვილეში, ეს არის წმინდა წყლის ქართული, თბილისური ფენომენი. მისი ფესვები ძველი თბილისური საცხოვრებლის ტრადიციიდან, ე.წ. „დარბაზული“ სახლებიდან მოდის, სადაც ოჯახის წევ რები ერთ, საერთო სივრცეში ცხოვრობდნენ.

XIX საუკუნეში, როდესაც ქალაქმა ევროპული არქიტექტურის გავლენით ზრდა დაიწყო, ქართველმა ოსტატებმა ეს ძველი, თემური ცხოვრების წესი ახალ ურბანულ რეალობას მოარგეს. ასე გაჩნდა გარედან მკაცრი, ევროპული ფასადების მქონე სახლები, რომელთა შიგნითაც თბილი, ხის აივნებით გარშემორტყმული ქართული ეზოები ფეთქავდა. ეს არის უნიკალური არქიტექტურული კოქტეილი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს.

თბილისური ეზოს მთავარი მშვენება მისი საფირმო ხის აივნებია. ისინი არასდროს ყოფილა უბრალო დეკორაცია ან აივნები ამ სიტყვის კლასიკური გაგებით – ეს იყო სახლის გაგრძელება, სადაც ყოველდღიური ცხოვრების უდიდესი ნაწილი მიმდინარეობდა.

აქ, ხის თბილ ორნამენტებს შორის, თბილისური ზაფხულის ცხელ დღეებში იპოვნიდით ჩრდილსა და ნიავს. აივნები ერთმანეთს კიბეების ლაბირინთით უკავშირდებოდა, რაც შენობას ერთ მთლიან, ცოცხალ ორგანიზმად აქცევდა. ამ სივრცეში იშლებოდა საოჯახო სუფრები, აქ ისმოდა გიტარისა და ფორტეპიანოს ჰანგები და აქ ხდებოდა მთავარი ამბების გაზიარება.

ეს ეზოები იყო კულტურული ტოლერანტობის ნამდვილი აკვანი. ისეთ ისტორიულ უბნებში, როგორებიცაა სოლოლაკი, ავლაბარი, კალა და ჩუღურეთი, ერთ ეზოში ხშირად ათზე მეტი სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის ოჯახი ცხოვრობდა. ისინი არათუ უბრალოდ მეზობლობდნენ, არამედ ერთმანეთის დღესასწაულებს – აღდგომას, ხანუკას თუ ნავრუზს – ერთ საერთო, დიდ მაგიდასთან აღნიშნავდნენ. თბილისურმა ეზომ შეძლო ის, რაც ბევრ დიდ იმპერიას უჭირდა: მან სხვადასხვა კულტურა ერთ დიდ ოჯახად გააერთიანა.

ამ დიდ ოჯახში კი განსაკუთრებული, გამორჩეულად თბილი ადგილი ეკავათ თბილისელ ქურთებს – ქალაქის ლეგენდარულ მეეზოვეებს. ისინი ყველაზე ადრე, განთიადისას აფხიზლებდნენ თბილისურ ეზოებს თავიანთი საფირმო ხის ცოცხების შრიალით. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე შრომას ეწეოდნენ, თითოეული მათგანი უბნის საყვარელი კოლორიტი, მეზობლების უახლოესი მეგობარი და იმ დიდი, თბილისური ერთობის სრულუფლებიანი წევრი იყო, რომელიც ადამიანებს პროფესიისა თუ ეთნოსის მიუხედავად, თანასწორად და სიყვარულით აერთიანებდა, აფხიზლებდნენ და უვლიდნენ თბილისს, როდესაც ყველას ეძინა.

დღეს, როდესაც ძველი უბნების საუკუნოვანი კარების მიღმა შეაბიჯებთ, შეიძლება მოულოდნელად მუსიკის ხმას აჰყვეთ, აივნის ჩრდილში დამალულ პატარა სახელოსნოს, მხატვრის ატელიეს ან მყუდრო, თანამედროვე კაფეს გადააწყდეთ. ძველი ეზოები ნელ-ნელა ახალ სიცოცხლეს იძენენ, თუმცა მათთვის დამახასიათებელ მთავარ აურას არ კარგავენ.

თბილისური ეზოების კიდევ ერთი, სრულიად მისტიკური და ზღაპრული მხარე ლეღვთახევში, აბანოთუბნის ძველ კლდეებზე გადმოკიდულ სახლებსა და აივნებში იშლება. აქ, სადაც სახლები პირდაპირ მდინარის თავზეა შეფენილი, წყალი და კლდე ყოველდღიური ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო. ამ უბნების ძველი მეზობლობა განსაკუთრებული, თბილი რიტუალებით გამოირჩეოდა. კლდეზე გადმოკიდული აივნებიდან ადგილობრივი მეთევზეები პირდაპირ მტკვარში უშვებდნენ სათევზაო გოდრებს. თბილისური სტუმართმოყვარეობისა და უბნობის ნამდვილი სიმბოლო იყო წესი, რომელიც დღემდე ლეგენდად შემორჩა ქალაქს: როდესაც რომელიმე ოჯახში სტუმარი მივიდოდა, მეზობელი მეთევზეები აივნიდან აივანზე ახლად დაჭერილ, ცოცხალ თევზს აწვდიდნენ, რათა მასპინძელს მოსული ადამიანისთვის თბილისურად, გულუხვად დაეხვედრებინა სუფრა.

ეს საოცარი, ნოსტალგიური ეპიზოდი კინემატოგრაფმაც კი უკვდავყო – გენიალურ ქართულ ფილმში „მზე შემოდგომისა“. როდესაც ეკრანზე მტკვრის პირას გადაკიდებული ამ ეზოების ცხოვრებას უყურებ და ფონად ვაჟა აზარაშვილის არაჩვეულებრივი, სევდიანი და ამავდროულად საოცრად თბილი მუსიკა გესმის, გულით გრძნობ, თუ რა იყო ძველი თბილისის ნამდვილი ფასი: ადამიანი ადამიანისთვის, უანგარო სიყვარული და ერთი დიდი ეზოს საერთო სითბო.

ძველი თბილისური ყოფის კიდევ ერთი განუყოფელი ნაწილი ურთიერთობის ის კულტურა იყო, რომელიც ხმაურიან ბაზრობებზე იბადებოდა – იქ, სადაც ადამიანები მხოლოდ პროდუქტის საყიდლად კი არა, ახალი ამბების გასაგებად და ერთმანეთის მოსაკითხად მიდიოდ ნენ. ამის საუკეთესო მაგალითი ლეგენდებით მოცული „ვერის ბაზარი“ გახლდათ, თავისი უნიკალური აურით.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს XXI საუკუნეა და ჩვენი ცხოვრება სუპერმარკეტების ცივმა და სწრაფმა რიტმმა დაიპყრო, თბილისურმა ნოსტალგიამ მაინც თავისი გაიტანა. საოცარია, მაგრამ ძველი ტრადიცია სულ სხვა, თანამედროვე ფორმით დაბრუნდა ქალაქში. დღეს, სოლოლაკის ერთ-ერთ ულამაზეს, საუკუნოვან ეზოში, კვირაობით ზუსტად ასეთი, მცირე ფერმერული ბაზრობები იმართება. მწვანე მცენარეებითა და ხის აივნებით გარშემორტყმულ სივრცეში ადგილობრივებს სოფლის ნატურალური მეურნეობის პროდუქტები მოაქვთ. ეს არ არის უბრალო ვაჭრობა; ეს არის ძველი ვერის ბაზრისა და თბილისური ეზოს იდეის გაცოცხლება – სივრცე, სადაც მეზობლები და სტუმრები კვლავ იკრიბებიან, ყავას სვამენ, ერთმანეთს პროდუქტის რეცეპტებს უზიარებენ და კედლებს შორის იმ მივიწყებულ სითბოს აბრუნებენ, რომელიც ასე ძალიან აკლია თანამედროვე სამყაროს.

სწორედ ეს მოულოდნელი დეტალები, ძველისა და ახლის ასეთი ორგანული შერწყმა ქმნის თბილისის ნამდვილ ხიბლს. ძველი ეზოები ნელ-ნელა ახალ სიცოცხლეს იძენენ, თუმცა მათთვის დამახასიათებელ მთავარ, პირველყოფილ სითბოს მაინც არ კარგავენ.

ისინი ქალაქის ყველაზე მყუდრო, გულწრფელი და ადამიანური მხარეა. თბილისური ეზოები გვახსენებს, რომ ეს ქალაქი არ არის მხოლოდ ასფალტი, ბეტონი ან ვიზუალური სანახაობა – ის, პირველ რიგში, ადამიანების, საერთო მოგონებებისა და იმ განსაკუთრებული სიყვარულის ქალაქია, რომელიც ჭიშკრის ყოველ შეღებაზე ხელახლა იბადება და გულში გეღვრება.

კიდევ წაიკითხეთ

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?
ავიაცია

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?

ასაფრენი გარბენი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის მაქსიმალურ ასაფრენ წონაზე (MTOW – Maximum Takeoff Weight), გარე ტემპერატურაზე და სხვა ოპერაციულ პირობებზე.

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?
ავიაცია

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარის საწინააღმდეგოდ აფრენა თვითმფრინავისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.