Georgian Airways ჟურნალი ENG
ველნესი

როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე 10 000 მეტრის სიმაღლეზე

როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე 10 000 მეტრის სიმაღლეზე

ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲘᲡ ᲠᲕᲐ ᲝᲥᲠᲝᲡ ᲬᲔᲡᲘ

მოგზაურობა ყოველთვის სასიამოვნო მოლოდინთან ასოცირდება, თუმცა ჩვენი ორგანიზმისთვის ფრენა ჩვეულებრივი ყოველდღიურობა არ არის. რამდენიმე საათის განმავლობაში ის სრულიად განსხვავებულ გარემოში ხვდება,იცვლება ჰაერის ტენიანობა, ატმოსფერული წნევა, ჟანგბადის რაოდენობა და დღის ჩვეული რიტმი. სწორედ ამიტომ, ის, თუ როგორ იგრძნობთ თავს დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, ხშირად არა მხოლოდ ფრენის ხანგრძლივობაზე, არამედ იმ მცირე ჩვევებზეც არის დამოკიდებული, რომლებსაც გამოვიყენებთ ფრენის დროს.

მედიცინისა და ფიზიოლოგიის სფეროში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ რამდენიმე მარტივ წესს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ფრენასთან დაკავშირებული დისკომფორტი, შეინარჩუნოს ენერგია და ახალი ადგილის აღმოჩენის პირველი დღე უფრო სასიამოვნო გახადოს.

10 000 მეტრის სიმაღლეზე თვითმფრინავის სალონში ჰაერის ტენიანობა საშუალოდ, მხოლოდ 10–20%-ს აღწევს, მაშინ როდესაც ადამიანის ორგანიზმისთვის კომფორტული მაჩვენებელი 40–60%-ია. ასეთ პირობებში სხეული სითხეს ჩვეულებრივზე სწრაფად კარგავს, კანი და ლორწოვანი გარსები შრება, სისხლი უფრო სქელდება, იზრდება დაღლილობის შეგრძნება და მცირდება კონცენტრაცია.

სწორედ ამიტომ, მოგზაურობის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ჰიდრატაციაა. წყლის რეგულარული მიღება ფრენის დაწყებიდანვე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა არის იმისთვის, რომ ორგანიზმი ადვილად გაუმკლავდეს დაბალი ტენიანობის გარემოს.

გთავაზობთ რვა მარტივ, მაგრამ მეცნიერულად დასაბუთებულ რეკომენდაციას, რომლებიც ყველა მოგზაურს გამოადგება.

1. დაიწყეთ ფრენა წყლით და არა ყავით

სალონში ჰაერის ტენიანობა ძალიან დაბალია, რის გამოც ორგანიზმი სითხეს სწრაფად კარგავს. დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავის ტკივილი, კონცენტრაციის დაქვეითება და კანის გამოშრობა. სწორედ ამიტომ, პირველი სასმელი ფრენისას უმჯობესია იყოს წყალი.

2. ყოველ საათში ერთხელ ადექით

რამდენიმე საათიანი უმოძრაობა ანელებს სისხლის მიმოქცევას. რამდენიმე წუთით გავლა ან ტერფების მარტივი მოძრაობები აუმჯობესებს ვენურ სისხლის მიმოქცევას, ამცირებს შეშუპებას და ამსუბუქებს ფეხების სიმძიმის შეგრძნებას.

3. მოირგეთ საათი დანიშნულების დროით

კვლევები აჩვენებს, რომ ორგანიზმი ახალ დროის სარტყელს უფრო სწრაფად ეგუება, თუ ფრენის დაწყებისთანავე იწყებთ ახალ რეჟიმზე ფსიქოლოგიურ გადართვას, მათ შორის საათის გადაყვანით, კვების და ძილის დროის შესაბამისად დაგეგმვით.

4. ნუ ჩაიცვამთ ძალიან მჭიდრო ტანსაცმელს

ხანგრძლივი ჯდომა და მჭიდრო ტანსაცმელი შეიძლება აძლიერებდეს შეშუპებასა და დისკომფორტს. თავისუფალი, ბუნებრივი ქსოვილების სამოსი ორგანიზმს უკეთესად აძლევს სუნთქვისა და მოძრაობის საშუალებას.

5. დაიცავით კანი გამოშრობისგან

ფრენის შემდეგ ბევრს ეჩვენება, რომ კანი “დაიღალა”. ამის მიზეზი არა ასაკი, არამედ ტენიანობის მკვეთრი შემცირებაა. დამატენიანებელი კრემი და ტუჩის ბალზამი ხელს უწყობს კანის დამცავი ბარიერის შენარჩუნებას.

6. მსუბუქად იკვებეთ

მაღალ სიმაღლეზე ჩვენი გემოსა და ყნოსვის შეგრძნება ნაწილობრივ იცვლება, ამიტომ ხშირად უფრო მარილიანი ან ტკბილი საკვები გვინდება. თუმცა მძიმე კვებამ შეიძლება გაზარდოს სიმძიმის შეგრძნება და დისკომფორტი. მსუბუქი, ცილებითა და ბოსტნეულით მდიდარი საკვები ორგანიზმს უკეთესად გადააქვს.

7. დღის სინათლე საუკეთესო წამალია ჯეტლაგის წინააღმდეგ

ახალ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ 20–30 წუთით მზის სინათლეზე ყოფნა ეხმარება ორგანიზმის ბიოლოგიურ საათს ახალ დროის სარტყელთან ადაპტაციაში.

8. ნუ გადატვირთავთ პირველ დღეს

მოგზაურობის ფსიქოლოგიაში არსებობს მოსაზრება, რომ პირველივე დღიდან გადატვირთული გეგმა ზრდის სტრესს და ამცირებს მოგზაურებით კმაყოფილებას.

ზოგჯერ საუკეთესო გადაწყვეტილებაა — ერთი მშვიდი გასეირნება, კარგი ყავა და ქალაქის რიტმის შეგრძნება.

კიდევ წაიკითხეთ

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?
ავიაცია

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?

ასაფრენი გარბენი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის მაქსიმალურ ასაფრენ წონაზე (MTOW – Maximum Takeoff Weight), გარე ტემპერატურაზე და სხვა ოპერაციულ პირობებზე.

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?
ავიაცია

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარის საწინააღმდეგოდ აფრენა თვითმფრინავისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.