ექვსი საუკეთესო ადგილი გაზაფხულის ძიებაში სადაც ბუნება ყველაზე ლამაზად იღვიძებს

ამბობენ, გაზაფხული მხოლოდ სეზონი არ არის – ეს არის სულის მდგომარეობა, რომელსაც ბუნება ყოველ წელს ჩურჩულით გვამცნობს, მაშინ, როცა პირველი კვირტი იფურჩქნება. სამყარო ნელა იღვიძებს ზამთრის ძილისგან და უხმოდ გვიხმობს ახალ სიცოცხლეში, რომელიც ყოველ ჯერზე განსხვავებული სურნელით გვიმხელს საკუთარ საიდუმლოებებს.
გაზაფხულის კვალდაკვალ მოგზაურობა ნიშნავს გახდე ამ გარდასახვის მოწმე – დაინახო, როგორ იცვლის დედამიწა სამოსს და როგორ გარდაიქმნება ერთი შეხედვით უბრალო პეიზაჟები ცოცხალ, სუნთქვად ტილოებად.
ჩვენი მოგზაურობა იწყება იქ, სადაც მზე ყველაზე ადრე იღვიძებს და გაზაფხული ნაციონალურ დღესასწაულად იქცევა.
იაპონია – კიოტო
საკურას ყვავილობის ფესტივალი. მარტის ბოლოდან აპრილის შუა რიცხვებამდე. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ყვავილობა, ეწვიეთ კიოტოს აპრილის დასაწყისში. “ფილოსოფოსის გზა“ ამ დროს ვარდისფერ გვირაბად იქცევა. აქ ხვდები რომ ცხოვრება საკურას ფურცელივითაანაზი, წარმავალი და მაინც, უსასრულოდ მშვენიერი. არ დაგავიწყდეთ „ჰანამი“ – პიკნიკი ხეების ქვეშ, სადაც ჰაერში ალუბლის თოვლი ტრიალებს.
ნიდერლანდები – ლისე.
მსოფლიოში უდიდესი ყვავილების ბაღია. აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის დასაწყისამდე. ამსტერდამიდან სულ რაღაც 40 წუთში, ქალაქ ლისეში, მდებარეობს ბაღების დედოფალი-კეუკენჰოფი. აპრილის შუა რიცხვები საუკეთესო დროა 7 მილიონი ტიტის სანახავად. ეს არ არის უბრალოდ ბაღი, ეს არის მიწაზე დახატული ოცნება. ყოველი ნაბიჯი ახალი ფერია, ყოველი სუნთქვა-გაზაფხულის მძაფრი ენერგია, რომელიც ზამთრის ძილისგან გაღვიძებს.
იტალია – ტოსკანა
ყაყაჩოების ველები და ზურმუხტისფერი ბორცვები. მაისის თვეში ვალ-დ’ორჩას ხეობა მწვანე ხავერდიდან წითელ ზღვად იქცევა. ყაყაჩოების ველები ყველაზე ლამაზია მზის ჩასვლისას. აქ გაზაფხულს თავისუფლებისა და ძველი ღვინის გემო აქვს. როცა ყაყაჩოების ზღვაში დგახარ და სახეზე თბილი ნიავი შეგეხება, ხვდები, რომ ბედნიერება სწორედ ასეთ ფერადოვან, მზიან წამებშია.
საფრანგეთი – პარიზი
თუ პარიზს გაზაფხულის ფერი აქვს, ის აუცილებლად ალუბლის ყვავილობის ნაზი ვარდისფერია. ალუბლის ხეები ქალაქის პარკებს ზღაპრულ დეკორაციებად აქცევს, თუმცა მათი სილამაზე წამიერია-ერთი წვიმა და ვარდისფერი ფურცლები ტროტუარებს ხალიჩასავით ფარავს. სწორედ ამ დროს იღვიძებს იასამანი, საფრანგეთის სული, მისი სურნელი პატარა ქუჩებსა და ბაღებში იფანტება. ფრანგებისთვის იასამანი გაზაფხულის ნამდვილი დადასტურებაა. გაზაფხული პარიზში არის დრო, როცა ქალაქი განსაკუთრებით მშვიდად და ლამაზად გიყვება სიყვარულის ისტორიებს. ლავანდის არომატი სამხრეთ საფრანგეთს – უკავშირდება, რომელიც პარიზშიც აღწევს და ამ სეზონს კიდევ უფრო ნაზ და მყუდრო განწყობას სძენს.
ესპანეთი ესპანეთი – სამხრეთ ესპანეთში გაზაფხული უფრო ენერგიულია. სევილიისა და ვალენსიის ქუჩებში ფორთოხლის ყვავილების სურნელი თავბრუს დაგახვევთ. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ქალაქი დიდი დღესასწაულის მოლოდინშია, სადაც ციტრუსის სიგრილე და ფლამენგოს რიტმი ერთმანეთს ერწყმის.
გაზაფხულის ძიება დედამიწის კიდევ ბევრ წერტილში შეიძლება გავაგრძელოთ, თუმცა ყველაზე მშობლიური პეიზაჟი მაინც საქართველოში გვხვდება. აქ გაზაფხულს სულ სხვა განწყობა მოაქვს – უფრო მშვიდი, მიწიერი და სავსე ნაცნობი არომატებით, რომელიც კახეთის ატმის ბაღების ვარდისფერ ნისლში იწყება და თბილისურ აივნებზე შემოხვეული გლიცინიებით და იასამნებით სრულდება.










