Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

თბილისის გიდი - თეატრები და მუზეუმები

თბილისის გიდი - თეატრები და მუზეუმები

თბილისი ის ადგილია, სადაც ყოველი ქუჩა ისტორიას ყვება და ყველა კუთხე ხელოვნებით სუნთქავს. ეს ქალაქი როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს შესაძლებლობას აძლევს კულტურის მრავალფეროვნება, ძველი დროის თეატრებიდან თანამედროვე საგამოფენო სივრცეებამდე შეიგრძნონ. ამ სტატიაში გვსურს თბილისის თეატრებსა და მუზეუმებში გიდობა გაგიწიოთ და იმ ადგილების შესახებ მოგიყვეთ, სადაც ტრადიციები თანამედროვე ხედვას ერწყმის.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი – ადგილი, სადაც ისტორია, კულტურა, ტრადიცია და ქართველი ხალხის ყოფა ერთ მთლიან სივრცეში აისახება.თუ დაინტერესებული ხართ იმ ეროვნული საგანძურით, რომელსაც შეუძლია საქართველოს მდიდარი ისტორია ერთი ნახვით სხვადასხვა კუთხით დაგანახოთ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უნდა ეწვიოთ.

ეროვნულ მუზეუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილ ძვ.წ III-II ათასწლეულიდან დღემდე არსებულ ეროვნულ საგანძურს იხილავთ. ეროვნული მუზეუმი საქართველოში მოქმედი მუზეუმების გაერთიანებაა, რომელიც ეროვნული საგანძურის კოლექციებს აერთიანებს. დღეისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შესულ მუზეუმებს შორის ყველაზე ძველი სიმონ ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმია, რომელიც1852 წელს დაარსდა. ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში უამრავი სახის ექსპონატია დაცული, რომელიც ქართველი და კავკასიელი ხალხის კულტურას და ყოფას ასახავს. მუზეუმში არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალებიც იყრის თავს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის სტუმრებს ოქრომჭედლობის ნიმუშების, ქართული და უცხოური ძველი მონეტების, ეპიგრაფიკული ძეგლების, შუა საუკუნეების არქეოლოგიური ექსპოზიციების და სხვა მრავალი სახის ქართული საგანძურის ნახვის შესაძლებლობას სთავაზობს. მუზეუმი თავისუფლების მოედანზე, თავისუფლების მეტროდან 5 წუთის ფეხით სავალ გზაზე მდებარეობს.

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ღია ცის ქვეშ – თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია კავკასიაში. აქ ერთ სივრცეში 8 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული. თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის გიორგი ჩიტაიას სახელობისაა. მუზეუმი 1966 წელს დაარსდა და სამეცნიერო – საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სტუმრებს ქართული ეთნო-კულტურისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს უზიარებს.

მუზეუმი 11 ზონისგან შედგება. აქედან, ათ ზონაში ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრების ძეგლია დაცული, ხოლო მეთერთმეტე ზონა მთლიანად ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს მოიცავს. მუზეუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი სამეურნეო და საცხოვრებელი სახის ძეგლებია დაცული. მთლიანობაში, მუზეუმი თვალსაჩინოს ხდის იმ კულტურასა და ტრადიციებს, რომელსაც ქართველი ხალხი ძველ დროში პატივს სცემდა. სივრცე ახალგაზრდებს საგანმანათლებლო ცენტრში ტრადიციული სამჭედლო და სამეთუნეო ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობასაც აძლევს. აღსანიშნავია რომ, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ ყოველწლიურად, ქართული ფოლკლორის და თვითშემოქმედების ფესტივალის არტ-გენის მასპინძელია. ფესტივალზე მისულ სტუმრებს ქართული ხალხური შემოქმედების თუ უცნობი ნიმუშების გაცნობის, გამოფენა-გაყიდვაზე დასწრების და უბრალოდ ქართული ხალხური მუსი კის მოსმენით სიამოვნების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. მუზეუმი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი – როგორი იყო თბილისის ძველი უბნების ამსახველი პეიზაჟები, ვიქტორ ჰიუგოს რომანის „კაცი, რომელიც იცინის“ და მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავლის“ გრაფიკული ილუსტრაცია? როგორ გამოიყურებოდა ქართული სცე ნოგრაფია ელენე ახვლედიანის შემოქმედებაში? თუ ამ შეკითხვებზე პასუხები გაინტერესებთ, მათ მხატვრის სახლ-მუზეუმში, მისი ნამუშევრების ნახვისას აღმოაჩენთ.

ელენე ახვლედიანი თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი და როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ გამოჩენილი ქართველი ქალი მხატვარი გახლდათ. ხელოვანი ხშირად ხატავდა ქალაქის პეიზაჟებს. მხატვრის ნახატებს შორის ბევრია ძველი თბილისის ამსახველი ნამუშევრები, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარულით და ემოციებით ქმნიდა.

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი 1976 წელს დაარსდა. სახლ-მუზეუმი მის გარდაცვალებამდე, მხატვრის ბინა-სახელოსნო იყო. მუზეუმში კონცერტები, ხელოვანი ადამიანების შეკრებები და პოეზიის საღამოები იმართებოდა. ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში 3 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული. სახლ-მუზეუმში დამთვალიერებლებს მხატვრის მიერ შესრულებული წიგნის ილუსტრაციების, გრაფიკული ნამუშევრების, ფერწერული ტილოების და დეკორატიული ნივთების ნახვის შესაძლებლობა აქვთ. მუზეუმი, ლეო ქიაჩელის ქუჩაზე მდებარეობს.

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი – საქართველოს თეატრალური კულტურის გულად წოდებული რუსთაველის თეატრი თავისი დიდებული არქიტექტურით და ექსპერიმენტული სარეპერტუარო სპექტაკლებით ტურისტების და ადგილობრივების ერთ-ერთ მთავარ სივრცეს წარმოადგენს. ადგილი, სადაც კლასიკა და თანამედროვე ხელოვნება ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.

მარჯანიშვილის თეატრი – კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი თავისი განახლებული, ევროპული სტილის შენობით და ნიჭიერი მსახიობებით თბილისის კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ადგილია. თეატრი როგორც თანამედროვე პიესების, ასევე კლასიკური დრამატურგიის ნოვატორული ხედვის სპექტაკლებით არის ცნობილი.

თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრი – ოპერის და ბალეტის თეატრი არა მხოლოდ არქიტექტურული მარგალიტი, არამედ ის ადგილია, სადაც ბრწყინვალე ოპერისა და ბალეტის წარმოდგენები იმართება. ის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ კულტურულ სივრცეს წარმოადგენს თუმანიშვილის თეატრი – მცირე, მაგრამ განსაკუთრებულად მყუდრო და ექსპრესიული ადგილია. — თუმანიშვილის თეატრი ექსპერიმენტული დადგმებით და ახალგაზრდა რეჟისორების ნამუშევრებით არის ცნობილი, სადაც ხშირად იბადება ახალი თეატრალური ტალღა.

კიდევ წაიკითხეთ

ფრენა სხვადასხვა ამინდში
ავიაცია

ფრენა სხვადასხვა ამინდში

წვიმიანი ამინდი ფრენას არ აფერხებს. იმ შემთხვევაში, თუ ხილვადობა ნაკლებია, პილოტები სპეციალურ სანავიგაციო მოწყობილობებს იყენებენ, ხოლო სველი ბილიკი დასამუხრუჭებლად უფრო გრძელ დისტანციას მოითხოვს.

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად
მოგზაურობა

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად

ბავშვებთან მოგზაურობა ხშირად მშობლებისთვის სერიოზულ გამოცდას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ფრენა შეიძლება იქცეს დაუვიწყარ თავგადასავლად, ისეთ ამბად, რომელსაც ბავშვები წლების შემდეგ ღი მილით გაიხსენებენ. ყველაფერი იწყება იმ მომენ ტიდან, როცა გადაწყვეტთ, რომ ფრენა…

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი
მოგზაურობა

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი

ბერლინი თავისუფალი, ხმაურიანი და შემოქმედებითად დატვირთული ქალაქია. აქ პირველივე წუთიდან ხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულ სივრცეში მოხვდი. აქაური ღამის ცხოვრება ხომ მთელი მსოფლიოსთვის კულტურულ ფენომენად იქცა.