კინოთეატრი აპოლო – არქიტექტურული შედევრი

დარბაზში ჩამქრალი შუქი და განათებული ეკრანი თითოეული ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში დროს აჩერებს. ყოველი ხმა ახალ სამყაროში მოგზაურობის მოსაწვევი, თითო კადრი კი, ახალი ამბავია, სადაც რეალობა მხოლოდ არსებული მდგომარეობის ფონია. კინოთეატრი ის სივრცეა, სადაც ემოციებს ხმები აქვთ, ისტორიები კი სუნთქავენ.
დავით აღმაშენებლის 135 ნომერში, მდებარე კინოთეატრი აპოლო, თბილისში კინოთეატრისთვის აგებული ერთ-ერთი პირველი შენობაა, რომელიც 1909 წელს გაიხსნა და მოდერნის სტილის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. თავდაპირველად, კინოთეატრი კერძო დანიშნულებით აშენდა. დადასტურებულად უცნობია, თუ ვინ გახლდათ ამ შენობის არქიტექტორი. არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთის მიხედვით, ის შესაძლოა არქიტექტორი კოლჩინი ყოფილიყო. შენობის გაფორმებაზე კი, ნოვაკმა და კარლ სოუჩეკმა იზრუნეს.
აპოლო თბილისში პირველი ელექტრონული კინოთეატრი იყო. მსგავსი სტილის მოდერნისტული შენობის კინოთეატრი, მსოფლიოში სულ რამდენიმე არსებობს. იმ პერიოდის ევროპაში, კერძოდ, რუსეთის იმპერიაში, აპოლო ერთ-ერთი უდიდესი კინოთეატრი გახლდათ, რომლის ინტერიერი მოდერნის მრავალ ელემენტს შეიცავდა.
კინოთეატრი არქიტექტურული თვალსაზრისით, თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ცნობილი შენობაა. საინტერესო და შთამბეჭდავია მისი არქიტექტურა. შენობა სამსართულიანია. აღმაშენებლის გამზირისა და ია კარგარეთელის ქუჩის შესაყართან, იგი გუმბათიანი, ცილინდრული მოცულობითი ფორმებით არის მიმართული. ფასადები სწორკუთხა, თაღოვანი, დიდი ფანჯრებით და გიგანტური იონიური პილასტრებით არის დანაწევრებული. მთავარ ელემენტს მოდერნის სტილისთვის დამასახიათებელი ნაძერწი გირლიანდების, გვირგვინებისგან შემდგარი კომპოზიციები და სიმბოლური ფიგურული რელიეფები წარმოადგენს. შენობას ნაძერწი კრატერებით აქცენტირებული არასწორხაზოვანი უკარნიზო კონტური ასრულებს. არანაკლებ საინტერესოა კინოთეატრის ინტერიერიც, რომელიც ფოიედან დაწყებული, დარბაზის გარეთ არსებული სივრცეებით დასრულებული უამრავ დეკორაციულ ელემენტს მოიცავს როგორებიცაა: ნალესი რელიეფები, სვეტების კაპიტელები, ბაზების ქვის ჩუქურთმები, კედლის მხატვრობის ფრაგმენტები, იატაკის მოზაიკა და ლითონის ჭედურობა. აღნიშნული თანამედროვე სტილის მდიდრული შიდა მოწყობა იდეალური ნაზავია, როგორც მხატვრული ხარისხით, ისე შემოქმედებითი გამოხატულებით.
აპოლო გასაბჭოებამდელი თბილისის ყველაზე დიდი კინოთეატრი გახლდათ. საბჭოთა პერიოდში მას „ოქტომბერი“ ეწოდებოდა. 1987 წელს, კინოთეატრის რეკონსტრუქცია მოხდა და ხელახლა გაიხსნა. საფუძვლიანი რეკონსტრუქციის შედეგად, კინოთეატრის შიდა გეგმარება შეიცვალა, თუმცა შენობის ინტერიერის მხატვრულ-არქიტექტურული ელემენტები უცვლელი დარჩა და დღემდე შემონახულია. ამჟამად, კინოთეატრი მოქმედი არ არის.
კინოთეატრი აპოლო ქალაქის კინომეხსიერების მთავარი ნიშანია. გამორჩეული არქიტექტურული შენობა, რომელიც დროის ცვლილების იდეალური ჟამთააღმწერელია და თბილისის მდიდარი კულტურული ისტორიის ნათელ მოგონებას წარმოადგენს.




