საუკეთესო ადგილები თბილისში ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის

ელექტრონული მუსიკა, საერთაშორისო დონის კლუბები, არტისტები და გარემო ღამის ცხოვრების აქტიურ მოყვარულებს თბილისში შთამბეჭდავ გამოცდილებას და დაუვიწყარ ემოციებს სთავაზობს. ბოლო წლების განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით კლუბური ცხოვრება აქტიურად განვითარდა.
ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის თბილისში რამდენიმე გამორჩეული ღამის კლუბია, რომლებმაც სტუმრების მოწონება გახსნისთანავე დაიმსახურეს და დღეს, როგორც ქალაქის მაცხოვრებლების, ისე ტურისტებისათვის განტვირთვის საუკეთესო ადგილებს წარმოადგენენ.
კლუბი „ბასიანი“ თბილისში 2014 წელს გაიხსნა. ის დედაქალაქის ყველაზე დიდი სპორტული სტადიონის „დინამო არენას“ შენობაში მდებარეობს და მთავარ საცეკვაო სივრცედ მიტოვებულ საცურაო აუზს იყენებს. „ბასიანი“ საქართველოს ყველაზე დიდი ტექნო კლუბია და 1200-მდე ადამიანს იტევს. კლუბი მუდმივად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბის არტისტებს. „ბასიანი“ არაერთხელ მოხვდა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში, როგორც თბილისის ერთერთი გამორჩეული, საერთაშორისო დონის კლუბი. მთავარი სცენის გარდა, კლუბში შედარებით პატარა ოთახი, სახელად Horoom მდებარეობს, რომელიც ხშირად მასპინძლობს LBBTQ წვეულებების სერიას Horoom Nights. კლუბის სახელი საქართველოს ისტორიულ ნაწილს და ერთ-ერთ გამორჩეულ 1202 წელს მომხდარ ბასიანის ბრძოლას უკავშირდება და გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს – „იმას, რასაც ბასი აქვს“. სახელის შინაარსი კლუბის ლოგოზეც აისახება. „ბასიანი“ სტუმრებს ყველაზე ხარისხიან ხმის სისტემას – Funktion one-ს სთავაზობს.
კლუბი „ხიდი“ თბილისში 2016 წლიდან ფუნქციონირებს და ღამის გართობის მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი სახელი მდებარეობას უკავშირდება. სივრცე ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან არის განთავსებული. კლუბი მოწინავე დონის ხმის სისტემის ხარისხით გამოირჩევა.
„მტკვარზე“ – კლუბი მდინარე მტკვრის სანაპიროზე ყოფილი რესტორნის შენობაშია განთავსებული. სივრცე ორ ოთახს და აივანს ხედით მტკვარზე აერთიანებს. თანამედროვე კლუბური მუსიკის გარდა, მისი პატარა ოთახი ხშირად ეთმობა განსხვავებული ჟანრის ექსპერიმენტატორ შემსრულებლებს.
„Café Gallery“ – კლასიკური კლუბებისგან განსხვავებით, სივრცე დღის განმავლობაში ჩვეულებრივ მყუდრო კაფეს წარმოადგენს. კვირის ბოლოს კი ელექტრონული მუსიკის და სხვადასხვა მიმდინარეობის შემსრულებლების სცენად გარდაიქმნება, სადაც გართობა დილამდე გრძელდება. აღნიშნული ლოკაცია მთელი კვირის განმავლობაში აქტიური და ძალიან პოპულარულია.
ერთ-ერთი გამორჩეული სივრცეა „Spacehall“. კლუბი „ბასიანთან“ ახლოს, ბორის პაიჭაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონის კომერციულ ზონაში მდებარეობს. სივრცე დინამიკური ხმის სისტემით, განათებით, დიდი ფართობით და ჟანრთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა.




