Georgian Airways ჟურნალი ENG
საქართველო

საქართველოს ოაზისი - სამეგრელო

საქართველოს ოაზისი - სამეგრელო

საკუთარ პატარა სამოთხეს ნებისმიერი გემოვნების ადამიანს რომ აპოვნინებს, სწორედ ეს არის სამეგრელო. რეგიონი, რომელიც ნამდვილი ოაზისია ულამაზესი ხეობებით, დაბლობის თუ ალპური ტბებით, ჩანჩქერებითა და ბევრი მომაჯადოებელი მღვიმით. საქართველო რომ მდიდარია მრავალფეროვანი ლანდშაფტით, ბუნებითა თუ ისტორიული ძეგლებით, ეს უცხო აღარავისთვისაა, თუმცა, ამ კუთხით სამეგრელო საპატიო ადგილს იკავებს. აქ ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ უძველესი ნამოსახლარები, უნიკალური ტაძრები და ციხესიმაგრეები. ისტორიული ძეგლები, რომლებიც შეუფასებელ ამბებს ჰყვებიან.

ტობავარჩხილი დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიზეზი ხდება ნებისმიერი მნახველისთვის. ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარე ტობა ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა. სწორედ აქედან იღებს სათავეს მდინარე მაგანა, რომელიც ტბის სიახლოვეს ულამაზეს კანიონსა და ჩანჩქერს ქმნის.

სამეგრელოში მდებარეობს ენდემური სახეობებით მდიდარი კოლხეთის ეროვნული ნაკრძალიც. მისი საერთო ფართობი 44308,5 ჰა-ია, რომლიდანაც ზღვის აკვატორია 15276 ჰა-ს შეადგენს. ის 5 ადმინისტრაციული რაიონის – ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის – სამეგრელოსა და გურიის ნაწილია. ნაკრძალს უდიდესი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზები. ვიზიტორებისთვის კი ნაკრძალი წლის ნებისმიერ დროს ღიაა. მდინარე ჭურიასა და ფიჩორის ხეობაში, ასევე, პალიასტომისა და ოქროს ტბაზე შესაძლებელია დაგეგმოთ ნავებით, კატერით, პონტონით და კაიაკით გასეირნება, შემდგომ კი კოლხური ტყისა და უნიკალური ჭაობების მონახულებას შეძლებთ. კოლხეთის ეროვნულ პარკში, ასევე, 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის გადამფრენ ფრინველზე დაკვირვებისთვის, სათვალთვალო კოშკურებია მოწყობილი. პარკში განსაკუთრებით პოპულარულია პალიასტომის ტბა, რომელიც საქართველოში სიდიდით მე-3 ტბაა.

თუ სამეგრელოში მოხვდებით, აუცილებლად უნდა ნახოთ: წალენჯიხაში მისტიკურად მოძრავი 12 ტონიანი ლოდი, მას ქუაქანცალიას ეძახიან იმიტომ, რომ ხელის მცირე შეხებაზეც კი ირწევა; კაცობურის აღკვეთილი; ინწრის ხეობა; ონიორესა და ოჩხომურის ჩანჩქერები; ასევე ბალდის კანიონი.

ხოლო, თუ სამეგრელოში ზაფხულის პერიოდის გატარებას გეგმავთ და გსურთ სანაპიროზე დასვენება, შეგიძლიათ ანაკლიას ან მალთაყვას მიაშუროთ.

სამეგრელოს სტუმრებს განსაკუთრებით უყვართ მარტვილის კანიონის დათვალიერებაც, ამ კუთხის ისტორიული ნაწილის გაცნობისთვის კი დადიანების სასახლის მონახულება ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. დადიანების სასახლე სამეგრელოს ცენტრალურ ქალაქში, ზუგდიდში მდებარეობს.

შეუძლებელია ვისაუბროთ სამეგრელოზე და არ აღვნიშნოთ უნიკალური სამზარეულოც, თუმცა, ამ ყველაფრის შესახებ ჩვენი ჟურნალის სხვა სტატიებში მოგითხრობთ.

ახლა მოგიყვებით სამეგრელოს კულტურის შესახებ, რომელიც თავისი ისტორიული წარსულითა და ადათ-წესებით გამორჩეულია. ამ მხარის ყოფაცხოვრებით დაინტერესება წარსულშიც დიდი იყო. ბერძენი მწერლები კოლხებს ბიბლიური ნოეს შვილის – იაფეტის შთამომავლებად მიიჩნევდნენ, ჰეროდოტე კი მათ ეგვიპტური წარმოშობის ხალხად თვლიდა. ამ მხარეში სახეცვლილად, თუმცა, დღემდეა შემორჩენილი უძველესი ტრადიციები. მაგალითად, ძველად კოლხეთში გავრცელებული იყო ხეთა თაყვანისცემა, „ყვავის წილის“ ტრადიცია კი სამეგრელოში დღემდე აქტუალურია. ტრადიციის თანახმად კვერცხის ნაჭუჭს ღომით და ყველით ავსებენ, სახურავზე აგდებენ და თან იტყვიან – „ყვავის წილი“. სჯერათ, რომ ამ რიტუალის შესრულების შემდეგ ყვავი წიწილას არ წაიღებს.

სამეგრელო გამორჩეულია ფოლკლორითაც. „მეგრული ნანა“ არავის და არაფერს ჰგავს. ის ერთადერთი და ყველაფრისგან გამორჩეულია. ამბობენ, რომ პირველად, სწორედ მეგრელმა ჩაიცვა გრძელი ჩოხა. მეგრელი ქალის აბრეშუმის, ნატიფად მოსირმული კაბის ნახვა კი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია შესაძლებელი.

სამეგრელო ერთი დიდი თაიგულია თუ თავგადასავლებს და ახალ ადგილებს ეძებთ.

კიდევ წაიკითხეთ

ვალერიან ჩხენკელი – „ჯორჯიან ეარვეისის“ შეფ-პილოტი
ავიაცია

ვალერიან ჩხენკელი – „ჯორჯიან ეარვეისის“ შეფ-პილოტი

„თვითმფრინავის ძრავის ხმა რომ მესმის, ახლაც იგივე ემოცია მეუფლება, რაც პირველი ფრენის დროს. თვითმფრინავის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“.

„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით – რომსა და ფორლიში იწყებს.
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით – რომსა და ფორლიში იწყებს.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით – იტალიაში, რომსა და ფორლიში იწყებს.

თელ-ავივი
მოგზაურობა

თელ-ავივი

ქვიშიანი სანაპიროები, ძველი და თანამედროვე არქიტექტურის შთამბეჭდავი ნაზავი, კულტურული ძეგლები, ტრადიციული ებრაული სამზარეულო, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს – ეს ისრაელის საქმიანი ცენტრი და იერუსალიმის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქი თელ-ავივია. აღსანიშნავია, რომ სახელწოდება…