Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

ელენე ახვლედიანი

ფერმწერი, რომლის ნამუშევრები პაბლო პიკასომ შეაფასა

ელენე ახვლედიანი

„ქართველი ქალი ბუნებით მხატვარია. აბა, დააკვირდით ჩვენი წინაპრების ნაქსოვ-ნაქარგებს. მათი შემქმნელები დიდებული მხატვრები იყვნენ, მაგრამ ისე გაქრნენ, რომ მათი ვინაობა მხოლოდ ნაქსოვზე მიწერილი ამონაქარგითღა ვიცით. შენ კი, ელენე, ხატე, ხშირად ხატე. თელავი და ალაზნის ველი თავის მხატვარს ელოდება“. – ეს სიტყვები ცნობილმა მწერალმა ვასილ ბარნოვმა ელენე ახვლედიანს თანაკლასელების თანდასწრებით უთხრა. ელენე ახვლედიანს, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქართველი ფერმწერია. ვასილ ბარნოვი მისი მასწავლებელი იყო და სწორედ მან შეამჩნია ფერმწერის ნახატები პირველად და დიდი მომავალიც უწინასწარმეტყველა.

ელენე ახვლედიანი თელავში 1901 წელს დაიბადა. როგორც მხატვრის ბიოგრაფები აღნიშნავენ, მას ბავშვობიდან იზიდავდა ხელოვნება. მისი ინსპირაციის წყარო არაერთხელ გამხდარა კახური პეიზაჟები. ახვლედიანების ოჯახი კახეთიდან თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად. დედაქალაქში ის თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა.

შემოქმედებითი მრავალფეროვნებით გამორჩეული ელენე ახვლედიანი განსაკუთრებით მისი პეიზაჟებითაა სახელგანთქმული. მის ფერწერაში აისახა საქართველოს ბუნების განუმეორებელი ხიბლი. ტერმინებიც კი წარმოიშვა: ელენეს თბილისი, ელენეს კახეთი… ის აქტიურად მუშაობდა თბილისის ძველი უბნების ფიქსაციაზე. ცნობილი არქიტექტორი შოთა ყავლაშვილი, ძველი უბნების რეკონსტრუქციისას, ხშირად ეყრდნობოდა ელენე ახვლედიანის ნამუშევრებს.

ელენე ახვლედიანის შემოქმედებითი გზა სავსეა წარმატებებით. მხატვრის ნამუშევრები გამოირჩევა თავისი ფერადოვნებით, სინაზითა და უბრალოებით. მის მიერ შესრულებული თბილისური პეიზაჟები კი განსაკუთრებულ სიამოვნებას იწვევს მნახველში. „თბილისი ჩემთვის არის ელენე ახვლედიანი“ – ასე ახასიათებდა სერგო ფარაჯანოვი მხატვრის ნამუშევრებს.

ქართველ ფერმწერს სხვადასხვა ქვეყნებში გაუმართავს პერსონალური გამოფენა, მათ შორის, პირველი პარიზში, სადაც ნამუშევრები პაბლო პიკასომ შეაფასა. გენიალურ მხატვარს განსაკუთრებით მოეწონა ფერწერული ტილო სახელწოდებით „კახეთი, ზამთარი“. პიკასოს ნამუშევრის შეძენის სურვილიც კი ჰქონდა, თუმცა, ელენე ახვლედიანმა უპასუხა, რომ მასაც ძალიან მოსწონდა ეს ნამუშევარი და არასდროს გაყიდდა მას.

ელენე ახვლედიანი არა მხოლოდ ფერმწერი, არამედ გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი და თეატრისა და კინოს მხატვარი გახლდათ. 1922 წელს, ის მხატვართა საზოგადოების სტიპენდიანტი გახდა და იტალიაში გაემგზავრა. ორი წლის შემდეგ კი პარიზში კოლაროსის აკადემიაში განაგრძო სწავლა. პარიზში ელენე ახვლედიანმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. კოლექციონერები და მხატვრები, მათ შორის, ფრანგი ნეოიმპრესიონისტი პოლ სინიაკი, მის ფერწერულ პეიზაჟებს ყიდულობდნენ.

1927 წელს, ელენემ მოულოდნელად დატოვა პარიზი, როცა დედის ავადმყოფობის შესახებ გაიგო. იმ პერიოდში იგეგმებოდა მხატვრის პერსონალური გამოფენის მოწყობა ჰოლანდიაში. პარიზიდან ნამუშევრები თვითმფრინავით წაიღეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი ყველა ნახატი დაიკარგა. ელენე ახვლედიანი ამაზე არ დარდობდა, რადგან მხატვრისთვის მთავარი იყო, რომ დედას ცოცხალს ჩამოუსწრო. უცხოეთში სამუშაოდ კი მას შემდეგ აღარ წასულა.

ელენე ახვლედიანმა ერთ დღეს კოტე მარჯანიშვილისგანაც მიიღო შეთავაზება და თეატრში არაერთი სპექტაკლის გაფორმებაში მიიღო მონაწილეობა. 1930-1933 წლებში, იგი ძირითადად, თეატრში და წიგნების ილუსტრაციებზე მუშაობდა. სხვადასხვა დროს გააფორმა „ტომ სოიერის თავგადასავალი“, „კაცი, რომელიც იცინის“, ვაჟა ფშაველას პოემები, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები და სხვა.

1939 წელს, ელენე ახვლედიანმა სახელოსნო მიიღო, რომელიც „პატარა საქართველოდ“ აქცია. დღეს, იქ მისი სახლ-მუზეუმია. სწორედ, ამ სახელოსნოში ინახებოდა საკუთარი და სხვა მხატვრების მიერ შესრულებული ნახატები. ელენე ახვლედიანი სახელოსნო-სახლს ხშირად უთმობდა სხვადასხვა შეხვედრებს, საღამოებს, კონცერტებსა თუ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებს. გარდა ამისა, მის სახლშია გადაღებული ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის „მზე შემოდგომისა“ წვეულების სცენა, სადაც კადრში ელენე ახვლედიანთან ერთად ლადო გუდიაშვილიც ჩანს.

რაც შეეხება, მის პირად ცხოვრებას, მან ოჯახი სტუდენტობის პერიოდში შექმნა. მისი მეუღლე გახლდათ აპოლონ კაკაბაძე. სამწუხაროდ, მათი თანაცხოვრება მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა.

1971 წელს, ელენე ახვლედიანი გახდა პირველი ქალი, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. პოპულარობის ზენიტში იყო, როცა 1975 წელს მოულოდნელად ინსულტით გარდაიცვალა. დღეს, ელენე ახვლედიანის ცხოვრება მისი შემოქმედებით გრძელდება.

კიდევ წაიკითხეთ

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“
ავიაცია

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“

2024 წელს, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან ასრულებდა რეგულარულ, პირდაპირ ფრენებს გაზრდილი მიმართულებებითა და სიხშირეებით. წელს, ფრენები სრულდებოდა 12 მიმართულებით: პარიზი, ნიცა, მილანი, ამსტერდამი, ვენა, ლარნაკა, ბერლინი, მიუნხენი, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტპეტერბურგი, ნოვოსიბირსკი.

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი
ავიაცია

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი

თორნიკე ნადიბაიძე, „ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე მფრინავი: „ავიაციით ერთხელ თუ „მოიწამლე“, ერთხელ თუ აფრინდი, სულ ცდილობ, რომ თვითმფრინავი, ფრენა და ავიაცია შენი ცხოვრების ნაწილი იყოს“.

სვანეთი
მოგზაურობა

სვანეთი

როცა საქართველოში ზამთრის გატარებაზე გვაქვს საუბარი, რთულია მთას გვერდი ავუაროთ და სვანეთი არ გაგვახსენდეს. საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. სამთო სპორტის მოყვარულებს უკვე დიდი ხანია, რაც აქ…