წინანდლის ფესტივალი - 2024

„მუსიკის სახელით“ – წინანდალში რიგით მე-6-ე მუსიკალური ფესტივალი გაიმართა. 31 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ფესტივალის სცენამ კლასიკური მუსიკის საერთაშორისო დონის ხელოვანებს, ანსამბლებს და ამომავალ ვარსკვლავებს უმასპინძლა.
ფესტივალი იტალიელი დირიჟორის, ჯიანანდრეა ნოზედას დირიჟორობით, პან-კავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა, ჯიუზეპე ვერდის რეკვიემით გახსნა. ორკესტრის მიერ გაჟღერებულმა რეკვიემმა დამსწრე აუდიტორიაში საზღვრების გადაბიჯების, იმედის შთაგონების, დაფარული ოცნებების და უკეთესი მომავლის იმედი გააღვიძა. მსმენელის წინაშე, ისეთი ვირტუოზი პიანისტები წარდგნენ როგორებიც, ბორის გილტბურგი, ალექსანდრე კანტოროვი, ბრუს ლიუ, მიხაილ პლეტნევი და ანდრაშ შიფი, ხოლო მევიოლინეებიდან – კრისტოფ ბარატი, ლიზა ბათიაშვილი, ჯოშუა ბელი და კლარნეტისტი მარტინ ფროსტი გახლავთ.
როგორც ყოველთვის, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის გამოსვლა წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი მოვლენაა. ორკესტრი, მუსიკის სიყვარულით, კავკასიის სხვადასხვა რეგიონიდან – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და თურქმენეთიდან შემდგარ ახალგაზრდებს აერთიანებს. ფესტივალი ახალგაზრდა ორკესტრის წევრებს, ყოველ წელს, შესაძლებლობას აძლევს მსოფლიო დონის დირიჟორებთან, სოლისტებთან იმუშაონ და არსებულ გამოწვევებს მუსიკით უპასუხონ.
წლევანდელი ფესტივალის პროგრამამ საორკესტრო პროგრამის გარდა, გამოჩენილი გამოსვლები, კომპოზიციები და მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსების კამერული კონცერტებიც მოიცვა.
კლასიკური მუსიკის ზეიმის მიზანი, შთამბეჭდავი გამოსვლების და დამსწრე აუდიტორიისათვის მუსიკის ძალით გაცოცხლებული ემოციების გარდა, ისტორიულად დატვირთულ საქართველოში ხელოვნების, კულტურული განათლების და სიმშვიდის ხელშეწყობაა. ეს მიზანი ფესტივალის მსვლელობის დროს ჩატარებული სემინარების და მასტერკლასების შინაარსშიც იყო ჩადებული, რომლებსაც ჩამოსული ხელოვანები და სტუმრები ესწრებოდნენ. ყველა პროგრამა ფესტივალის დამაარსებლების და დირექტორების – მარტინ ენგსტროემისა და ავი შოშანის ზედამხედველობით მიმდინარეობდა.
წინანდალში ჩატარებულმა რიგით მე-6-ე კლასიკური მუსიკის ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო სულ უფრო მეტად იპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ინტერესს, ყურადღებას და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მუსიკის, ხელოვნების ერთობის და ჰუმანურობის ძალით, კულტურულ მარგალიტში – წინანდალში აერთიანებს.





