მილანი – აღმოჩენების ქალაქი

„მილანი აღმოჩენების ქალაქია, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ უმშვენიერესი ბაღებით, ნახოთ არაჩვეულებრივი გალერეები, ესტუმროთ მოდურ მაღაზიებს და დააგემოვნოთ გემრიელი საკვები“ – ასე ახასიათებს საერთაშორისო მედია მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს.
მილანზე საუბრისას, ალბათ, თვალწინ პირველად ყველას პიაცა დუომოზე მდებარე, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო ცენტრი „Galleria Vittorio Emanuele“ წარმოუდგება. ვიტორიო ემანუელე II-ის გალერეა მაღაზიებითა და რესტორნებით დახუნძლული ორი ქუჩის თანაკვეთაა. გალერეის შესასვლელს დუომოს მოედნის მხრიდან ტრიუმფალური თაღი ამშვენებს. ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით გალერეაში მდებარე ტურინის გერბი სარგებლობს. ლეგენდის თანახმად, თუ მის ინტიმურ ადგილზე ქუსლზე სამჯერ დატრიალდებით, ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ. გალერეის სტილს გროტესკული ფერწერა და ნახევრად მრგვალი ფანჯრები გამოარჩევს. გუმბათის ქვეშ, შენობების ფასადებზე ცნობილი იტალიელი მხატვრებისა და მეცნიერების ქანდაკებებია განთავსებული.
ვიტორიო ემანუელე II-ის გალერეიდან გამოსვლისთანავე თქვენ ყურადღებას მილანის საკათედრო ტაძარი, დუომო დი მილანო მიიქცევს, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეოთხეა. ტერმინი „დუომო“ XII საუკუნიდან არის ცნობილი. ის ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს – domus, ანუ „სახლი“. იგულისხმება domus Dei – „ღვთის სახლი”. ზოგიერთი წყარო სხვა განმარტებასაც გვთავაზობს: domus ecclesiae – „ეკლესიის სახლი“ და domus episcopi
– „ეპისკოპოსის სახლი“. ტაძრის სიგრძე 158 მეტრია, სიმაღლე – 108 მეტრი. ეს გრანდიოზული ნაგებობა თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული და თავისი არქიტექტურული დიდებულებით უამრავ ადამიანს აოცებს. როგორც ყველა სხვა გოტიკურ ტაძარში, მილანის დუომოს ქანდაკებებიც ქრისტიანობის იდეას ეძღვნება. ფასადსა და შენობის შიგნით 3400 ქანდაკება და მარმარილოს ჰორელიეფებში ჩასმული 700-ზე მეტი ფიგურაა განთავსებული. ისინი ისტორიულ და ბიბლიურ პერსონაჟებს გამოსახავენ – პატრიარქებსა და წინასწარმეტყველებს, წამებულებსა და წმინდანებს, აგრეთვე ქერუბიმებს, გარგულიებსა და ქიმერებს.
ხელოვნების მოყვარული ტურისტისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილია ტაძარი „Santa Maria delle Grazie“, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ლეონარდო და ვინჩის შედევრი – „საიდუმლო სერობა“ იხილოთ.
ლა სკალას ოპერის სახლი მილანის კულტურული სიმდიდრეა. ოპერა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ოპერის მომღერლებსა და კომპოზიტორებს მასპინძლობს. თუ წარმოდგენას ვერ დაესწრებით, შეგიძლიათ შენობა დაათვალიეროთ. ამასთანავე, შეგიძლიათ ეწვიოთ ლა სკალას მუზეუმს, რომელიც ანტიკურ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, კოსტიუმებსა და ლა სკალას ყველაზე ცნობილი კომპოზიტორების პორტრეტებს ინახავს.
ცოტამ თუ იცის, რომ ვენეციის მსგავსად, ძველად მილანშიც მთელი ქალაქი არხებით იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. დღეისათვის ამ არხების უმეტესობა აღარ არსებობს, თუმცა, დარჩენილია ორი მთავარი არხი: Naviglio Pavese და Naviglio Grande. Naviglio Grande მილანის ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობაა. არხის ორივე მხარეს შეხვდებით რესტორნებს, კაფეებს, ვინტაჟურ მაღაზიებსა და ულამაზესი ხედების დათვალიერებით დატკბებით.
იმ შემთხვევაში, თუ ცოტა ხნით აქტიური მოგზაურობისგან დასვენება მოგინდებათ, შეგიძლიათ „სემპიონეს პარკს“ ეწვიოთ. ბაღში ულამაზესი ლანდშაფტი, საუცხოო ხეები, ბუჩქები, ხასხასა და ფერადი ყვავილები, შადრევნები და ტბები დაგხვდებათ. ადგილზე იხვებს, გედებსა და კუებსაც შეხვდებით.
იტალიის ამ ულამაზეს ქალაქში უამრავი ადგილია, სადაც თანამედროვე და ისტორიული არქიტექტურის კომბინაციას ნამდვილად შეიგრძნობთ.
ადგილობრივი სამზარეულო კი თქვენს გულს პირველივე წამებიდან დაიპყრობს. იტალიური კერძები, არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. მათში მარცვლეული, ბოსტნეული, ყველი, მწვანილი, ზღვის პროდუქტები და ზეითუნის ზეთი საოცრად ერწყმის ერთმანეთს. პიცა, პასტა, რიზოტო, ტორტელინი, ლაზანია, მინესტრონე, ტირამისუ, რავიოლი, პანინი, ბრუსკეტა, პანნა კოტა – კარგად ჩაინიშნეთ ეს ყველაფერი და მილანიდან მათი დაგემოვნების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ ჩამოხვიდეთ.
აღმოჩენების ქალაქში მოგზაურობა კიდევ ერთხელ მიგახვედრებთ, რომ იტალიაში მუდმივად იგრძნობა la dolce vita, ან როგორც ამას ადგილობრივები ეძახიან – სიამოვნებისა და ტკბილი ცხოვრების იდეა.



