მატილდა გვარლიანი

16 წლის ასაკში მილანის მოდის კვირეულზე Dolce & Gabbana-ს კოლექციის ჩვენებაზე გაიბრწყინა და მაშინვე მსოფლიო მოდის გული მოიგო. მატილდა გვარლიანი – ეს სახელი და გვარი დღეს ფართო ასპარეზზე გაისმის, და ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ის თავის თაობაში ერთერთი ყველაზე წარმატებულია.
მოდის სფეროში მოღვაწე ადამიანები მატილდას განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარეგნობას ხაზს ხშირად უსვამენ, მისი არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. როგორც თავად მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, გაყოფილი კბილები ერთ დროს მას აკომპლექსებდა, მაგრამ ახლა მიაჩნია, რომ სწორედ არასტანდარტული სახე გახდა მისი წარმატების ერთერთი მიზეზი.
ახალგაზრდა მოდელი 2003 წლის 17 მაისს დაიბადა. მისი სრული სახელი და გვარი მატილდა მარიამ გვარლიანია. მოდელობა მისი ბავშვობის ოცნება იყო. მიზნის მისაღწევად მან 14 წლის ასაკში მიმართა სამოდელო სააგენტო “look models managment”-ს და არც შემცდარა. სააგენტოში ახალი ჩარიცხული იყო, როცა ქართველი დიზაინერის თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქისთვის“ გადაიღეს. ამ გადაღებას მომდევნო წარმატებებიც მოჰყვა. კარიერის განმავლობაში მას უკვე უთანამშრომლია ინდუსტრიის წამყვან ბრენდებთან.
2020 წელს, მატილდა გვარლიანი საერთაშორისო ბრენდის, Red Valentino-ს სახე გახდა. მოდელი ბრენდის საახალწლო კამპანიაში გადაიღეს, სადაც სექსუალური და თავდაჯერებული ქალის იმიჯი მოირგო.
2022 წელს, ქართველი მოდელის ფოტო Vogue-ის ნიდერლანდური გამოცემის დეკემბრის ნომრის ყდაზე დაბეჭდეს. მაშინ Vogue-იმ ფოტოები „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზეც გამოაქვეყნა. მოდელი ვენაში, ბელვედერეს სასახლეში გადაიღეს. „გუსტავ კლიმტისა და სხვა ხელოვანების ნამუშევრებს შორის მატილდა აჩვენებს, რომ ადამიანის მეამბოხე ბუნებაც ხელოვნებაა“ – წერდა Vogue.
მატილდა გვარლიანის ფოტო დაიბეჭდა ჟურნალ “wonderland”-ის ყდაზე, მან გაიარა ბრენდ „ფენდის“ 25 წლის საიუბილეო ჩვენებაზე ნიუ იორკში. ის წლებია თანამშრომლობს „დიორის”, „შანელის“, „არმანის“, „ფენდის“, „ლუი ვიტონის“ და სხვა წამყვან მოდის სახლებთან.
მატილდა გამოცემა Models.com-ის მკითხველის რჩეულიც გახდა და ტოპ ახალ სახედ დასახელდა. პლატფორმის გამოკითხვის შედეგად მან გაიმარჯვა კატეგორიაში „მკითხველის რჩეული ამომავალი ვარსკვლავი.“ გამოკითხვა მოდის ინდუსტრიის იმ ახალბედა სახეებს შეეხებოდა, რომლებმაც ძალიან მოკლე დროში გაითქვეს სახელი. მატილდა 20 ნომინირებულს შორის დასახელდა საუკეთესოდ.
გამორჩეულია მისი გამოჩენა მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, „დოლჩე & გაბანას“ 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე, სადაც პოდიუმზე მასთან ერთად ისეთმა ტოპ მოდელებმა გაიარეს, როგორიც ნაომი ქემპბელი და ირინა შეიკია.
წელს ის „შანელის“ სუნამოს კამპანიაში გამოჩნდა. მატილდას ფოტო ბრენდის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. ის სუნამო CHANCE-ის სახეა. აღსანიშნავია, რომ სუნამოს ოთხი არომატის რეკლამისთვის ბრენდმა ოთხი მოდელი შეარჩია. მათ არჩევანი ახალბედა მოდელებზე გააკეთეს და ერთ-ერთი ამ მოდელებს შორის სწორედ მატილდა გახლდათ.
ერთ-ერთი ყველაზე ბოლო თანამშრომლობა ჟურნალ „ჰარპერს ბაზართან“ ჰქონდა. მატილდა გვარლიანი ფრანგული გამოცემის აგვისტოს ედითორიალის მთავარი გმირი იყო. მის სტილზე გაბრიელ მარსეკამ იმუშავა, ხოლო ფოტოების ავტორი ბრაიან ლისტონია. „პოეტური და რომანტიკული ფოტოები“ – ასე აფასებენ ლისტონის ნამუშევრებს.
მატილდა გვარლიანისგან ქართველი გულშემატკივარი მუდამ მასშტაბურ წარმატებას ელის, რისი მიზეზიც ნამდვილად აქვს. ის მსოფლიოს მოდის ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ელჩია.






