კახეთის ღვინის და ჯაზის ფესტივალი
მათთვის, ვინც იცის თავისუფლების გემო

მერვე წელია, რაც „წინანდლის მამულები“ კომპანია Eastern Promotion-ის ორგანიზებით „კახეთის ღვინის და ჯაზის ფესტივალს“ მასპინძლობს.
8 წლიანი ისტორიის განმავლობაში, კახეთის ღვინის და ჯაზის ფესტივალმა გულშემატკივრების დიდი არმია შეიძინა. თბილისის და ბათუმის ჯაზ ფესტივალებისგან განსხვავებით, კახეთის ღვინის და ჯაზის ფესტივალი განსხვავებული ფორმატის და შინაარსის ფესტივალია, რომლის შექმნის მიზანიც შემეცნება, გართობა, ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საინტერესო შთაბეჭდილებების, მოგონებების დაგროვება და დროის სასიამოვნოდ გატარებაა.
შემოდგომა თითოეული ქართველისთვის კახეთთან, ყურძენთან, ღვინოსთან, რთველთან, მოსავლის აღებასთან, შრომასთან, და ამავდროულად, გართობასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, ღონისძიების შინაარსი და პროგრამა სრულად გადმოსცემს იმ ძირითად ისტორიას, რაც კახეთს უკავშირდება და რის გამოც კახეთის ღვინის და ჯაზის ფესტივალი უკვე მე-8-ე წელია კახეთის სავიზიტო ბარათად იქცა.
ტრადიციულად, ჯაზის და ღვინის სრულყოფილი სინთეზი და თავსებადობა ღონისძიებამდე თითოეულ სტუმარს განსაკუთრებულად განაწყობს, რაც შემდგომ ფესტივალის მთლიან მუხტზე აისახება.
2024 წლის 12 ოქტომბერს წინანდლის მამულები ფესტივალს მერვედ უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა ყოველწლიურად მრავალფეროვნებით, დინამიკურობით და სახალისო ელემენტებით გამოირჩევა. კარი ტრადიციულად, 13:00 საათზე ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. წლევანდელ ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფესტივალზე მონაწილეობით ბუტიკური ტიპის ღვინის კომპანიების დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, რაც დიდ შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდა მეღვინეებს, განავითარონ საკუთარი თავი, პროდუქცია და ის ბევრ ხალხს გააცნონ. ღონისძიების პროგრამის მნიშვნელოვანი ეპიზოდი ფესტივალის მეგობრის, იტალიელი შეფის მაურიციო სიცილიანოს ნაწილია. შეფმა უკვე არაერთი ქართველი დაიმეგობრა და წელს ფესტივალზე სატესტოდ ორ განსხვავებულ კერძს მოამზადებს.
წელს, ღონისძიების მუსიკალურ ნაწილს იტალიური ბენდი THE SWEET LIFE SOCIETY გახსნის. ხალისიანი, ვინტაჟური ფორმატის ბენდი ქალის და მამაკაცის მონაწილეობით, რომელთაც იტალიური ჰიპ-ჰოპის ელემენტები შემოაქვთ, მსმენელისთვის მხიარული განწყობის შექმნაზე იზრუნებს. საღამოს 7 საათზე ბოლრუმის სივრცეს ედმარ კასტანედა და გრეგუარ მარე უნიკალური პროექტით HARP VS HARP დაიკავებენ. მრავალფეროვანი ინსტრუმენტები, რომლებიც პროექტშია გამოყენებული, მსმენელს შთამბეჭდავ ჟღერადობას და დაუვიწყარ ემოციებს აჩუქებს. დღის ბოლოს, ამფითეატრის სცენას ფრანგული ჯგუფი ELECTRO DELUXE დაიკავებს, მათ მსოფლიოში ფრანგული მუსიკის ელჩების სახელით იცნობენ. პანკის, სოლის, R&B-ის, ჰიპ-ჰოპის და ელექტრონული მუსიკის ნაზავი სასიამოვნო დღის დასასრულს მსმენელს ემოციების ახალ მოგზაურობაში წაიყვანს.
გამოცდილება, რომელიც უნდა გამოსცადო და შეიგრძნო – ასეთია კახეთის ღვინის და ჯაზის ფესტივალის სიტყვიერი აღწერილობა, რომელიც უკვე ბევრმა ადამიანმა შეიყვარა და შემოდგომის ყოველ სეზონზე განსაკუთრებით ელოდება.





