ლაჟვარდოვანი სანაპიროს მარგალიტი

ამბობენ, რომ თუ დედამიწაზე სამოთხეს ეძებთ, მაშინ საფრანგეთს, კონკრეტულად კი მზიან და ლამაზ ნიცას უნდა ეწვიოთ. ნიცა ერთ-ერთი უდიდესი, ხმელთაშუაზღვისპირა კურორტია, რომელსაც მოგზაურობის ექსპერტები ლაჟვარდოვანი სანაპიროს მარგალიტადაც კი მოიხსენიებენ.
საფრანგეთის ეს მზიანი ქალაქი, ჯერ კიდევ ძვ. წ. IV საუკუნის შუა წლებში, ბერძნებმა დააარსეს და მას სახელი გამარჯვების ქალღმერთი ნიკეს პატივსაცემად უწოდეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2021 წელს იუნესკომ ნიცა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.
თვალისმომჭრელად ლურჯი და სუფთა ზღვა, ძველი ქალაქის ქუჩები, რომაული ეკლესიები, ხეხილის ბაღები, მრავალრიცხოვანი მუზეუმები – ეს ქალაქი სავსეა სანახაობებით.
იმისათვის, რომ სრულად დატკბეთ ხმელთაშუაზღვის ლაჟვარდოვანი წყლებით, ცნობილ ინგლისურ სანაპიროზე უნდა გაისეირნოთ, რომელიც, როგორც ამბობენ, თქვენ მოჯადოებას პირველივე დანახვისთანავე შეძლებს. აღნიშნული სანაპირო ინგლისელებმა შექმნეს, რომლებიც მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ნიცას დასასვენებლად ხშირად სტუმრობდნენ.
ნიცაში ყველა ქუჩა ისტორიას ჰყვება. ამიტომ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ძველი ქალაქის მიდამოები. პატარა ქუჩებისაგან შემდგარი ვიწრო ლაბირინთები ნიცაში, ჯერ კიდევ, ინგლისელი არისტოკრატების ჩამოსვლამდე გაჩნდა.
ლაჟვარდოვანი სანაპიროს მარგალიტი გულგრილს არც ხელოვნების მოყვარულებს დატოვებს. ნიცაში ყოფნისას შესაძლებლობა გექნებათ ეწვიოთ თანამედროვე და უახლესი ხელოვნების, მატისისა და შაგალის მუზეუმებს. დამწყები ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრებს კი ჟან რენუარის გალერეაში იხილავთ.
ნათელი ფერების, გემოების, არომატებისა და დიზაინერული ხელოვნების სამეფო – ასე ახასიათებენ უცხოური გამოცემები ნიცაში მდებარე ყვავილების ბაზარს. აღსანიშნავია, რომ ნიცას ისტორიაში ყვავილებს ყოველთვის დიდი როლი ეკავა. ცოტამ თუ იცის ის ფაქტი, რომ 1897 წელს ნიცა მსოფლიოში პირველი ადგილი გახდა, სადაც ახლად მოკრეფილი ყვავილების გაყიდვა დაიწყეს.
ზღვის სანაპიროებისა და ლამაზი მცენარეების გარდა, ნიცა მდიდარია არქიტექტურული საოცრებებით, მათ შორის, ტაძრებითა და სამრეკლოებით. მოგზაურთა ყურადღებას იპყრობს მოწყალების სამლოცველო, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.
ნიცაში ყოფნის დროს აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძი სოკა – ფქვილისა და ზეითუნის ზეთისგან გამზადებული ბლინი, რომელსაც საოცრად უხდება ადგილობრივი ღვინო. ასევე, ნაყინი ლავანდის, კაქტუსის და დარიჩინის გემოთი.
როგორც მოგზაურები ამბობენ, პარიზი ყოველთვის კარგი არჩევანია, თუმცა, ნიცას მონახულება ოცნების ახდენას ჰგავს...




