ბათუმი

ბათუმი – ზღვისპირა ქალაქი, რომელიც საფესტივალო, სარელაქსაციო და მრავალფეროვანი განწყობებით არის სავსე. საქართველოს ულამაზესი ქალაქი ბათუმი, მთელი შავი ზღვის რეგიონში, ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია.
ბათუმი წელიწადის ნებისმიერ დროს გამორჩეულად გიმასპინძლებს, საქმიანი ვიზიტით ესტუმრები თუ დასასვენებლად, მარტო, მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად, დიდი ხნით თუ მხოლოდ „უიკენდზე“.
არ დაგავიწყეთ შავ ზღვაზე იახტით ან ნავით გასეირნება. ეს მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება იქნება თქვენთვის. მანამდე, ან მეორე სისხამ დილით, შეიარეთ ბათუმის თევზის ბაზარში და ზღვის პროდუქტები თავად აარჩიეთ. იქვე ბევრი რესტორანი შეგხვდებათ და ყველა მათგანი შეძლებს თქვენ მიერ არჩეული ზღვის პროდუქტების მომზადებას. ამით ადგილობრივ გარემოს კიდევ უფრო უკეთ შეიგრძნობთ.
ბათუმი დედაქალაქიდან 350 კმ-ში, დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და იქ მოხვედრა ევროპიდან თუ აზიიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტითაა შესაძლებელი.
ბათუმი, საქართველოს საზღვაო ჭიშკარი, გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე. ის ერთ-ერთი უძველესი და სტრატეგიული ქალაქია, რომელსაც დაახლოებით ორიათასი წლის ისტორია აქვს. ამას მოწმობს მის სახელზე მოჭრილი მონეტებიც.
ბათუმის შესახებ პირველი ცნობები ძვ. წ. IV ს-ის ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება. ისტორიული კვალი და თანამედროვეობა ძალიან კარგად აღიქმება აქ, რადგან ბათუმი ცნობილია თავისი უძველესი პორტით, საინტერესო არქიტექტურით, ევროპული მოედნებითა და ამ მოედნებზე განთავსებული საოცარი სკულპტურებით. ერთ ასეთს – სალამურიან ბიჭუნას, ქალაქის ერთგვარ სიმბოლოს, ძველ ბათუმში, აგურის ისტორიული სახლის ნიშაში იპოვი.
აუცილებლად დაათვალიერეთ იქვე მდებარე ბათუმის პიაცაც. მოინახულეთ ანბანის კოშკი, ნეპტუნის შადრევანი, მედეას ქანდაკება, ასტრონომიული საათი, ბათუმის ცნობილი კოლონადები, 1863 წელს აგებული შუქურა, საოცარი ქანდაკება – ალი და ნინო და როტაცია.
ბათუმის ბულვარშიც უნდა გაიაროთ და ქალაქის ისეთი ძეგლებიც მოინახულოთ, როგორიც ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი, ბათუმის მეჩეთი – ორთა ჯამე და ბათუმის სულიწმიდის სახელობის კათოლიკური ეკლესიაა. ამით ქართულ ტოლერანტულ ბუნებასაც კარგად გაიცნობთ.
ბათუმი ყოველთვის იყო მულტიეთნიკური ქალაქი, სხვადასხვა კულტურისა და აღმსარებლობის მქონე მოქალაქეებით. ისინი ქართველებთან ერთად ქმნიდნენ იმ გარემოს, რაც დღეს ქალაქის არქიტექტურაშიც ნათლადაა გამოხატული.
რამდენიმე რეკომენდაცია ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობის შენობებთან დაკავშირებით: გამორჩეული მხატვრული ღირებულების მქონეა ბათუმის პირველი აფთიაქის შენობა (მდებაორებს – მემედ აბაშიძის N36-ში), რომელიც ნახსენები აქვს ცნობილ ნორვეგიელ მწერალ კნუტ ჰამსუნს თავის თხზულებაში – „ზღაპრული ქვეყანა“; ქალაქის ისტორიისთვის მნიშვნელოვანია, ცნობილი ამერიკელი მრეწველების, როტშილდების შენობა, რომელშიც ახლა სამშობიარო სახლია განთავსებული, მდებარეობს შოთა რუსთაველის ქ. N39-ში; ამერიკის შეერთებული შტატებისა (შოთა რუსთაველის ქ. N7) და შვედეთის ყოფილი საკონსულოს (ნოდარ დუმბაძის ქ. N5) შენობებიც აუცილებლად სანახავია; ასევე, ყოფილი სასტუმრო „ნეაპოლი“, იაკობ გოგებაშვილის ქ. N22-ში.
ბათუმი, გადაჭარბების გარეშე, ზღაპრული ქალაქია, რომელიც საქართველოში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ.





