რჩევები ღვინის ექსპერტისგან

თუ კი ერთხელ მაინც მოხვდები საქართველოში, მაშინვე გაიგებ ქართული სტუმართ-მასპინძლობის შესახებ და მიხვდები, რომ შენ უბრალოდ ტურისტი კი არა, ამ ქვეყნის ღირსეული სტუმარი ხარ. შეუძლებელია პირველივე წუთებში არ შეიგრძნო ქართული სუფრის გემო, სადაც 8000 წლიანი ისტორიის მქონე ღვინით სავსე ჭურჭელი აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. ნამდვილი თავგადასავალიც აქ იწყება — პატარა ქვეყნის თითოეულ მხარეში, სადაც არ უნდა მოხვდე, ქართველი ხალხი სუფრასთან აუცილებლად მიგიპატიჟებს და ადგილობრივ ღვინოს დაგაგემოვნებინებს. ეს ღვინის სამშობლოა, სადაც დღეს 500-ზე მეტი ჯიშის ადგილობრივი ვაზია შემორჩენილი. მკვლევრები ამბობენ, რომ ადრე მათი რაოდენობა 1500-ს აღწევდა. ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ ასეთი მრავალფეროვნება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოს ქმნის.
თუ თქვენ ეს გამოცდილება საკუთარ თავზე ჯერ არ გამოგიცდიათ, ჩვენი ინტერვიუ საუკეთესო ღვინის შერჩევაში დაგეხმარებათ. ჩვენს მკითხველს რჩევებს ღვინის ექსპერტი ანა გოდაბრელიძე უზიარებს.
როგორია და რით არის გამორჩეული ქართული ღვინო? ყველა ქვეყნის ღვინო საინტერესო და განსხვავებულია, მათ შორისაა საქართველო, ღვინის სახეობათა მრავალფეროვნებით. ქართული ღვინო, უპირველეს ყოვლისა, გამოირჩევა თავისი ისტორიით, აბორიგენული ჯიშებისა და ტექნოლოგიის მრავალფეროვნებით. მომხმარებელს უყვარს რეალობაზე დაფუძნებული ისტორია, ღვინის შესახებ იქნება ეს, სხვა პროდუქტისა თუ კონკრეტული ადგილის. ჩვენ მართლაც გვაქვს უძველესი ისტორია, რომელიც 8000 წლის წინ იწყება. Nasa-ში და მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში განხორციელებული კვლევების თანახმად:
– მარნეულის რაიონში მდებარე „შულავერის კულტურის“ ნეოლითური პერიოდის ჭურჭლის კედლებზე აღმოჩენილი ღვინის მჟავა და სხვა ორგანული მჟავები ადასტურებს 8000 წლის წინ საქართველოში ღვინის დაყენების ფაქტს;
– შულავერის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ვაზის
ყვავილის მტვრით დასტურდება, რომ ვაზი იმავე ტერიტორიაზე მოჰყავდათ და ყურძენი ღვინის დასამზადებლად არ შემოუტანიათ. ასევე, არსებობს სხვადასხვა კვლევები რომელიც ამ უძველეს წარმომავლობას ადასტურებს.
მრავალი საუკუნის წინ, ვინ რა ტერიტორიაზე ცხოვრობდა რთული სათქმელია. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ამ ადგილზე დავსახლდით. არ არის გამორიცხული, ხვალ და ზეგ კიდევ უფრო ძველი ნაშთები აღმოჩნდეს, როგორც ჩვენს, ისე მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს უწყვეტი მეღვინეობის ტრადიცია აქვს – 500-ზე მეტი აბორიგენული ჯიში და ჭაჭაზე ხანგრძლივი მაცერაციით მიღებული ქარვისფერი ღვინის ტექნოლოგია, რომელიც 2020 წელს OIV-მ, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ, სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შეიყვანა. ეს ორგანიზაცია 49 ქვეყანას და 12 დამკვირვებელ ორგანიზაციას აერთიანებს. იუნესკომ კი „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ღვინის შერჩევისას? ღვინის დაგემოვნების მოყვარულებს განსხვავებული ჯიშებისა და სხვადასხვა ქვეყნის ღვინის გასინჯვა აინტერესებთ, ამიტომ, უმჯობესი იქნება, სხვადასხვა მეღვინეობისა და რეგიონის ჯიშების ღვინო დააგემოვნონ, როგორც თეთრი, ისე წითელი და ქარვისფერი. ქარვისფერის შემთხვევაში გვაქვს ნაკლებ ჭაჭაზე დაყოვნებული, შედარებით მსუბუქი ტანინებით, ხოლო, უფრო გამოხატული მჟავიანობით იმერული ღვინოები (ცოლიკაური, კრახუნა...). ასევე, სრულ ჭაჭაზე დაყოვნებული, გამოხატული სხეულით გამორჩეული კახური ღვინოები (რქაწითელი, მწვანე კახური, ქისი, ხიხვი...). კახური ქარვისფერი ღვინის შემთხვევაში, კარგი იქნება მინიმუმ 3-4 წლის დავარგებული ღვინო შეარჩიონ, რადგან ასეთი ტიპის ღვინისთვის, რამდენიმე წელია საჭირო გემოს მოსამწიფებლად. კლასიკური თეთრი ღვინის საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს, როგორც დასავლეთში, ისე ქართლსა (გორული მწვანე, ჩინებული) და კახეთშ რომელი ქართული ღვინის გასინჯვას ურჩევდით აუცილებლად? ამ კითხვაზე პასუხი რთული არ არის. რქაწითლისგან დამზადებული ქარვისფერი ქვევრის ღვინო საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული ჯიშია, რომლის ქვევრის ღვინო ერთ-ერთი საუკეთესოა და დაძველების დიდი პოტენციალი აქვს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საფერავის გასინჯვა, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. ეს ჯიში საინტერესოა თავის შეფერილობით, არომატით, სავსე სხეულით, დაძველების პოტენციალით და ნამდვილად შეიძლება მისი განხილვა მსოფლიოში ცნობილი წითელი ჯიშების გვერდი რის მიხედვით ხდება კლასიფიკაცია, დაბალფასიან, საშუალო და მაღალბიუჯეტურ ღვინოდ? საფასო სეგმენტის განსაზღვრის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მნიშვნელოვანია ტერუარი, ჯიში, ტექნოლოგია, ღვინის ხარისხი, მწარმოებელი მარანი, ღვინის ასაკი, დავარგების პოტენციალი. მაგალითად, ქვევრის ღვინო უფრო ძვირი ღირს, რადგან მისი დამზადება მეტ ძალისხმევას მოითხოვ მაგალითად, თუ მომხმარებელს არ აქვს იმის ფუფუნება, შეიძინოს მაღალბიუჯეტური ღვინო, როგორ შეარჩიოს მსგავსი გემო შედარებით დაბალ ფასიან პროდუქტში და როგორ მიაგნოს ალტერნატივას?** ამის საშუალება ნამდვილად არსებობს და შესაძლებელია კარგი ღვინო შეირჩეს საშუალო ბიუჯეტით. ამისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ღვინის კონსულტანტს/სომელიეს მივმართოთ, რესტორანი იქნება ეს თუ ღვინის ბარი. მან იცის სხვადასხვა ღვინის ხარისხი და ისიც, ესა თუ ის ღვინო წარმოდგენილ ფასთან მიმართებაში რამდენად მისაღებია. რა თქმა უნდა, რესტორნებში ღვინო შედარებით ძვირია, თუმცა, დაბალი და საშუალო ბიუჯეტიანი ღვინის გასინჯვა მაინც შესაძლებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხისა და ფასთა მრავალფეროვნებით ძირითადად ღვინის ბარები გამოირჩევა. ამის ერთერთი საუკეთესო მაგალითია ღვინის ბარი „8000 მოსავალი“, რომელსაც რამდენიმე ფილიალი აქვს. ასევე, ქალაქის ცენტრში, ძველ, ისტორიულ შენობაში განთავსებული ღვინის ბარი ქარხანა #1, რომლის ისტორია 1896 წლიდან იწყება.
რამდენიმე ღვინო რომ განვიხილოთ, მაგალითად, ძალიან კარგი, საინტერესო კლასიკური თეთრი მშრალი ღვინო – მწვანე კახური 35.00-37.00 ლარის ფარგლებში შეიძლება შეიძინოთ. ასევე, სიამეს 2022 წლის მწვანე კახურის ფასი დაახლოებით 26.00 ლარია, რომელიც ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტის ტიმ ატკინის 2024 წლის საერთაშორისო ღვინის კონკურსზე ოქროთი და ტროფით დაჯილდოვდა. თუ 12-15 წელზე მეტი დაძველების ღვინის გასინჯვა გსურთ, რჩეული ქართული ღვინოების 2007 წლის მონასტრის საფერავს გირჩევთ, რომლის ფასი აბსოლუტურად მისაღებია – 70.00 ლარი. თუ დაძველებული საფერავი გაინტერესებთ, ერთ-ერთი საუკეთესო და იშვიათი გვარამაძის 2018 წლის ქვევრის საფერავია, რომლის დაახლოებითი ფასია 49.00 ლარი. ხოლო, თუ უფრო ახალგაზრდა ქვევრის საფერავი გაინტერესებთ, მაშინ შესაძლებელია 37.00 ლარად ძალიან დახვეწილი არომატის და გემოს ანემოს 2022 წლის საფერავი გასინჯოთ. ნამდვილად შესაძლებელია არჩევანის გაკეთება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის მოცემულობა, როდესაც ხარისხის და ფასის კეთილსინდისიერი შეთავაზების შესაძლებლობა არსებობს.
რამეს ხომ არ ურჩევდით საქართველოში ჩამოსულ სტუმარს? ქართული ღვინოები ქართულ კერძებთან ძალიან საინტერესო დასაგემოვნებელია. სხვადასხვა რეგიონებში გვაქვს, როგორც ვაზის ჯიშების, ისე კერძების მრავალფეროვნება. განსაკუთრებით, ქარვისფერი ღვინო, თავისი ხასიათით და ზომიერად გამოხატული ტანინებით, საკმაოდ ბევრ კერძს ეუღლება. იმერული ქვევრის ქარვისფერი ღვინო, სადაც ნაზი ტანინები და საშუალოზე მაღალი მჟავიანობაა, ძალიან უხდება იმერულ ნიგვზიან ფხალეულს, ნიგვზიან ბადრიჯანს და მწვანე ლობიოს. ცოტა უფრო სხეულიანი ქარვისფერი კი იმერულად შემწვარ ტაბაკას. მსუბუქ სალათებს ასევე მსუბუქი, გამოხატული მჟავიანობის თეთრი კლასიკური, მწვანე კახური ღვინო მოუხდება. ვისაც თევზი უყვარს, არჩევანი აქაც საკმაოდაა, იმის მიხედვით თუ როგორი ცხიმიანია თევზი და როგორი სოუსი აქვს (თუ აქვს), შესაძლებელია მოუხდეს კლასიკური თეთრიდან დაწყებული, რომელიც უფრო სხეულიანია, საშუალო ტანინიანი ქარვისფრით დამთავრებული. შავკაპიტო, თავის ხასიათით უფრო პინო ნუარს ჰგავს და ნაზ ხორცთან ერთად საინტერესო იქნება. კარგი სხეულიანი საფერავი კი შემწვარ, ზომიერად ცხიმიან ხორცთან და მწვადთან. ამ გემოების შეხამებით შეგვიძლია ვიმოგზაუროთ გურიაში, სამეგრელოში, სამცხე ჯავახეთსა თუ აჭარაში და დესერტის დრო რომ მოვა, რაჭა-ლეჩხუმური ნახევრად ტკბილი არომატული გიუანის ტვიში ან ველეულას ტიპური ხვანჭკარა ძალიან კარგი სადილის დასასრული იქნება.


