აჭარული კულინარია

ეგზოტიკური გასტრონომიის მოყვარულებისთვის აჭარა და აჭარული სამზარეულო ნამდვილი ფეიერვერკია. გარემომ და ენდემურმა პროდუქტებმა აქ სათავე უგემრიელეს ნიმუშებს დაუდო.
მაღალმთიან აჭარაში კერძების 95% კარაქით მზადდება. ასე იყო ძველად და ასე ამზადებს ხალხი დღესაც. შესაბამისად, აჭარული, ტრადიციული კერძები ცხიმიანობით და ნოყიერებით გამოირჩევა. აჭარაში ოდითგან მესაქონლეობას მისდევდნენ და ეს სამზარეულოსაც ეტყობა. საზამთროდ აქ რძის პროდუქტებს ამზადებენ – ყველს, ყურუთს, ერბოს, კაიმაღს, ნადუღს, მაწონს, დოს და შესაბამისად, ხაჭაპურის, ანუ ყველისა და ცომისგან შემდგარი კერძის, რამდენიმე კულინარიული შედევრი აქვთ. ესენია:
მისი უდიდებულესობა – აჭარული ხაჭაპური აჭარული ხაჭაპური, აჭარული სამზარეულოს სავიზიტო ბარათია. ყველა, ვინც აჭარაში ჩადის, უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმარი, აჭარულ ხაჭაპურს აუცილებლად აგემოვნებს.
აჩმა აჩმა – მას ხაჭაპურის ერთ-ერთ ნაირსახეობად მოიხსენიებენ. ის უკვე მთელ საქართველოშია გავრცელებული და დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მისი მომზადების ტექნოლოგია კლასიკური ხაჭაპურისაგან განსხვავდება. ის თხელი, მოხარშული ცომის ფენებისგან შედგება, რომლებსაც შიგადაშიგ ყველი და გამდნარი კარაქი აქვს ჩართული.
ფხალ-ლობიო ფხალ-ლობიო – ფხალ-ლობიო ერთ-ერთი ცხელი კერძია, აჭარაში ზამთრის ლობიოს შავ ლობიოს ეძახიან. ეს კერძი მოხარშული მწვანე ლობიოთი, შავი – კეჟერა ფხლით, პრასით, ნივრით, ოხრახუშით, ქინძით, ნიგვზით, მარილითა და პილპილით მზადდება.
მალახტო მალახტო – ნოყიერი კერძია, მზადდება „დამწვარი კარაქით“ და მასში ჩაფშვნილი ყველით, რომელიც წინასწარ ცხელ წყალში ლბება. მიირთმევენ ცხელ მჭადთან ერთად.
ბორანო ბორანო – ძალიან კალორიულია, რადგან გამდნარი კარაქითა და ყველით მზადდება. კარაქს იმდენ ხანს ადუღებენ, რომ შავი წერტილები გაუჩნდეს და ასეც ეძახიან – „დამწვარი კარაქი“. ცხელ სითხეს წინასწარ დაჭრილ ყველს ასხამენ და მჭადთან ერთად მიირთმევენ.
ჩირბული – ჩირბული – კარგად გადადუღებულ კარაქში ან ერბოში ჩახლილი ხუთი კვერცხით, მარილით, მდუღარე წყლით, დანაყილი სამი კბილი ნივრით, ცოტა კვაწარახით მზადდება. ჩირბული არსებობს ქობულეთური, ჭვანური და ჩირბული ნიგვზით.
ცომში გამომცხვარი ქაფშია – ეს კერძი წვრილად დაჭრილი ჭარხლის ფოთლით, ოხრახუშით, ქინძით, წიწაკით, მარილით, მოხარშული ბრინჯითა და მჭადის ფქვილით მზადდება, რომელსაც კოწახურიან წყალში ზელენ.
სინორი სინორი – მის მოსამზადებლად იყენებენ ნადუღს, მაწონს, ერბოს, ნიორსა და გამომცხვარი ცომის თხელ ფირფიტებს.
ყურუთი ყურუთი – მაღალმთიან აჭარაში გავრცელებული კერძია. მზადდება ნადუღის, რძის, კაიმაღისა და მჭადის ფქვილის ერთად მოზელის შედეგად. მიღებულ მასას ბურთის ფორმას აძლევენ, ზაფხულში მზეზე აშრობენ, ზამთარში კი ცხელ ერბოში ფშვნიან და მჭადთან ერთად მიირთმევენ. ყურუთს ფშაურ დამბალხაჭოს ამსგავსებენ, თუმცა, მას მაინც განსხვავებული არომატი აქვს.
კაიმაღი კაიმაღი – მაღალმთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი კერძია. მზადდება გაცივებული რძისგან, თავზე ცხიმის მოხდით. საჭიროების შემთხვევაში მისი დღვებით იღებენ კარაქს.
დაწნული ყველი – დაწნულ ყველს ძირითადად მაღალმთიან აჭარაში ამზადებენ და ამისთვის განსაკუთრებულ ტექნოლოგიას იყენებენ. განსხვავებული ფორმისა და გემოს გამო, ეს პროდუქტი ნებისმიერი ყველის მოყვარულისთვის საინტერესო ვარიანტია.
ბურმე ბურმე – ეს ბაქლავის მსგავსი და რულეტის ფორმის ტკბილეულია. მზადდება კარაქით, ნიგვზით ან თხილით და შაქრით. ახლად გამომცხვარ ბურმეს ცხელ სიროფს ასხამენ, რომელიც ზაფრანითა და ლიმონის ცედრითაა მომზადებული.
ყაისაფა ყაისაფა – ყაისაფა ერთ-ერთი ტრადიციული კერძია, რომელიც მოხარშული ქლიავის ჩირით, ნიგვზითა და შაქრით კეთდება და ძალიან გემრიელი დესერტია.
საკუთარი განსაკუთრებული სამზარეულო შექმნა აჭარა-გურიის საზღვარზე მდებარე ქობულეთმა. ამიტომ, ბევრი აჭარული კერძის დასახელებას წინ „ქობულეთური“ უწერია. ასეთია: ჩირბული ქობულეთურად, ქობულეთური სარმა, საღარ-მაკარინა, წვნიანი ფხალი, დედლური და მთავარი – იახნი იახნი, რომელიც ასევე ქობულეთური კერძია. ის საქონლის ხორცით, ზაფრანით, სანელებლებითა და ნიგვზით მზადდება. სარიტუალოსაქორწილო დესერტია მაჯუნი მაჯუნი, რომელიც მოხარშული ბრინჯით, თაფლითა და შავი პილპილით ერთდროულად ზავდება. პირველ ულუფას მეფე-პატარძალს მიართმევენ, ნიშნად იმისა, რომ ტკბილ-ცხარე საჭმელი ტკბილ-ცხარე ამბებით სავსე ოჯახური ცხოვრების სიმბოლოა.
აჭარაში ყველაზე მეტად იგრძნობა მეზობელი ქვეყნების, განსაკუთრებით კი თურქეთის სამზარეულოს გავლენა, თუმცა აჭარული სამზარეულო პირობითად შეიძლება დაიყოს ზემო (მაღალმთიანი) აჭარის, ქობულეთურ, მემთეებისა და ლაზურ სამზარეულოდ. ეს ყველაფერი ერთად ქართული გასტრონომიული კულტურის საგანძურია.



