პარიზი - ქალაქი მუზეუმი

სიყვარულის, მოდის, ხელოვნების, ოცნებებისა და კიდევ უამრავი განწყობის მატარებელი ქალაქი – პარიზი, მსოფლიოს კულტურის ცენტრია. ამასთან ერთად, ის გავლენას ახდენს პოლიტიკაზე, განათლებაზე, დასვენებასა თუ მეცნიერებაზე. პარიზი ყოველთვის იყო ინოვაციის ქალაქი. მას ხომ „სინათლის ქალაქსაც“ უწოდებდნენ. მიზეზი ისაა, რომ სწორედ საფრანგეთის ამ უმშვენიერეს მხარეში გამოჩნდა, პირველად, ქუჩის ლამპიონები. მას შემდეგ, პარიზი სიყვარულის სინონიმადაც კი იქცა, რომლის განათებულ ქუჩებში სეირნობა არაერთ შეყვარებულ წყვილს უყვარს.
პარიზი არა მხოლოდ მსოფლიოს მთავარი ღირსშესანიშნაობების ცენტრია, არამედ თავადაც, როგორც ქალაქი, მუზეუმადაა ქცეული. ისტორიული იერსახის შენარჩუნების სურვილით, მკაცრი სამშენებლო ნორმები არსებობს, ამიტომაც ისტორიულ უბნებში ვერსად შეხვდებით თანამედროვე ცათამბჯენებს.
მთავარი სანახაობა მაინც ეიფელის კოშკია, რომელიც პარიზის სავიზიტო ბარათადაა ქცეული. მისი ავტორი გუსტავ ეიფელია. არ აქვს მნიშვნელობა, დღის რომელ მონაკვეთში მოხვდებით, დღისით თუ ღამით, პირველს, რასაც ქალაქში შეამჩნევთ, ეს ეიფელის კოშკია. სიმბოლო 1887-1889 წლებში აშენდა. თავდაპირველად, მას მსოფლიო გამოფენის შესასვლელის ფუნქცია უნდა ჰქონოდა და 20 წლის შემდეგ დაეშალათ, თუმცა, რადიოს ქსელის განვითარებამ, კოშკი დაშლისგან გადაარჩინა და მასზე რადიომოწყობილობა დამონტაჟდა. ასე შემორჩა საფრანგეთს და მსოფლიოს ეიფელის კოშკი, რომელიც ყოველ ღამით ათასობით ნათურით ნათდება და ქალაქის თითქმის ყველა კუთხიდან ჩანს.
ხელოვნების მოყვარულებისთვის პარიზის „ლუვრი“ ერთ-ერთი საოცნებო სანახავი მუზეუმია. აქ ხომ ლეონარდო და ვინჩის ცნობილი „მონა ლიზა“ ინახება. მუზეუმი 1793 წელს დაარსდა და მას დღესდღეობით მსოფლიოს მუზეუმებს შორის ყველაზე მეტი მნახველი ჰყავს. ლუვრის გარდა, ამ ქალაქში კიდევ ერთი უნიკალური მუზეუმი „ორსე“ მდებარეობს. ოდესღაც, რკინიგზის სადგურის შენობაში, ახლა, იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების ნახატებია გამოფენილი. ვ. ჰიუგოს ვერსიით, ყველაზე რომანტიკული და ამავე დროს, ტრაგიკული ისტორიაც პარიზში მოხდა. ალბათ ამიტომაცაა, რომ შეყვარებულების საყვარელი ადგილია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და მისი მოედანი.
გამორჩეული ადგილების ჩამონათვალი მრავალფეროვანია. ერთ-ერთი „შანზ-ელიზეს“ ქუჩაა, სადაც პარიზში მოხვედრის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გაისეირნოთ. ის კონკორდის მოედანზე აღმართული ობელისკიდან იწყება და შარლ-დე-გოლის მოედანზე, ტრიუმფალურ თაღთან სრულდება. ე.წ. „წითელი ფარნების“ რაიონში კი მსოფლიოში ცნობილი კაბარე „მულენ რუჟი“ მდებარეობს. ის ცნობილი, ცეკვით – „კანკანი“, გახდა.
თუ ღირსშესანიშნაობების ნახვის ამაღელვებელი შეგრძნებები სასიამოვნოდ დაგღლით, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ლუქსემბურგის ბაღში, ასევე, სასიამოვნოდ დასვენება შეგიძლიათ. ის პარიზში უდიდესი პარკია და ადგილობრივი ბავშვებისა და მათი მშობლების საყვარელი ადგილია.
კიდევ უამრავი მიზეზის გამო, პარიზი ტურისტების საყვარელი ქალაქია. ყოველწლიურად ის 45 მლნ ვიზიტორს მასპინძლობს. ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დასახლებულ მეგაპოლისში კი „ჯორჯიან ეარვეისი“ მოგახვედრებთ.





