David Koma

საბჭოთა საქართველოში დაბადებული დავით კომახიძე, დღეს მსოფლიო მოდის ეპიცენტრშია და ის ცნობილი ვარსკვლავების ერთ-ერთი საყვარელი დიზაინერია. ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი, გვენ სტეფანი, კაილი მინოუგი, მილა კუნისი, ნინა დობრევი, პენელოპა კრუზი, სელენა გომეზი, ჰეილი ბიბერი, ადრიანა ლიმა – ასე უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ იმ ვარსკვლავების ჩამონათვალი, რომლებსაც დავიდ კომა აცვიათ. ჰოლივუდის ვარსკვლავები ქართველი დიზაინერის სამოსით სწორედ იმ ღონისძიებებზე ჩნდებიან, რომლის ყველა დეტალსაც მთელი მსოფლიო განიხილავს.
მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერის ამბავი 1981 წლიდან იწყება. ის თბილისში დაიბადა. 8 წლის ასაკში მიხვდა, რომ ხატვისა და ტანსაცმლის შექმნის ნიჭი ჰქონდა. 13 წლისამ „ახალგაზრდა დიზაინერების საერთაშორისო კონკურსში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც 100-ზე მეტ სტუდენტს შორის, 47-ე ადგილი დაიკავა. პირველი სადებიუტო კოლექცია კი 15 წლის ასაკში შექმნა. ცხოვრებამ დიდ ბრიტანეთშიც მოახვედრა. ის ლონდონის ყველაზე პრესტიჟული, სენ მარტინის კოლეჯის სტუდენტი გახდა და მოდის მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა. დავით კომას ორიგინალური სტილი შეუმჩნეველი არც მაშინ დარჩენილა და უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე მისი ნამუშევრები საუკეთესოდ აღიარეს.
აღიარებამ მოტივაცია მისცა და მსოფლიო მოდის მწვერვალების დაპყრობა საკუთარი ბრენდის შექმნით, 2009 წელს დაიწყო. სახელზე ბევრი არ უფიქრია, პირადი ინიციალების გაერთიანებით, ახალ ხაზს „დავიდ კომა“ უწოდა. მისი ხელწერა ყველასგან გამორჩეულია. ფუტურისტული ნამუშევრები, სტრუქტურირებული კოსტიუმები, დახვეწილი, ელეგანტური და გრაციოზული სამოსი – სწორედ ეს კომპონენტები ქმნის ბრენდს, რომელიც მოდის კრიტიკოსებმა მზის სინათლეზე გამოჩენისთანავე აღიარეს.
წარმატების გზა 2013 წელს, კიდევ ერთი მასშტაბური სიახლით გაგრძელდა. კომახიძე პირველი ქართველი დიზაინერი გახდა, რომელმაც მაღალი მოდის ისტორიული ბრენდის კრეატიული ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. დავითი Mugler-ს 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 2018-19 წლებში კი ის ბრიტანეთის მოდის საბჭოს წევრად აირჩიეს.
მიუხედავად იმისა, რომ დავით კომახიძე ამჟამადაც ლონდონში მოღვაწეობს და წარმატებით აგრძელებს საკუთარი ბრენდის განვითარებას, ის სამშობლოსთან კავშირს არ წყვეტს და საქართველოში ხშირად ჩამოდის. დიზაინერის თქმით, თბილისში გატარებული დღეები მისი შთაგონების წყარო არაერთხელ გამხდარა. ამის ნათელი მაგალითია 2018 წელს, ლონდონის მოდის კვირეულზე David koma-ს შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაც, სადაც მოდელები პოდიუმზე ჩოხებით გამოჩნდნენ.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავით კომახიძე მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს ამბასადორია.
„შენ ცხოვრობ, საქმიანობ და, პარალელურად, საკუთარ სურვილებს „აგზავნი“ სამყაროში. შემდეგ, რაღაც მომენტში, ვარსკვლავები სათანადოდ განლაგდებიან და სამყაროც „გპასუხობს“. – დავით კომახიძე.


