საიუვილერო სახლი ზარაფხანა ტრადიციის გაგრძელება, მომავლის შექმნა

ზარაფხანა საქართველოს უძველესი საიუველირო კომპანიაა. მისი ისტორია 1939 წლიდან იწყება, ხოლო შთაგონების წყარო მეტად ღრმაა – ქართული ოქრომჭედლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.
სამკაული, რომელიც ზარაფხანაში იქმნება, არ არის მხოლოდ დეკორატიული დანიშნულების, ის არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი კოლექციებისა და თანამედროვეობის უნიკალური სინთეზია, დიდი ოსტატობითა და რაფინირებული გემოვნებით შესრულებული. ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებში გამოყენებულია ბუნებრივი ძვირფასი და სანახელაო ქვები. ზარაფხანა ასევე ქმნის სუვენირებსა და საკოლექციო დანებს.
კომპანიის მიზანია, რომ ქართული მემკვიდრეობა მიეკუთვნებოდეს არა მხოლოდ წარსულს, არამედ ის გარდაიქმნას თანამედროვე ხელოვნებად, რომელშიც ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორია, რიტუალი და ესთეტიკა მუდმივად თანაარსებობაშია.
ზარაფხანას თანამედროვე, ლიმიტირებული კოლექციები კონცეპტუალურად ისეთივე დატვირთულია, როგორც ფერწერული ტილო ან ქანდაკება, სწორედ ამიტომ თითოეული ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.
2024 წლიდან კომპანია თავის განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კრეატიულ დირექტორად დაინიშნა, საფრანგეთში მაღალი მოდის სფეროში მოღვაწე, ქართველი ხელოვანი – ირაკლი ნასიძე. სწორედ მისი განსაკუთრებული შემოქმედებითი უნარებისა და უდიდესი გამოცდილების საფუძველზე, ბრენდმა განიცადა მეტამორფოზი – ტრადიციიდან თანამედროვეობისკენ და მემკვიდრეობიდან გლობალურ მიზნებამდე, რაც სულაც არ ნიშნავს განაცხადო უარი წარსულზე, არამედ პირიქით სწორედ ჩვენი უძველესი ისტორიის საფუძვლები ხდება ახალი იდეების, ფორმების და თანამედროვე კოლექციების შექმნის ინსპირაცია.
დღეს ზარაფხანა აღარ არის მხოლოდ საიუველირო კომპანია, ის გახლავთ ბრენდი, რომელიც ხელოვნების, კულტურისა და კრეატივის მეშვეობით ქმნის თანამედროვე, უნიკალურ ქართულ იდენტობას, რომელსაც გააჩნია ამბიცია – დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი, მსოფლიო წამყვან ბრენდებს შორის.


