Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

ვენეციის ბიენალე 2026

თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ხმაურიანი გამოფენა და საქართველოს „თანამედროვე არგონავტები“

ვენეციის ბიენალე 2026

1895 წელს, როდესაც მეფე უმბერტო I-მა და დედოფალმა მარგარიტამ თავიანთი ქორწინების ვერცხლის იუბილეს აღსანიშნავად „ვენეციის პირველი საერთაშორისო ხელოვნების გამოფენა“ გახსნეს, ალბათ ძნელად თუ წარმოედგინათ, რომ ეს კულტურული ინიციატივა საუკუნეზე მეტხანს გასტანდა. 130 წლის შემდეგ ვენეციის ბიენალე კვლავ თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და განხილვად პლატფორმად რჩება. სივრცედ, სადაც იკვეთება გლობალური კულტურული ტენდენციები და ხელოვნება მსოფლიო დიალოგის ცენტრში ექცევა.

წლევანდელმა ბიენალემ სტარტი 9 მაისს აიღო. გამოფენის მთავარი თემაა „მინორულ ტონებში“. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ვენეციის ბიენალესთვის მისმა კურატორმა, აფრიკელმა არტისტმა კოიო კუომ ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში შეიმუშავა მხატვრული კონცეფცია. არტისტის გარდაცვალების შემდეგ, მისმა სამუშაო ჯგუფის წევრებმა კი ამ იდეის რეალიზება გააგრძელეს.

წლევანდელ, 61-ე ვენეციის ბიენალეს გახსნამდეც აქტიურად განიხილავდნენ. საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო, როგორც მთავარი კურატორის, კოიო კუოს მიერ შემუშავებულმა კონცეფციამ, ასევე ეროვნულ პავილიონებში წარმოდგენილმა თამამმა პროექტებმა.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2026 წლის ბიენალე განსაკუთრებით ფოკუსირებულია მეხსიერების, იდენტობის, მიგრაციის, გარემოს დაცვისა და ტექნოლოგიების გავლენის თემებზე.

გამოფენაზე ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენად ავსტრიის პავილიონი იქცა. ავსტრიას წელს ცნობილი პერფორმანს-არტისტი ფლორენტინა ჰოლცინგერი წარმოადგენს პროექტით “SEAWORLD VENICE”. მისი მრავალსაათიანი პერფორმანსები, რომლებიც წყლის, კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის სხეულის ურთიერთობას იკვლევს, ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ სანახაობად იქცა. ჰოლცინგერის პერფორმანსმა არაერთი დისკუსია გამოიწვია და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თანამედროვე ხელოვნება ხშირად სწორედ იქ იწყება, სადაც კომფორტის ზონა მთავრდება.

სწორედ ამ მრავალფეროვან და ხმაურიან საერთაშორისო გარემოში წარდგა საქართველო ეროვნული პავილიონით – „თანამედროვე არგონავტები – საქართველოს გზაჯვარედინი“. პროექტის ფარგლებში წარმოდგენილია თანამედროვე ტექნიკით შესრულებული ვიზუალური ნამუშევრები და ტრადიციული ფორმატის ნიმუშები. ექსპოზიცია მრავალფეროვანია და მოიცავს ფერწერას, ფოტოგრაფიას, ინსტალაციასა და მულტიმედია არტს.

საქართველოს ეროვნულ პავილიონს ქართველი და უცხოელი 20 ამდე ხელოვანი წარმოადგენს. პავილიონის კურატორი და კომისარია შალვა ხახანაშვილი, ხო ლო კურატორი – ნინო მეტრეველი. პროექტის ავტორებმა ყურადღება საქართველოს ისტორიულ როლზე გაამახვილეს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კულტურულ სივრცეზე. პროექტის სათაური შემთხვევითი არ არის. ის არგონავტებისა და ოქროს საწმისის მითს ეყრდნობა. ისტორიას, რომელიც საუკუ ნეების განმავლობაში საქართველოსთან, კერძოდ კი ძველ კოლხეთთან ასოცირდებოდა.

საერთაშორისო მედიის შეფასებით, წლევანდელი ბიენალე განსაკუთრებით მრავალფეროვანია. ეროვნული პავილიონები სულ უფრო ნაკლებად ჰგავს ტრადიციულ საგამოფენო სივრცეებს და უფრო მეტად გადაიქცა გამოცდილებად, სადაც ვიზიტორი არა მხოლოდ დამთვალიერებელია, არამედ მონაწილეც.

საქართველოსთვის კი წლევანდელი მონაწილეობა კიდევ ერთი შესაძლებლობა გახდა, თანამედროვე ქართული ხელოვნება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კულტურულ პლატფორმაზე წარმოეჩინა. „თანამედროვე არგონავტები – საქართველოს გზაჯვარედინი“ არა მხოლოდ ეროვნული პავილიონის სახელწოდებაა, არამედ საქართველოს ისტორიული და თანამედროვე როლის მეტაფორაც. ქვეყნის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურის, იდეისა და ცივილიზაციის გადაკვეთის წერტილად რჩება.

ვენეციის ბიენალე, ხელოვნების პოპულარიზაციისა და კულტურული გაცვლის ხელშეწყობის მიზნით, 80ზე მეტი ქვეყნის წამყვან ხელოვანს, კურატორსა და კრიტიკოსს აერთიანებს. ხელოვნების მოყვარულები ვენეციის 61-ე ბიენალეზე სტუმრობას 22 ნოემბრამდე შეძლებენ.

კიდევ წაიკითხეთ

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?
ავიაცია

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?

ასაფრენი გარბენი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის მაქსიმალურ ასაფრენ წონაზე (MTOW – Maximum Takeoff Weight), გარე ტემპერატურაზე და სხვა ოპერაციულ პირობებზე.

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?
ავიაცია

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარის საწინააღმდეგოდ აფრენა თვითმფრინავისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.