შავი ზღვის სანაპირო

შავი ზღვის სანაპირო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და დაახლოებით 330 კილომეტრზეა გადაჭიმული. ფსოუს შესართავიდან (აფხაზეთი) ჭოროხის შესართავამდე (აჭარა). ეს ტერიტორია მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან რეგიონს: აფხაზეთის რეგიონი (დროებით ოკუპირებული), სამეგრელოს,გურიის და აჭარის. სანაპიროს ხაზი უწყვეტად მიუყვება ქვეყნის დასავლეთ საზღვარს და გამოირჩევა ულამაზესი პეიზაჟებით. სუბტროპიკული კლიმატიდან გამომდინარე ზაფხული აქ თბილი და ნოტიოა, ხოლო ზამთარი – რბილი. სანაპიროს გასწვრივ არაერთი მნიშვნელოვანი კურორტი და დასახლება გვხვდება: ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, მახინჯაური, ციხისძირი, ფოთი, გრიგოლეთი, მალთაყვა, ანაკლია და განმუხური.
სანაპიროზე მდებარე ბათუმისა და ფოთის პორტები საერთაშორისო ვაჭრობისა და სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრებია.
შავი ზღვის სანაპირო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა. დამსვენებლებს იზიდავს ზღვის სუფთა ჰაერი, ბუნების სილამაზე, პლაჟები და მრავალფეროვანი გასართობი საშუალებები. განსაკუთრებით პოპულარულია ბათუმის ბულვარი, ურეკის მაგნიტური ქვიშა, ქობულეთის წიწვოვანი სანაპირო და ანაკლიის ფართო პლაჟები.
ანაკლია და განმუხური ყველაზე ახალგაზრდა და პოპულარული კურორტებია, ეს მხარე ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ადგილია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, კლიმატიც მშრალი და ზომიერია. აქვე მდინარე ენგურზე აგებულია ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი, რომელიც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ გადაკვეთონ მდინარე და დატკბნენ ხეობის ულამაზესი ხედებით.
ურეკისა და გრიგოლეთის სანაპირო უჩვეულო ნაცრისფერი და შავი ქვიშითაა დაფარული, რომელიც უნიკალური სამკურნალო ეფექტის მაგნიტიტს შეიცავს. ეს მაგნიტური ქვიშა ადამიანის კუნთოვანი სისტემის გულის, ფილტვების და რაქიტის პრობლემების საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა.
შეკვეთილის სანაპირო მყუდრო დასვენების საშუალებას მოგცემთ. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ დენდროლოგიურ პარკს,საკონცერტო დარბაზ ბლექ სი არენას და მუსიკოსების მინიატურებისა და ციცინათელას პარკს.
კურორტი ქობულეთი ცალკე აღნიშვნის ღირსია.პლაჟთან და სუფთა ზღვასთან ერთად ცნობილ ფიჭვნარსაც იხსენებენ, რომელიც გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების, სისხლნაკლებობის მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
სუბტროპიკული სამოთხე-მწვანე კონცხი, ციხის ძირი, ჩაქვი. იშვიათი მცენარეებით გარშემორტყმულ სანაპიროზე ზღვა ზურმუხტისფერია და კამკამა.
გონიო, კვარიათი და სარფი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული კურორტებია. ეს კურორტები გამოირჩევა სუფთა და გამჭვირვალე ზღვით, კენჭოვანი სანაპიროთი, ულამაზესი მთისა და ზღვის ხედებით. სარფი ასევე ცნობილია იმით, რომ საქართველო-თურქეთის საზღვართან მდებარეობს, რაც მას განსაკუთრებულ და განსხვავებულ ხიბლს სძენს.
გონიო ერთ-ერთი უძველესი ისტორიულად მნიშვნელოვანი კურორტია, აქ მდებარეობს ცნობილი გონიოს ციხე, რომელიც რომაული ეპოქის უნიკალური ძეგლია.
ბათუმი შავი ზღვი სანპიროს ულამაზესი საკურორტო ქალაქია. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ბათუმის ბულვარი-მრავალკილომეტრიანი ზღვისპირა პარკი, სადაც განთავსებულია სასეირნო ბილიკები, შადრევნები, სკულპტურები და გასართობი სივრცეები. ანბანის კოშკი ალი და ნინოს ქანდაკება, ბოტანიკური ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი, მრავალფეროვანი სასტუმროები, კაფეები ქალაქს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
შავი ზღვის სანაპირო ქვეყნის ბუნებრივი და ტურისტული რესურსია, რომელიც თავისი ლამაზი კურორტებით და უნიკალური ბუნებით მრავალ დამსვენებელს იზიდავს.









