კანის 79-ე კინოფესტივალი

2026 წლის კანის კინოფესტივალი კიდევ ერთხელ იქცა იმ სივრცედ, სადაც მსოფლიო კინოს ყველაზე მნიშვნელოვანი სახელები, ახალი ავტორები და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები ერთ სივრცეში შეიკრიბნენ. 79-ე ფესტივალი, რომელიც 12-23 მაისს გაიმართა, წელს განსაკუთრებით გამოირჩეოდა, როგორც ძლიერი საკონკურსო პროგრამით, ისე კინემატოგრაფიის მომავლის შესახებ დისკუსიებით.
წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარე სამხრეთ კორეელი რეჟისორი პაკ ჩან-ვუკი იყო, რომელიც კანის ისტორიაში პირველი კორეელი პრეზიდენტი გახდა. მისი ხელმძღვანელობით გამარჯვებულები შეარჩიეს დემი მურმა, ქლოე ჟაომ, სტელან სკარსგარდმა, რუთ ნეგგამ, პოლ ლავერტიმ, ლორა ვანდელმა, ისააკ დე ბანკოლემ და დიეგო სესპედესმა.
ორგანიზატორებმა წითელ ხალიჩაზე ჩაცმულობის წესები მნიშვნელოვნად გაამკაცრეს და ყურადღება კლასიკურ ელეგანტურობაზე გადაიტანეს. შეზღუდვები შეეხო ზედმეტად გამჭვირვალე სამოსს, მასიურ შლეიფებსა და სხვა ექსტრავაგანტურ ელემენტებს, რამაც კანის წითელ ხალიჩას უფრო დახვეწილი და ტრადიციული სახე დაუბრუნა.
განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა დემი მურის გამოჩენამ, რომლის სტილი არაერთმა საერთაშორისო გამოცემამ ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდურ არჩევანად დაასახელა. წითელ ხალიჩაზე ასევე გამოჩნდნენ ჯეინ ფონდა, ჰაიდი კლუმი, ელაიჯა ვუდი, ჯეიმს ფრანკო, ჯოან კოლინზი და სხვა ცნობილი სახეები.
კინოს სამყაროსთვის ემოციური მომენტი აღმოჩნდა რეჟისორ პიტერ ჯექსონის დაჯილდოება საპატიო „ოქროს პალმით“. „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიის ავტორს ჯილდო ელაიჯა ვუდმა გადასცა. საერთაშორისო მედიის შეფასებით, ეს იყო 2026 წლის კანის ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჯექსონის გავლენას თანამედროვე კინოზე.
წლევანდელი ფესტივალი მხოლოდ ვარსკვლავური პრემიერებით არ შემოფარგლულა. უცხოური გამოცემების შეფასებით, კანის პროგრამა აშკარად ავტორული კინოსკენ იყო მიმართული და ჰოლივუდური ბლოკბასტერების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით ნაკლები იყო. საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იყვნენ ისეთი რეჟისორები, როგორებიც არიან პედრო ალმოდოვარი, ასგარ ფარჰადი, რიუსუკე ჰამაგუჩი, ჯეიმს გრეი, ჰიროკაძუ კორეედა და კრისტიან მუნჯიუ.
ფესტივალის მთავარი ინტრიგა, როგორც ყოველთვის, დაჯილდოების ცერემონია იყო. 2026 წლის „ოქროს პალმის რტო“ რუმინელი რეჟისორის, კრისტიან მუნჯიუს ფილმმა “Fjord”-მა მოიპოვა. საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში კი ორმა მსახიობმა ვირჟინი ეფირამ და ტაო ოკამოტომ გაიმარჯვეს ფილმისთვის “All of a sudden”, გარდა ამისა საუკეთესო რეჟისორების ტიტული დაიმსახურეს ხავიერ კალვომ და ხავიერ ამბროსიმ ფილმისთვის “La Bola Negra” და პაველ პავლიკოვსკიმ ფილმისთვის “Fatherland”.
ფესტივალის ფარგლებში არაერთი დისკუსია შეეხო ხელოვნური ინტელექტის გავლენას კინოზე, სტრიმინგ-პლატფორმების როლს და კინოინდუსტრიის მომავალს. ამ საკითხებმა 2026 წლის კანი არა მხოლოდ კინოს ზეიმად, არამედ ინდუსტრიის განვითარების მიმართულებების განსაზღვრის მნიშვნელოვან პლატფორმადაც აქცია.
79-ე კანის კინოფესტივალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიუხედავად ტექნოლოგიური ცვლილებებისა და კინოინდუსტრიის ტრანსფორმაციისა, კანი რჩება ადგილად, სადაც მსოფლიო კინოს ტენდენციები ყალიბდება.








