Georgian Airways ჟურნალი ENG
სპორტი

ისტორია მეორდება, 35 წლის შემდეგ საქართველო წყალსათხილამურო სპორტის, ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია

ისტორია მეორდება, 35 წლის შემდეგ საქართველო წყალსათხილამურო სპორტის, ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია

წყლის თხილამურები სპორტის სახეობაა, სადაც ბალანსი, ძალა, სიჩქარე, სიმსუბუქე და სრული თავისუფლების შეგრძნება ერთიანდება. წყლის ზედაპირზე განცდილი ადრენალინი და თავისუფლების შეგრძნება ერთ-ერთი საუკეთსო გზაა ყოველდღიური რუტინის გასამრავალფეროვნებლად. თუ ერთხელ მაინც იგრძნობთ, როგორ გემორჩილებათ წყლის სტიქია, ეს განცდა სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ.

სპორტის ეს სახეობა 1922 წელს გაჩნდა და ყველაფერი ფიცრით დაიწყო. 18 წლის ამერიკელმა რალფ სამუელსონმა მინესოტას ტბაზე ჩვეულებრივი ხის ფიცრები და თოკი გამოიყენა, რათა ნავის უკან ესრიალა. წყლის თხილამურებით სრიალის პრინციპი მარტივი, თუმცა ტექნიკურად საინტერესოა. სრიალისას სპორტსმენი სპეციალურ თხილამურებზე დგას და ბაგირის საშუალებით მოტორულ ნავს ან კატერს მყარად უკავ შირდება. ნავის მოძრაობისას ე.წ ჰიდროდინამიკური ამწევი ძალა იქმნება, რომელიც მოცურავეს წყლის ზედაპირზე აჩერებს.

აქტივობა წყალში, მჯდომარე პოზიციიდან იწყება. დამწყებთათვის ყველაზე რთული სწორედ წყლიდან წამოდგომაა. ამ დროს მთავარი მოსრიალის წონასწორობა და სხეულის სწორი პოზიციის შენარჩუნებაა. რაც შეეხება მართვას, წყლის ზედაპირზე თხილამურების მართვა სხეულის წონის გადანაწილებით და თხილამურების მცირე დახრით ხორციელდება. მოყვარულების თვის ნავის სიჩქარე 30-40 კმ/სთ-ს, ხოლო პროფესიონალებისთვის 55-60 კმ/სთ-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს, კონკრეტულად კი ქალაქ ფოთს, წყალსათხილამურო სპორტთან მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს. ყველაფერი 1978 წელს დაიწყო როცა ფოთში, პირველი წყალსათხილამურო ბაზა და ინფრასტრუქტურა შეიქმნა. 1991 წელს ფოთმა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. ტურნირი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საზეიმოდ გახსნა. საქართველო 90-იან წლებშივე საერთაშორისო ფედერაციის (IWWF) წევრი გახდა და დღეს ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ყველაზე გრძელი, ცხრათვიანი წყალსათხილამურო სეზონია.

პირველი ისტორიული ტურნირიდან ზუსტად 35 წლის შემდეგ, უმაღლესი რანგის შეჯიბრს ფოთი კვლავ უმასპინძლებს. 2026 წლის 21 ივლისს Poti Pro-Am International Water Ski Tournament, ხოლო 24-26 ივლისს, IWWF Europe &amp, Africa Open Waterski Championships წყალსათხილამურო სპორტის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი გაიმართება. ორივე ღონისძიება წყალსათხილამურო საერთაშორისო ფედერაციის (IWWF) პატრონაჟით ტარდება. ტურნირების ორგანიზატორები საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და „ფოთის ტბის კლუბი“ გახლავთ. ღონისძიების მხარდამჭერები საქართველოს სპორტის სამინისტრო და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია არიან.

ოქროს ტბაზე განახლებული ბაზა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად ადაპტირებულია და სამივე ძირითადი დისციპლინის: სლალომის, ფიგურების და ტრამპლინიდან ხტომის მანსპინძლობისთვის მზად არის.

ამ ექსტრემალური და სასიამოვნო სპორტით დასაკავებლად თბილისში მაცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს გამორჩეული სივრცე თბილისის ზღვა აქვთ.

ბოლო წლების განმავლობაში, წყლის სპორტი და გასართობი ინფრასტრუქტურა თბილისის ზღვაზე აქტიურად ვითარდება. აქ რამდენიმე სპორტული კლუბი, ვინდსერფინგის და ვეიკბორდინგის ცენტრები ფუნქციონირებს, სადაც წყლის თხილამურების და ვეიკბორდით სრიალს ასწავლიან.

თბილისის ზღვა იდეალური მდებარეობაა მათთვის, ვისაც ქალაქის ცენტრიდან 20-30 წუთში სრულიად განსხვავებულ, სპორტულ გარემოში სურს მოხვედრა. პროფესიონალი ინსტრუქტორები, გამოცდილი გუნდი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით დამწყებებს წყალზე დადგომაში პირველივე დღეს ეხმარება. კლუბი წყლის თხილამურებისთვის საჭირო ყველა ინვენტარით: თხილამურებით, დამცავი ჟილეტებით და ჰიდროკოსტიუმებითაა აღჭურვილი.

წყლის თხილამურებით სრიალი თბილისის ზღვაზე, საუკეთესო საშუალებაა სამუშაო დღის ბოლოს განსატვირთად ან უქმეებზე მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი ემოციების მისაღებად. წინ აქტიური ზაფხულის სეზონია, გირჩევთ გამოსცადოთ თქვენი თავი და დაიმორჩილოთ ტალღები პირდაპირ თბილისში.

კიდევ წაიკითხეთ

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?
ავიაცია

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?

ასაფრენი გარბენი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის მაქსიმალურ ასაფრენ წონაზე (MTOW – Maximum Takeoff Weight), გარე ტემპერატურაზე და სხვა ოპერაციულ პირობებზე.

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?
ავიაცია

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარის საწინააღმდეგოდ აფრენა თვითმფრინავისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.