დემნა გვასალიას ისტორიული დებიუტი „გუჩის“ კრეატიული დირექტორის რანგში

2026 წლის 27 თებერვალს მილანის მოდის კვირეულზე მოდის ინდუსტრიამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იხილა. დემნა გვასალია ბრენდი „გუჩის“ კრეატიული დირექტორის რანგში პირველად წარდგა. Palazzo Delle Scintille-ში გამართული შოუ ახალი კოლექციის პრეზენტაციაზე ბევრად მეტი იყო. ეს იყო მომენტი, რომელსაც მოდის სამყარო თითქმის ერთი წელი ელოდა.
მას შემდეგ, რაც „გუჩიმ“ დემნას დანიშვნის შესახებ განაცხადა, ყველას ერთ კითხვაზე აინტერესებდა პასუხი: როგორი იქნებოდა მისეული „გუჩი“ და შეძლებდა თუ არა ბრენდისთვის ახალი ენერგიის დაბრუნებას?
ამ კითხვას თავისი მიზეზი ჰქონდა. დედმნას წინამორბედის ალესანდრო მიკელეს წასვლის შემდეგ ბრენდი ქარტეხილების წინაშე აღმოჩნდა. გაყიდვები შემცირდა, კომპანია „კერინგისთვის“ კი, რომლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სწორედ „გუჩია“, ეს სერიოზულ პრობლემად იქცა. ბრენდის მომავალი დემნა გვასალიას ჩააბარეს. დიზაინერს, რომელმაც „ვეტმანსსა“ და „ბალენსიაგაში“ მუშაობისას თანამედროვე მოდაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.
სანამ პოდიუმზე მოდის მოყვარულები პირველ კოლექციას იხილავდნენ, დემნამ „გუჩისთვის“ უკვე რამდენიმე პროექტი შექმნა. 2025 წელს წარმოდგენილი La Famiglia და Generation Gucci ტრადიციული ჩვენე ბების ნაცვლად ლუქბუქების ფორმატში გამოვიდა და დიზაინერის ხედვის პირველი მინიშნებებიც ცნობილი გახდა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიპყრო La Famiglia-მ, რომელსაც სპაიკ ჯონზის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ახლდა დემი მურის მონაწილეობით. ამ პროექტებიდან უკვე ჩანდა, რომ დემნა „გუჩის“ მემკვიდრეობას პატივს სცემდა, თუმცა საკუთარი ხედვითა და ხელწერით აპირებდა მის გადათარგმნას.
სწორედ ამიტომ პირველი სრულმასშტაბიანი ჩვენების მიმართ მოლოდინი განსაკუთრებით მძაფრი იყო.
Palazzo Delle Scintille ამ დღისთვის ფაქტობრივად მუზეუმად გადაიქცა. სივრცეში განთავსებული რომაული ქანდაკებების ასლები ფლორენციის უფიცის გალერეას უკავშირდებოდა და კლასიკური ხელოვნების ფონზე თანამედროვე კოლექცია საინტერესო კონტრასტს ქმნიდა.
პოდიუმზე გამოჩნდნენ ცნობილი მოდელები, როგორებიც არიან ქეით მოსი, ანოკ იაი და ალექს კონსანი. განსაკუთრებული ყურადღება 90-იანი წლების სუპერმოდელმა ქეით მოსმა მიიპყრო. მისმა გრძელმა, თამამი სილუეტის კაბამ ბევრს „გუჩის“ ტომ ფორდის ეპოქა გაახსენა და სწორედ ეს მომენტი გახდა საღამოს ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდიც.
შოუს მოდის ინდუსტრიის გავლენიანი ფიგურებიც ესწრებოდნენ. პირველ რიგებში ისხდნენ ანა ვინტური, დონატელა ვერსაჩე პარიზ და ნიკი ჰილტონები, შონ მენდესი, საერთაშორისო გამოცემების რედაქტორები, სტილისტები და „კერინგის“ ხელმძღვანელები.
რაც შეეხება თავად კოლექციას, ის მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ მასშტაბური და ოვერსაიზ სილუეტებისგან, რომლითაც დემნა წლების განმავლობაში იყო ცნობილი. ამჯერად მთავარი აქცენტი ქალის ფიგურაზე გაკეთდა. პოდიუმზე მოდის მოყვარულებმა იხილეს მოკლე კაბები, სხეულზე მორგებული სილუეტები, ვიწრო ჯინსები, ბზინვარე კოსტიუმები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ასიმეტრიული მაისურები.
კოლექცია სექსუალური, თავდაჯერებული და პროვოკაციულიც იყო. ბევრმა კრიტიკოსმა აღნიშნა, რომ დემნამ ტომ ფორდის პერიოდის ენერგია თანამედროვე კონტექსტში გადაიტანა, თუმცა ისე, რომ საკუთარი ხელწერა არ დაუკარგავს.
გამოცემა „ვოგმა“ კოლექცია 2000-იანი წლების გლამურისა და თანამედროვე კულტურის საინტერესო ნაზავად შეაფასა. კრიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ დემნამ „გუჩის“ დაკარგული თავდაჯერებულობა დაუბრუნა და ბრენდი კვლავ აქტუალური დისკუსიების ცენტრში მოაქცია. იყვნენ ისეთებიც, ვინც კოლექციაში უფრო მეტად დემნას ხედვას ხედავდა, ვიდრე „გუჩის“ ტრადიციულ იდენტობას.
2026 წლის 27 თებერვალს გამართული ჩვენება ბევრისთვის მხოლოდ ახალი კოლექციის პრეზენტაცია არ ყოფილა. ეს იყო მომენტი, როდესაც „გუჩიმ“ ოფიციალურად გახსნა ახალი თავი საკუთარ ისტორიაში, ხოლო დემნა გვასალიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვე მოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად რჩება. ახლა მსოფლიოს მოდის ინდუსტრია ინტერესით აკვირდება, როგორ განვითარდება „გუჩისა“ და ქართველი დიზაინერის ეს ახალი, ამბიციური დასაწყისი.




