Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

ერთი იდეალური დღე რომში

ერთი იდეალური დღე რომში

ჰაერში ახლად დაფქული ყავისა და თბილი კრუასანების სურნელი ტრიალებს, მზე ნელ-ნელა აფერადებს ძველ, ოქროსფერ ფასადებს და ქალაქი თითქოს თქვენს თვალწინ იღვიძებს. იდეალური დღე რომში იწყება არა მუზეუმის ხმაურიან რიგში, არამედ პანთეონთან ახლოს, ლეგენდარულ Sant’Eustachio Il Caffe-ში, სადაც საუკუნოვან კედლებს მოხალული მარცვლების სურნელი აქვს გაჟღენთილი.

დააკვირდით ლოკალურ წესს: ნამდვილი რომაელი ყავას მაგიდასთან არ სვამს – ის მიდის ბართან, ფეხზე დამდგარი, ორი ყლუპით ცლის ესპრესოს, ბარისტასთან ერთად ხელების ქნევით განიხილავს ფეხბურთს ან ამინდს და ცხელ, ახლად გამომცხვარ კორნეტოს (იტალიურ კრუასანს) აყოლებს.

და აი, მთავარი საიდუმლო, რომლითაც ადგილობრივს უცხოელისგან გამოარჩევთ: კაპუჩინო მხოლოდ დილის 11:00 საათამდე არსებობს! იტალიელისთვის რძიანი ყავა დამოუკიდებელი საუზმეა. თუ შუადღისას ან, ღმერთმა ნუ ქნას, სადილის შემდეგ კაპუჩინოს შეუკვეთავთ, ნებისმიერი იტალიელი ბარისტას სახეზე ჯერ ღრმა ტკივილს, შემდეგ კი ირონიულ ღიმილს დაინახავთ – მათთვის ეს კუჭის შეურაცხყოფაა. სადილის მერე მხოლოდ მწარე, ძლიერი ესპრესოა კანონი.მას შემდეგ, რაც კოლიზეუმისა და რომის ფორუმის (Foro Romano) მზისგან გადამწვარ, გიგანტურ ქვებს შორის ისტორიის სუნთქვას იგრძნობთ, სასწრაფოდ მოერიდეთ ცენტრის გადატვირთულ რესტორნებს. გადაკვეთეთ მდინარე ტიბრი და შეაფარეთ თავი ტრასტევერეს (Trastevere) – რომის ყველაზე ცოცხალ, ფერად და ხმაურიან უბანს.

აქ ქუჩები იმდენად ვიწროა, რომ ფანჯრებიდან გაბმული სარეცხის თოკები თითქოს საუკუნოვან კედლებზე აყოლებულ სუროს ეხება. იპოვეთ პატარა, ხისმაგიდებიანი ტრატორია – ეს არის იტალიური საოჯახო რესტორანი, რომელიც თავისი შინაურული, მყუდრო გარემოთი და უბრალოებით ჩვენს ძველ თბილისურ დუქნებს მოგაგონებთ. აქ, ძველ კედლებს შორის, ყველაზე უკეთ იგრძნობა ის ნამდვილი, ნეორეალისტური რომი, რომელსაც ეკრანებიდან ლეგენდარული ანა მანიანი (Anna Magnani) გვახსენებდა. მანიანი ხომ უბრალოდ მსახიობი კი არა, თავად რომის ხასიათი იყო – ამაყი, ხმამაღალი, ტრაგიკული და საოცრად თბილი. სწორედ მისმა პერსონაჟებმა ფილმში „რომი – ღია ქალაქი“ უჩვენეს მსოფლიოს, რომ ამ ქალაქის მთავარი ძალა მის უბრალო, მებრძოლ და გულწრფელ ადამიანებშია.

და სანამ ანა მანიანისებური ემოციითა და ხასიათით ტკბებით, დროა შეუკვეთოთ ნამდვილი Carbonara. რომს აქვს პასტის ოთხი ავთენტური საყრდენი სვეტი: კარბონარა, ამატრიჩანა, გრიჩა და კაჩო ე პეპე. შეუკვეთეთ ნამდვილი კარბონარა და დაივიწყეთ ყველაფერი, რაც აქამდე იცოდით: ნამდვილ რომაულ კარბონარაში ნაღები არ არსებობს! ის მზადდება მხოლოდ კვერცხის გულით, გუანჩალეთი (ღორის ლოყის ხორცით) და ცხვრის ყველი პეკორინოთი.

სადილის შემდეგ, როდესაც ქალაქს შუადღის ზანტი სიესტა მოიცავს, კაფეებიდან ჩელენტანოს თუ ბოჩელის ნოსტალგიური ჰანგები გამოდის და რომაელები მომდევნო ესპრესოს საყიდლად მიეშურებიან, ხვდები, რომ ამ ქალაქში გემოსა და სილამაზის აღქმა ერთი მთლიანობაა. კულინარიული ესთეტიკიდან ხომ რომში მხოლოდ ერთი ნაბიჯია მსოფლიო კულტურის უმთავრეს საგანძურამდე. სწორედ ამიტომ, სანამ ქალაქს საღამოს გრილი სიო მოერევა, დროა, სულიერი საზრდოსთვის დიდ ოსტატებს მივაშუროთ.

ტურისტები საათებს კარგავენ ვატიკანის კილომეტრიან რიგებში, რათა მიქელანჯელოს ფრესკებს შეავლონ თვალი. რა თქმა უნდა, სიქსტეს კაპელა შედევრია, მაგრამ რომის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ ის მსოფლიო დონის ხელოვნებას სრულიად უფასოდ, ჩუმად გთავაზობთ.

კარავაჯო უფასოდ: შედით პიაცა დელ პოპოლოზე მდებარე Santa Maria del Popolo-ს ეკლესიაში. იქ, კუთხის მყუდრო სამლოცველოში, ყოველგვარი ბილეთისა და ხალხმრავლობის გარეშე, კედელზე კიდია დიდი და სკანდალური ბოჰემური გენიოსის, კარავაჯოს ორი ორიგინალი ტილო.

მარმარილო, რომელიც სუნთქავს: თუ დახვეწილი ფუფუნება გსურთ, ბორგეზეს გალერეას (Galleria Borghese) უნდა ეწვიოთ. ბერნინის ქანდაკებების ყურებისას გეჩვენებათ, რომ მარმარილო ქვა კი არ არის, არამედ ცოცხალი, რბილი ადამიანის კანი, რომელზეც თითების კვალი რჩება.

აქედან კი გადავინაცვლოთ სრულიად სხვა რეალობაში – ოსტიენსეს (Ostiense) უბანში, რომელიც თანამედროვე ქუჩის ხელოვნების (Street Art) გალერეად იქცა. ძველი ქარხნებისა და ინდუსტრიული შენობების კედლებზე მსოფლიო დონის მხატვრების გიგანტური მურალებია დახატული, რაც საოცარ, თამამ კონტრასტს ქმნის კოლიზეუმის ძველ რომთან.

როდესაც ამ ინდუსტრიულ გალერეაში სეირნობითა და თანამედროვე ხელოვნებით დატკბებით აღმოაჩენთ, რომ ოსტიენსეს ქუჩებს კიდევ ერთი, სრულიად განსაკუთრებული სურნელი აქვთ – ახლად გამომცხვარი რომაული პიცის. მოკალათდით რომელიმე ალტერნატიულ, გემოვნებიან პიცერიაში.

თუ ფიქრობთ, რომ პიცა ყველგან ერთნაირია, რომაელი იტალიელი ამისთვის სიცოცხლის ბოლომდე განაწყენდება. ნეაპოლური პიცა არის სქელკიდეებიანი, რბილი და ფუმფულა, რომაული პიცა (Scrocchiarella) კი – აბსოლუტურად თხელი, ოქროსფერი და ისეთი ხრაშუნა, რომ თუმცა, ნამდვილი რომაული ვახშამი წარმოუდგენელია მთავარი აკორდის – ტკბილი დესერტის გარეშე. იტალიაში ხომ არსებობს ერთი ოქროს წესი: რაც არ უნდა დანაყრებული იყოს, ნამდვილი, გრილი ხელნაკეთი ნაყინისთვის კუჭში ცალკე, საიდუმლო განყოფილება ყოველთვის მოიძებნება.

რომში ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ ნაყინის (Gelato) მაღაზიები, თუმცა მათი 90% ტურისტებისთვისაა შექმნილი. ნამდვილი რომაული ჯელატო არასდროს არის გადმოკიდებული დიდი, მთასავით დაგროვებული, მკვეთრი ნეონის ფერებით. თუ ხედავთ, რომ პისტაციოს ნაყინი კაშკაშა მწვანეა, ხოლო მარწყვისა – მყვირალა ვარდისფერი, სასწრაფოდ გაბრუნდით. ნამდვილი, ნატურალური ჯელატო ინახება დახურულ, მეტალის კონტეინერებში, მისი ფერები კი ბუნებრივი და მკრთალია (მაგალითად, ნამდვილი პისტაციო მიწისფერი-მწვანეა). თუ ამ მარტივ წესებს დაიცავთ, თქვენს ხელში აღმოჩნდებით ნამდვილი, ნაღების იტალიური ხელოვნება.

სანამ ნაყინის ბოლო კოვზით ტკბებით, შეამჩნევთ, როგორ იცვლება ქალაქის ფერები. რომში მოსაღამოვდა. მზე ნელ-ნელა ეფარება ავენტინის ბორცვსა და ფორთოხლის ბაღებს, საუკუნოვანი ტაძრების გუმბათები ოქროსფერ თბილ შუქში იძირება და ქუჩის ყვითელი ფარნებიც სათითაოდ ინთება. ეს ის ჯადოსნური დროა, როდესაც რომაული დღის აჩქარებული რიტმი მშვიდ, მელოდიურ საღამოში გადადის. დროა, სადმე პატარა მოედანზე, აივნიან კაფეში ჩამოჯდეთ, შეუკვეთოთ გრილი Aperol Spritz ან იტალიური ღვინო და უბრალოდ უყუროთ, როგორ ცოცხლდება ღამის რომი.

სწორედ ასეთ მომენტებში ხვდები, რატომ არის ეს ქალაქი მუდმივი შთაგონება კინემატოგრაფისთვის. თითქოს კუთხიდან ნებისმიერ წამს გამოქროლდება ლეგენდარული მოპედი „ვესპა“, რომელზეც ოდრი ჰეპბერნი და გრეგორი პეკი სხედან. ფილმმა „რომაული არდადეგები“ ხომ მსოფლიოს დაანახა, რომ რომი არა მხოლოდ ისტორია, არამედ უპირველესად თავბრუდამხვევი რომანტიკაა.

როცა ქალაქს ბინდი საბოლოოდ გადაეკვრება, საღამოს საუკეთესო დასასრული მაინც ავენტინის ბორცვისკენ (Parco Savello) მიმავალი გზაა. აქ ღამე სულ სხვა სურნელს იძენს – ჰაერში ციტრუსისა და გამომშრალი ფიჭვის თბილი არომატი ტრიალებს. ბაღის ბოლოში მდებარე ტერასიდან კი ხელისგულზე გადაშლილი ტიბრი და წმინდა პეტრეს ტაძრის განათებული გუმბათი მოჩანს.

თუ ბაღიდან გამოსვლისას რამდენიმე ნაბიჯს გადადგამთ, მალტის ორდენის ვილის ცნობილ კარის საკეტთან (Il Buco della Serratura) აღმოჩნდებით. მასში გაჭვრეტა ნამდვილ საიდუმლო რიტუალს ჰგავს – პატარა ჭუჭრუტანიდან წმინდა პეტრეს ტაძარი ზუსტად მწვანე თაღების ცენტრში, თითქოს ზღაპრულ მინიატურაში მოჩანს.

ავენტინის ძირში მდებარე მყუდრო, განათებული „ფორთოხლის ბარები“ და ქუჩის მცირე ტერასები ზუსტად იმისთვისაა შექმნილი, რომ შეკვეთილი კოქტეილით ხელში – იქნება ეს კლასიკური Aperol Spritz თუ Negroni – დღის შთაბეჭდილებები შეაჯამოთ. ეს არ არის უბრალოდ დასვენება, ეს არის Dolce far niente – ტკბილი არაფრის კეთების ხელოვნება, რომელიც მარადიულ ქალაქში ყოველგვარი დანაშაულის გრძნობის გარეშე უნდა გამოსცადოთ. გააცილეთ მზე, მოუსმინეთ ქალაქის შორეულ გუგუნს და მიეცით თავს უფლება, უბრალოდ იყოთ აქ და ახლა. რადგან რომი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული წერტილი, ეს არის განწყობა, რომელიც სამუდამოდ მიგყვებათ. უბრალოდ ენდეთ ამ ქალაქს და მიეცით უფლება მის ქუჩებს, თავად წაგიყვანონ იქ, სადაც თქვენი იდეალური დღე გელოდებათ.

კიდევ წაიკითხეთ

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?
ავიაცია

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?

ასაფრენი გარბენი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის მაქსიმალურ ასაფრენ წონაზე (MTOW – Maximum Takeoff Weight), გარე ტემპერატურაზე და სხვა ოპერაციულ პირობებზე.

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?
ავიაცია

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარის საწინააღმდეგოდ აფრენა თვითმფრინავისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.