Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

გოდერძი

გოდერძი

როდესაც საქართველოზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი — ეს არის ქვეყანა, რომელიც გთავაზობს ყველაფერს ერთ ძალიან პატარა ტერიტორიაზე.

საქართველოს ბუნება უკიდურესად მრავალფეროვანია: მთა, ზღვა, ტყე, ნახევრად უდაბნო – და ეს ყველაფერი მაქსიმუმ 8 საათის გზაზე. ასეთ კონცენტრირებულ კონტრასტს იშვიათად შეხვდები და სწორედ ეს ხდის საქართველოს უნიკალურ მიმართულებად.

შეგიძლია დილით გაიღვიძო საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. მარტის თვეა, ქალაქში უკვე გაზაფხულის სუნი დგას ქუჩებში და ამ დროს შენ მოგინდეს გაუკვალავ თოვლში სრიალი – რა პრობლემაა?

ტექსტის ავტორი: ნინუცა ორჯონიკიძე

Gorilla’s production: ნიკა ლებანიძე, გიორგი გომიაშვილი

რამდენიმე საათში ჩახვალ ბათუმი-ში, გაისეირნებ ბათუმის პორტში, მიირთმევ უგემრიელეს აჭარულ კერძებს, კარგად გამოიძინებ და მეორე დილით უკვე გოდერძისკენ აიღებ გეზს — სამყაროსგან მოწყვეტილ პატარა სამოთხეში, სადაც ზღვის სიახლოვეს მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამთო კურორტი საქართველოში, მთიან აჭარაში.

როგორ მოვხვდეთ გოდერძიზე

თუ გადაწყვეტ ამ ზამთარს გოდერძიზე სრიალს, უნდა იცოდე, რომ იქ მოხვედრა არც ისე მარტივი ამბავია. მაგრამ სწორედ ეს არის მისი დიდი უპირატესობა — ტრასები არ არის გადატვირთული და საბაგიროებთან საათობით ლოდინი არ მოგიწევს, როგორც სხვა პოპულარულ კურორტებზე.

გოდერძიზე მოსახვედრად არსებობს ორი ძირითადი გზა: პირველი გზა — ჩადიხარ ბათუმში და ბათუმიდან ადიხარ გოდერძის მიმართულებით. გზად გაივლი ულამაზეს აჭარულ სოფლებს, ნახავ ტრადიციულ ხის სახლებს და თოვლში ჩაფლულ დრამატულ ლანდშაფტებს, რომლებიც თავად მოგზაურობას აქცევს გამოცდილებად.

მეორე გზა — მანქანით მიდიხარ სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით. გზა დაახლოებით სამი საათია. ერთერთ სოფელში მანქანას ტოვებ და გოდერძიზე ადიხარ კეისბორელის მეშვეობით. ზამთარში, დიდი თოვლის გამო, კეისბორელი ხშირად ერთადერთი გადაადგილების საშუალებაა.

მიკროკლიმატი, თოვლი და ტრასები

გოდერძი მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 2027 მეტრზე. იმის გამო, რომ ზღვის სიახლოვესაა და ამავდროულად საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე, აქ ჩამოყალიბებულია უნიკალური მიკროკლიმატი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — თოვლის ხარისხი აქ გამორჩეულად კარგია.

ზამთრის განმავლობაში თოვლის საფარი ხშირად 3–4 მეტრს აღწევს. ნალექი თითქმის მთელი სეზონი გრძელდება, ხოლო თოვლის ფიფქები უფრო სქელი და მკვრივია, რაც იდეალურ პირობებს ქმნის გაუკვალავ თოვლში სრიალისთვის.

ტრასები გათვლილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე გამოცდილი მოთხილამურეებისთვის. ტრასების საერთო სიგრძე დაახლოებით 8 კილომეტრს შეადგენს, თუმცა გოდერძის მთავარი ხიბლი მხოლოდ ციფრებში არ არის — ეს არის სივრცე თავისუფლებისთვის, სიჩუმისთვის და ბუნებასთან ნამდვილი კონტაქტისთვის.

მთიან აჭარაში კულინარია — მოგზაურობის აუცილებელი ნაწილი.

კულინარია მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია და საქართველოში სწორედ ეს მიყვარს ყველაზე მეტად — ნებისმიერ რეგიონში, სადაც არ უნდა ჩახვიდე, სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაცია დაგხვდება ტრადიციული კერძების.

განსაკუთრებით გამოირჩევა მთიანი აჭარა, სადაც კერძები შექმნილია კლიმატისა და ადგილობრივი ცხოვრების წესის მიხედვით. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ბორანო — მძიმე, ცხიმიანი და ენერგიული კერძი, რომელიც მთაში აუცილებელია, რათა ორგანიზმმა ცივი ზამთარი გადაიტანოს.

მთიან აჭარაში ყავასაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. აქ ფინჯანი ყავა უბრალოდ სასმელი არ არის — ეს არის რიტუალი. ბევრს უთქვამს და მეც დავადასტურებ: ასე გემრიელად მომზადებული ფინჯანი ყავა, როგორც მთიან აჭარაში, სხვაგან იშვიათად შეგხვდება.

გოდერძი არ არის მხოლოდ სამთო კურორტი. ეს არის გამოცდილება, სადაც ერთ მოგზაურობაში ერთდროულად გრძნობ ზღვისა და მთის ენერგიას, ქალაქისა და ველური ბუნების კონტრასტს.

და სწორედ ამიტომ, გოდერძი რჩება ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურ და დაუფასებელ ზამთრის მიმართულებად საქართველოში.

კიდევ წაიკითხეთ

ფრენა სხვადასხვა ამინდში
ავიაცია

ფრენა სხვადასხვა ამინდში

წვიმიანი ამინდი ფრენას არ აფერხებს. იმ შემთხვევაში, თუ ხილვადობა ნაკლებია, პილოტები სპეციალურ სანავიგაციო მოწყობილობებს იყენებენ, ხოლო სველი ბილიკი დასამუხრუჭებლად უფრო გრძელ დისტანციას მოითხოვს.

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად
მოგზაურობა

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად

ბავშვებთან მოგზაურობა ხშირად მშობლებისთვის სერიოზულ გამოცდას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ფრენა შეიძლება იქცეს დაუვიწყარ თავგადასავლად, ისეთ ამბად, რომელსაც ბავშვები წლების შემდეგ ღი მილით გაიხსენებენ. ყველაფერი იწყება იმ მომენ ტიდან, როცა გადაწყვეტთ, რომ ფრენა…

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი
მოგზაურობა

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი

ბერლინი თავისუფალი, ხმაურიანი და შემოქმედებითად დატვირთული ქალაქია. აქ პირველივე წუთიდან ხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულ სივრცეში მოხვდი. აქაური ღამის ცხოვრება ხომ მთელი მსოფლიოსთვის კულტურულ ფენომენად იქცა.