Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები

საქართველოში ზამთრის ტურიზმი ყოველ წელს უფრო პოპულარული ხდება. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტები არა მხოლოდ სრიალისთვის, არამედ მრავალფეროვანი ზამთრის თავგადასავლებითაც არის ცნობილი. თოვლიანი მთები, კეთილმოყწყობილი კურორტები, სუფთა ჰაერი და თბილი – ოჯახური მასპინძლობა ვიზიტორებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას უქმნის. აქ ჩამოსული სტუმარი ხშირად აღმოაჩენს, რომ თხილამურებზე სრიალი მხოლოდ დასაწყისია. დასვენება გაცილებით მდიდარი და მრავალფეროვანი ხდება, თუ კურორტების სხვა სახალისო აქტივობებსაც გამოცდით.

გუდაურში სტუმარი პირველივე წუთიდან გრძნობს თანამედროვე კურორტის დინამიკასა და ენერგიას.

ფერდობები სხვადასხვა დონის მოთხილამურეს აძლევს საშუალებას თავისთვის სასურველი შეარჩიოს, მაგრამ მის მიღმა უამრავი საინტერესო აქტივობა დასვენებას კიდევ უფრო ამდიდრებს. პარაგლაიდინგი გუდაურის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. რთულია სხვა ადგილი იპოვო, სადაც თეთრი მთებით გარშემორტყმულ გარემოში ასეთ სიმაღლეზე ფრენას შეძლებთ, რაც აუცილებლად დაგიტოვებთ დაუვიწყარ ემოციებს. უფრო მშვიდი დასვენების მსურველებისთვის კი მრავალ სასტუმროშია განთავსებული თერმული აუზები და სპა ცენტრები, რაც საშუალებას გაძლევთ დღის ბოლოს სასიამოვნოდ განიმუხტოთ. გარდა ამისა, გუდაური ცნობილია ღამის ცხოვრებითაც: ბარები, კლუბები, ცოცხალი მუსიკა კარგ განწყობას ერთი ორად ამაღლებს.

ბაკურიანი განსაკუთრებით მოსწონთ ოჯახებს, რადგან ის ყველა ასაკისთვის კომფორტულად არის მოწყობილი. აქ ბავშვებს შეუძლიათ უსაფრთხოდ ისრიალონ მცირე ფერდობებზე, ხოლო „სნოუთიუბინგი“ როგორც პატარებს ისე უფროსებსაც ერთნაირად ახალისებს. პოპულარულია ცხენებით გასეირნება თოვლიან ტყეებში, რაც საოცრად მშვიდ განწყობას ქმნის. უფრო ექსტრემალური გამოცდილების მოყვარულებს კი ბაკურიანში შესაძლებლობა აქვთ თოვლმავლებით ბაკურიანის შემოგარენში ტური დაგეგმონ. აქვე, ზამთრის ცივ დღეებში განსაკუთრებულ გარემოს ქმნის ღია სივრცეში მოწყობილი ყინულის მოედანი.

სვანეთი თავისი უნიკალური ბუნებით და უძველესი კულტურით უკვე თავისთავად განსაკუთრებული თავგადასავალია. თეთნულდი და ჰაწვალი იდეალურია მათთვის, ვინც გარემოსგან უფრო ავთენტურ და ნაკლებად გადატვირთულ დასვენებას ეძებს. მესტიაში სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ სვანურ ტრადიციებს, ეწვიონ კოშკებსა და ისტორიულ მუზეუმებს, გასინჯონ ადგილობრივი კერძები, რომლებიც ზამთარში განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა. ფერები, სიჩუმე და თოვლიანი მთები აქ სრულიად სხვა, ზღაპრულ განწყობას ქმნის. პოპულარულია ე.წ სნოუშოინგი - თოვლში სპეციალური ფეხსაცმელზე წამოსაცმელებით გადაადგილება, რაც საშუალებას გაძლევთ უფრო მიუდგომელ ადგილებშიც კი მარტივად მოხვდეთ. სვანეთში თოვლმავლებით ტურში წასვლა კი სტუმრებს მაღალი მთებიდან გადაჭიმულ პანორამულ ხედებს ჰპირდება.

გოდერძი, რომელიც აჭარის მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს, ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული ხდება თავისი ბუნებრივი, ნაკლებად ურბანიზებული გარემოთი. დამსვენებლები აქ მშვიდ და ეკო-მეგობრულ ატმოსფეროს პოულობენ. შავ ზღვასთან სიახლოვის გამო ეს ადგილი უხვი ნალექით გამოირჩევა, რაც კურორტს მეტად მიმზიდველს ხდის. ერთ-ერთი საუკეთესოა გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის. სრიალი შესაძლებელია ალპურ ზონაში, ხშირ წიწვოვან ტყეში და სოფლებშიც კი. გოდერძის უძველესი სოფლები და ადგილობრივი ტრადიციები საშუალებას გაძლევთ ნამდვილ მთიან აჭარას გაეცნოთ. აქ ნაკლებად შეხვდებით ხმაურიან ბარებსა და გადატვირთულ ტრასებს. უფრო ხშირად ნახავთ მყუდრო კოტეჯებს, თბილ შეშის ღუმელებსა და თოვლიან სოფლის სახლებს. კურორტზე პოპულარულია ბუნებაში გასეირნება. ეს არის ადგილი მათთვის, ვისაც ქალაქისგან მოწყვეტა და ბუნების სიჩუმე ყველაზე მეტად სჭირდება.

საბოლოოდ, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები ზამთარში იდეალური ადგილია ყველა ტიპის დასვენების მსურველისთვის. მრავალფეროვანი აქტივობები, თბილი მასპინძლობა და უნიკალური მთის ატმოსფერო ქმნის განწყობას, რომელსაც სტუმრები წლები არ ივიწყებენ.

კიდევ წაიკითხეთ

ფრენა სხვადასხვა ამინდში
ავიაცია

ფრენა სხვადასხვა ამინდში

წვიმიანი ამინდი ფრენას არ აფერხებს. იმ შემთხვევაში, თუ ხილვადობა ნაკლებია, პილოტები სპეციალურ სანავიგაციო მოწყობილობებს იყენებენ, ხოლო სველი ბილიკი დასამუხრუჭებლად უფრო გრძელ დისტანციას მოითხოვს.

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად
მოგზაურობა

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად

ბავშვებთან მოგზაურობა ხშირად მშობლებისთვის სერიოზულ გამოცდას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ფრენა შეიძლება იქცეს დაუვიწყარ თავგადასავლად, ისეთ ამბად, რომელსაც ბავშვები წლების შემდეგ ღი მილით გაიხსენებენ. ყველაფერი იწყება იმ მომენ ტიდან, როცა გადაწყვეტთ, რომ ფრენა…

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი
მოგზაურობა

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი

ბერლინი თავისუფალი, ხმაურიანი და შემოქმედებითად დატვირთული ქალაქია. აქ პირველივე წუთიდან ხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულ სივრცეში მოხვდი. აქაური ღამის ცხოვრება ხომ მთელი მსოფლიოსთვის კულტურულ ფენომენად იქცა.