Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

თბილისის ფუნიკულიორი

თბილისის ფუნიკულიორი

თბილისში არის ერთი განსაკუთრებული გზა, რომელიც ქალაქის ხმაურს გარიდებს და გამორჩეულ ადგილზე გეპატიჟება – ეს არის თბილისის ფუნიკულიორი, პატარა რკინიგზა, რომელიც მთაწმინდის მწვანე კალთებზე ადის. ეს არ არის უბრალოდ სატრანსპორტო ხაზი, არამედ ეს არის ქალაქის მემკვიდრეობა, მოგზაურობა წარსულში და მომავლის ხედებით სავსე ფანჯარა.

ისტორია 1900-იან წლებში იწყება, როდესაც გაჩნდა ამბიციური იდეა – თბილისის ზემოთ, მთაწმინდის პლატოზე, გაშენებულიყო სრულიად ახალი უბანი „ზედა თბილისი“. შეიქმნა ქუჩების ქსელი და განაშენიანების გეგმაც, თუმცა, მთავარი გამოწვევა მის „ქვედა თბილისთან“ დაკავშირებაში იყო. ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელმა ბელგიურმა კომპანიამ წარმოადგინა. ბელგიელი ინჟინრის ალფონს რობის ინიციატივით, ახალი უბანი ძველ ქალაქს სამთო ტრამვაით – ფუნიკულიორით უნდა დაკავშირებოდა.

მშენებლობა 1903 წელს დაიწყო, 2 წლის თავზე კი ფუნიკულიორი საზეიმოდ გაიხსნა. მის საექსპლუატაციოდ გადაცემას ნიკო ფიროსმანმა დიდი ფერწერული ტილო მიუძღვნა.

ფუნიკულიორი თბილისელებისთვის მოგონებების გზაა. ბავშვობაში ის მთაწმინდაზე დაუვიწყარ გასეირნებას ნიშნავდა, ახალგაზრდობაში – პირველ პაემანზე წასვლას და ქალაქის ხედებით ტკბობას. ოჯახებისთვის კი ფუნიკულიორის რესტორანში ვახშამი უკვე ტრადიციადაა ქცეული – ადგილი, სადაც თაობები ერთმანეთს ხვდებიან, საუბრობენ და ზემოდან გადმოჰყურებენ ქალაქს.

ეს ადგილი უცხოელ მოგზაურებსაც უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს: ქალაქის გულიდან სულში ასვლას. ეს არის ადგილი, სადაც ისტორია და სილამაზე ერთდროულად გეხება.

დღეს თბილისის ფუნიკულიორი თანამედროვე და სრულად განახლებული ტრანსპორტია, მაგრამ, ისევ ძველი თბილისის ისტორიითა და მეხსიერებით სუნთქავს. ფუნიკულიორით მოგზაურობა სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, თუმცა, ამ ხანმოკლე გზაზე, ციცაბო ფერდობიდან მთელი თავისი სილამაზით იშლება თბილისი – ძველი უბნები, მტკვარი, ეკლესიები და წითელსახურავიანი სახლები, ისეთი შეგრძნებაა თითქოს ნახატს უყურებ. ვაგონები კომფორტულია, სუფთა და მყუდრო. ფანჯრებიდან კი ქალაქი თითქოს თავის ენაზე გესაუბრება.

მგზავრობის ბოლოს, მთაწმინდაზე დაგხვდებათ პარკი – ფერადი ატრაქციონებით, ტყის ჩრდილებით, კაფეებით და ქალაქიდან მოწყვეტილი სიმშვიდით.

და ბოლოს, ფუნიკულიორის ცნობილი რესტორანი – კლასიკური არქიტექტურა, უგემრიელესი ქართული კერძები და ხედები, რომლებიც ვახშამს დაუვიწყარ მოგონებად აქცევს.

კიდევ წაიკითხეთ

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ავიაცია

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომისა და ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი 24 აპრილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.