თბილისის არქიტექტურა ისტორიისა და თანამედროვეობის სინთეზი

თბილისის არქიტექტურა გამორჩეული ისტორიული და კულტურული შრეების ერთობლიობაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა კავკასიის გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე. ეს ქალაქი მუდამ იყო აღმოსავლურსა და დასავლურს შორის ხიდი — და ეს ნათლად იკითხება მის არქიტექტურაშიც. ძველი თბილისი თავისი ხის აივნიანი სახლებით, ვიწრო მიხვეულ-მოხვეული ქუჩებითა და ფერადი შუშაბანდებით, არა მხოლოდ ვიზუალური შთაბეჭდილებით, არამედ ემოციური მუხტითაც გამორჩეულია. აქვე შეხვდებით შუა საუკუნეების ეკლესიებსა და ტრადიციულ ქვაბულ ნაგებობებს, რომელთაც თბილისის ხანგრძლივი წარსულის კვალი მოუტანიათ.
მტკვრის ორივე ნაპირზე ქალაქი სავსეა კულტურულად ნიშანდობლივი უბნებით. სოლოლაკი, ავლაბარი, აბანოთუბანი, სადაც ჯერ კიდევ იგრძნობა ტრადიციული ქალაქური სულისკვეთება. სიონის საკათედრო ტაძარი, მეტეხის ეკლესია და ნარიყალა ამ სიმბოლოთა ნუსხაში მთავარ ადგილს იკავებენ და ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეულ ნიმუშებს წარმოადგენენ.
XIX საუკუნეში თბილისი ევროპულ არქიტექტურასთან დაახლოვდა. გაჩნდა ნეოკლასიკური, ბაროკოსა და მოდერნის სტილში გადაწყვეტილი შენობები. ხელოვნების მუზეუმის შენობა, მწერალთა სახლი, ოპერის თეატრი და საკრებულოს შენობა და სხვ. ამ პერიოდის თვალსაჩინო მაგალითებია. თაღები, ორნამენტული ფასადები და მაღალჭერიანი დარბაზები ქალაქს მდიდრულ ელფერს ანიჭებდა.
საბჭოთა ეპოქაში თბილისში სრულიად ახალი არქიტექტურული განაშენიანება დაიწყო — მონუმენტური მასშტაბები, მკაცრი სიმეტრია და ფუნქციონალიზმი. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის, ფოსტის, „იმელის“ და ყოფილი „ზარია ვოსტოკას“ შენობები ამ პერიოდის არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუშებია. განსაკუთრებით 1960-იანი წლებიდან დაიწყო მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რაც დაკავშირებული იყო ურბანიზაციისა და მოსახლეობის ზრდასთან. გაჩნდა ვრცელი მიკრორაიონები: საბურთალო, გლდანი, ვაჟა-ფშაველას გამზირი და სხვა, სადაც ბევრი ერთნაირი, პრაგმატულად დაგეგმილი 5 და 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლები დგას. მათი არქიტექტურა ეფუძნებოდა ფუნქციონალურობას და ეკონომიურობას. თუმცა, ის დროის, სოციალური პოლიტიკისა და ურბანული განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტური გამოძახილია.
1990-იანი წლებიდან თბილისმა თანამედროვე ურბანული ტრანსფორმაცია დაიწყო. ძველი უბნები: სოლოლაკი, აბანოთუბანი, ავლაბარი ეტაპობრივად რეაბილიტირდა და ამ პროცესმა ქალაქს არა მხოლოდ განახლებული იერი, არამედ საერთაშორისო ტურისტული მიმზიდველობა მიანიჭა. ამასთან ერთად გაჩნდა თანამედროვე არქიტექტურული ექსპერიმენტები: შუშის, ლითონისა და ბეტონის გაბედული კომბინაციები — იუსტიციის სახლი, მშვიდობის ხიდი — ცდილობს ახალი იდენტობა მიანიჭოს ქალაქს.
თანამედროვე თბილისში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა კვლავ აქტიურ პროცესშია. ბოლო წლებში ხშირად გვხვდება მინისა და ლითონისგან აშენებული მაღალსართულიანი შენობები, რომლებიც ძირითადად კომერციულ და საცხოვრებელ სივრცეებს მოიცავენ. ამ შენობებს ზოგჯერ აკრიტიკებენ გარემოსთან და ისტორიულ ქსოვილთან შეუსაბამობის გამო, თუმცა, მათშიც ჩანს სწრაფად მზარდ ურბანულ მოთხოვნებთან რეაგირება და თანამედროვე არქიტექტორთა ახალი ხედვა.
თბილისის არქიტექტურა მხოლოდ აგურითა და ქვით აშენებული სტრუქტურების ერთობლიობა არ არის, ეს არის ისტორიის, მეხსიერების და კულტურული ინტელექტის სიცოცხლის მატარებელი ქალაქი. იგი წარმოადგენს ქალაქის გულწრფელ ავტობიოგრაფიას — ფეოდალური სიმბოლოებით დაწყებული, იმპერიული ელეგანტურობით გაგრძელებული, საბჭოთა იდეოლოგიით გაფორმებული და თანამედროვე იდეებით გამდიდრებული. სწორედ ამ მრავალშრიანი სინთეზით იქმნება თბილისი — ქალაქი, რომელიც წარსულს არ ივიწყებს და მომავლისკენ გაბედულად მიიწევს.












