ზაფხულის კულტურული კალენდარი

ზაფხულის სეზონი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიური ღონისძიებებითაა დატვირთული. თუ ზაფხულის გატარებას საქართველოში გეგმავთ, გაეცანით ჩვენი რჩეული ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც თქვენს საზაფხულო მოგონებებს შთამბეჭდავად გადააქცევს.
Justin Timberlake — საქართველო Starring Georgia-ს ფარგლებში, 23 ივლისს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს არენა მსოფლიო სუპერვარსკვლავს Justin Timberlake-ს უმასნპინძლებს. Justin Timberlake 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოპვარსკვლავია, რომელმაც მთელი თავისი კარიერა შემოქმედებით ქარიშხალში გაატარა. Disney-ის სტუდიაში დაწყებული კარიერა 90-იანი წლების სენსაციად ქცეულ *NSYNC-ში გაგრძელდა, ხოლო, ახალი საუკუნის მიჯნაზე ახალი ვარსკვლავის დაბადება ვიხილეთ, რომელიც დღესაც ისე ანათებს, როგორც ყოველთვის. ათი გრემის ჯილდო, ოსკარის ნომინაცია, ათობით მილიონი გაყიდული ალბომი და მსოფლიოს ყველა კუთხეში გავსებული საკონცერტო დარბაზები Justin Timberlake-ის წარმატების გასაზომად ნამდვილად საკმარისია. მისი მრავალწლიანი კარიერა კვეთს მუსიკის საზღვრებს — მას შეუძლია იყოს ნიჭიერი მოცეკვავე, საინტერესო მსახიობი და ქველმოქმედი, რომელიც მუდმივად რჩება გართობის ინდუსტრიის მთავარ სახედ. Starring Georgia-ს ფარგლებში ქართველი მსმენელი მსოფლიო დონის ვარსკვლავების სტუმრობით დიდი ხანია განებივრებულია, თუმცა, Justin Timberlake პოპ მუსიკის ის წარმომადგენელია, რომელიც ამ პროექტისთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.
ფესტივალი არტ-გენი 2025 — ყოველწლიური ფესტივალი 25-27 ივლისს თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ გაიმართება. ფესტივალზე მისულ სტუმრებს სპეციალურად მოწყობილი გამოფენა-გაყიდვა, ლუდის, ღვინის და კულინარიული სივრცეები დახვდებათ. დასკვნით საღამოს კი სუხიშვილების კონცერტი დაასრულებს.
Komorebi Festival 2025 – შვიდწლიანი მოგზაურობის შემდეგ ფესტივალი ახალი თავის წერას იწყებს და სტუმრებს 2-4 აგვისტოს ფოთის მიმდებარედ, ოქროს ტბაზე იწვევს. ზაფხულის მუსიკალური მარათონი სამ დღეს და ორ ღამეს გააერთიანებს.
KIKETI FEST – მათთვის, ვისაც ზაფხულის ცხელი დღის ბუნებაში, სიგრილეში და სასიამოვნო გარემოში გატარება სურს, 16 აგვისტოს 13:00 საათიდან, კიკეთში, მუხის ტყეში KIKETI FEST უმასპინძლებს. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი სივრცე, გემოვნებიანი მუსიკა, ქართული ღვინის, სხვადასხვა საინტერესო ალკოჰოლური სასმელების და კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.
All Day I Dream at The Social Space — Starring Georgia-ს ფარგლებში, 16 აგვისტოს 18:00 საათიდან „სოციალური სივრცე“ All Day I Dreamის ღონისძიებების სერიას ტრადიციისამებრ ახალ სახეებთან ერთად უმასპინძლებს. ღონისძიების იდეა, რომელიც Lee Burridge-ის მენტორობით 2011 წელს ნიუ იორკში დახურული წვეულებების ფორმატში დაიწყო, მალევე საერთაშორისო ფენომენად იქცა. გამორჩეული ვიზუალური სტილის, საინტერესო სელექტორების და მრავალფეროვანი მუსიკალური პალიტრის დამსახურებით, All Day I Dream საფესტივალო კულტურის ნამდვილ მარგალიტად იქცა. ამიტომაც, Lee Burridge-მა ეს იდეა ერთი კონკრეტული ქალაქის ან ქვეყნის საზღვრებში არ დატოვა და გლობალური მუსიკალური კულტურის გამდიდრება დაიწყო. All Day I Dream ემოციური მუსიკალური მოგზაურობაა, რომლის მიზანია მსმენელი ქალაქური რუტინისგან შორს, ბუნების წიაღში დააბრუნოს.
წინანდლის ფესტივალი — 4-დან 14 სექტემბრამდე წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი 11 დღიანი მუსიკალური პროგრამით და 21 დაუვიწყარი კონცერტით აღინიშნება. ფესტივალი როგორც ქართველ, ისე უცხოელ სოლისტებს, დირიჟორებს, ქართულ ნაციონალურ ბალეტს — სუხიშვილებს, პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს და იერუსალიმის კვარტეტს უმასპინძლებს.
ფესტივალის დეტალური პროგრამის და განრიგის გასაცნობად ეწვიეთ ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდს — Tsinandalifestival.ge.
L’Imperatrice — ფრანგული დისკო-პოპის ლეგენდა, L’Imperatrice 6 სექტემბერს თბილისს ეწვევა და „ლაივ შოუს“ District 4-ში გამართავს. ბენდი საქართველოში მესამე ალბომის რეპერტუარით წარდგება. ალბომი Pulsar საკმაოდ ენერგიული, თამამი და რეალური ნამუშევარია, რომელიც ბენდისთვის დამახასიათებელ ფანკის, ფრანგული დისკოს და დიფ ჰაუსის ელემენტებს შეიცავს. ღონისძიების ორგანიზატორი ახალი ქართული კომუნა Music Cookz-ია, რომელიც შთამბეჭდავი მუსიკალური ღონისძიებების სერიას ქმნის. L’Imperatrice ცოცხალი შესრულება კი ამ სერიის პირველი შოუ იქნება.
Candlenight Concerts Illuminated By Thousands of Candles – ABBA-სადმი მიძღვნილი საღამო, Candlenight Concerts-ის მიერ ორგანიზებული უჩვეულო მუსიკალური გამოცდილებაა, რომელიც ათასობით სანთლით პირველად საქართველოში განათდება. მთელი საღამო ABBA-ს შეუდარებელ ჰიტებს დაეთმობა, რომლებიც დღემდე მილიონობით ადამიანს შთააგონებენ მთელ მსოფლიოში. ღონისძიება 26 სექტემბერს აბრეშუმის გალერეაში ჩატარდება.







